17/05/2024
Latest:
საზოგადოება

თბილისს მსოფლიო დონის ოპერისა და ბალეტის თეატრი ექნება

ოპერის აღდგენა-რესტავრაციისთვის 40 მილიონი დოლარი ფონდმა “ქართუმ” გამოყო

6 წლიანი აღდგენითი და სარესტავრაციო სამუშაოების შემდეგ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი პირველ მაყურებელს 30 იანვარს უმასპინძლებს.

მიმდინარე წლის 23 იანვარს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნის კვირეულთან დაკავშირებით დღეს დედაქალაქის საკრებულოში კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, ფონდ “ქართუს” დირექტორმა ნიკოლოზ ჩხეტიანმა, ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით კინწურაშვილმა და საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელმა ნინო ანანიაშვილმა პრესკონფერენცია გამართეს.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობის რეაბილიტაცია და რემონტი ფონდი “ქართუს” ფინანსური უზრუნველყოფით 2010 წელს დაიწყო. პროექტის მთავარი არქიტექტორია – ლერი მეძმარიაშვილი. ჯამურად, სულ ოპერის აღდგენა და რესტავრაცია 40 მილიონ დოლარამდე დაჯდა.

პროექტი ითვალისწინებდა თეატრის სრულ აღდგენით-სარესტავრაციო სამუშაოებს. შენობას ჩაუტარდა შიდა და გარე სარესტავრაციო სამუშაოები:

– სარემონტო სამუშაოების შედეგად გამაგრდა ფუნდამენტი, ფურცლოვანი სპილენძით გადაიხურა სახურავი;

  •  განახლდა და ამავდროულად პირვანდელი სახეც შეუნარჩუნდა ოპერის ფასადს და ინტერიერს.
  •  სრულად შეიცვალა სცენის ზედა და ქვედა მექანიზაცია.
  •  გაფართოვდა საორკესტრო ორმო;
  •  დამონტაჟდა ულტრათანამედროვე ვიდეო, აუდიო, ინტერკომი და განათების სისტემები;
  •  სრულად შეიცვალა შიდა და გარე ქსელები;
  •  რესტავრირება გაუკეთდა და ხელახლა მოოქროვდა დარბაზი;
  •  თეატრი სრულად აღიჭურვა უმაღლესი კლასის ინსტრუმენტებით (მათ შორისაა 2 დიდი საკონცერტო სტეინვეის როიალი)
  •  სრული რესტავრაცია ჩაუტარდა დარბაზში მაყურებელთა სკამებს;
  •  რესტავრაცია ჩაუტარდა ნოდარ ერგემლიძის დიზაინით ავსტრიაში დამზადებული 100-ნათურიანი ბროლის ჭაღს;
  •  თეატრი სრულად აღიჭურვა ახალი ავეჯითა და კომპიუტერული ტექნიკით;
  •  გადაკეთდა ჯანსუღ კახიძის სახელობის სარეპეტიციო დარბაზი (გაკეთდა მცირე სცენა და საორკესტრო ადგილი).
  •  თეატრს დაემატა ღია ვერანდები და საგამოფენო სივრცე. მსახიობებისთვის გაკეთდა ახალი საგრიმიოროები, ანტრაქტების დროს დასასვენებელი დარბაზი, თანამშრომლებისათვის აშენდა სასადილო;
  •  გაფართოვდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა თეატრის მიმდებარე სკვერს.

ფონდ ქართუს დაფინანსებით, შეძენილია “პანასონიკის” ფირმის 2 მძლავრი პროექტორი, რომელიც შეამცირებს სპექტაკლების სადადგმო ღირებულებას. ავსტრიულმა ფირმა “ვაგნერმა” და სერბეთის “სვეტლიოსტმა” დაამონტაჟეს თანამედროვე პროჟექტორები განათებისათვის, გერმანულმა ფირმა “ზალცბრენერმა” თეატრი გახმოვანების უახლესი აპარატურით აღჭურვა.

“დღეს უკვე თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენას აქვს ისეთი ტექნიკური შესაძლებლობები, რომლითაც არაფრით ჩამოუვარდება მსოფლიო დონის საუკეთესო ოპერებს”, – ასე შეაფასა ფონდ “ქართუს” დირექტორმა ნიკოლოზ ჩხეტიანმა განახლებული ოპერა.

სარემონტო სამუშაოები  6 წელს მიმდინარეობდა. სულ ამ პროცესში ჩართული იყო ქართუ ჯგუფის ასეულობით თანამშრომელი ადამიანი.

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი 30 იანვარს სპექტაკლით “აბესალომ და ეთერი” გაიხსნება.

ფონდი “ქართუ” ბევრი მიმართულებით საქმიანობს, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მიმართულება სწორედ კულტურა და ძეგლთა დაცვის სფეროა.

დროის სხვადასხვა პერიოდში “ქართუს” მიერ დაფინანსებულია ნატანების საკონცერტო დარბაზის მშენებლობა – 26 400 000 ლარი, “თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის” რეაბილიტაცია – 2 120 203 ლარი, ჯ.კახიძის მუსიკალური ცენტრის რეკონსტრუქცია – 4 681 100 ლარი, ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის რეკონსტრუქცია – 1 431 400 ლარი, ალ. გრიბოედოვის სახელობის თეატრის რეკონსტრუქცია – 1 338 300 ლარი და ა.შ.

ფონდის მიერ ასეულობით მილიონი ლარია დახარჯული კულტურული და რელიგიური ძეგლების აღდგენაზე, რესტავრაციაზე და მშენებლობაზე.