22/05/2024
Latest:
საზოგადოება

“საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია 2019 წელს დასრულდება”

“რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებისთვის, ამიტომ მისი დასრულების ვადად განსაზღვრული გვაქვს 2019 წელი“, – აცხადებს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი, მამუკა ბახტაძე.

სამუშაოები აქტიურ ფაზაშია, პროექტის ფარგლებში მერვე, 1125 მეტრის სიგრძის გვირაბი უკვე გაიხსნა.

მამუკა ბახტაძე აღნიშნავს, რომ გვირაბის გაყვანის შემდეგ გამონთავისუფლებული მონაკვეთი შესაძლოა სამომავლოდ, სატანსპორტო მაგისტრალად იყოს გამოყენებული.

“აღნიშნულის შესახებ კონსულტაციებს გავდივართ ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან და ასევე ეკონომიკის სამიისტროსთან, რათა ის აქტივი, რაც დაგვრჩება, გამოყენებული იყოს მაქსიმალურად ეფექტიანად. კონსულტაციები გვაქვს ასევე გარემოს დაცვის სამინისტროსთანაც, რადგან უნიკალური ბუნებაა და გადაწყვეტილება უნდა იყოს ყველა მიმართულებით გააზრებული”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

აღსანიშნავია, რომ პროექტში შეტანილი ცვლილების შემდეგ, საუღელტახილო მონაკვეთზე სარკინიგზო გამტარუნარიანობა იზრდება 48 მილიონ ტონამდე ხოლო სრული ავტობლოკირების სისტემის დანერგვის შემთხვევაში კი მიაღწევს 100 მილიონ ტონას წელიწადში.

შეგახსენებთ, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 6 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა, რომელთაგანაც ამჟამად უკვე დასრულებულია 3 გვირაბის მშენებლობა ჯამური სიგრძით 2 095 მეტრი.

ამჟამად, აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები ქვიშხეთი-ზვარეს დამაკავშირებელ ორლიანდაგიან სარკინიგზო გვირაბზე, რომლის საპროექტო სიგრძეც შეადგენს 8350 მეტრს. მიმდინარე წელს ასევე დაგეგმილია სოფელ ძირულასთან მიმდებარედ არსებული №11 (875მ) და სოფელ ანიულასთან მიმდებარედ არსებული №7 (2190მ) გვირაბებზე სამშენებლო სამუშოების დაწყება.

მოდერნიზაციის პროექტში ცვლილების შეტანამდე სამშენებლო სამუშოების წარმოება დაგეგმილი იყო ხაშური-ზესტაფონის სარკინიგზო გადასარბენზე, თუმცა “საქართველოს რკინიგზის” ცნობით, დეტალური პროექტირების სტადიაზე მშენებელი, ზედამხედველი და სხვა მოწვეული კომპანიების მიერ მოლითი-ხარაგაულის მონაკვეთზე გამოვლენილ იქნა იმგვარი პრობლემური ადგილები, რომ პროექტის განხორციელება შეუძლებელი ხდებოდა.

გარდა ამისა ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ  პირველადი პროექტით მცირდებოდა საუღელტეხილო მონაკვეთის გამტარუნარიანობა – 14.4 მილიონ ტონამდე წელიწადში მაშინ, როდესაც რკინიგზის ამჟამინდელი გამტარუნარიანობა შეადგენს 27 მილიონ ტონას წელიწადში.

საბოლოოდ,  შემუშავებულ იქნა მოდერნიზაციის პროექტის ცვლილების კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებს მოლითი-ხარაგაულის სარკინიგზო მონაკვეთისათვის განკუთვნილი სამშენებლო სამუშაოების გაუქმების ხარჯზე, ქვიშხეთი-ზვარეს დამაკავშირებელი მეორე საოპერაციო გვირაბის (8350 მ) მშენებლობას და ე.წ. მარყუჟის მონაკვეთისა (სოფ. ბეჟათუბანი) და სადგურ მოლითის იმგვარ რეკონსტრუქციას, რომელიც უზრუნველყოფს ახალაშენებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დაერთებას სადგურ მოლითში.

შეგახსენებთ, პროექტის განსაზორციელებლად 260 მლნ შვეიცარიული ფრანკის ინვესტიცია განხორციელდება.

წყარო: gbc.ge