23/05/2024
Latest:
საზოგადოება

თბილისში ახალაშენებულ კორპუსში 25 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და თბილისის მერი დავით ნარმანია იმ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ, რომლებსაც თბილისში, კალოუბნის ქუჩაზე ახალაშენებულ კორპუსში ბინები გადაეცათ.

სამინისტრომ კალოუბნის ქუჩაზე არსებული 25 ბინა, მენაშენეებისგან საცხოვრებელი ფართების შესყიდვის პროექტის ფარგლებში, ს.ს „ტრანსმშენი“-სგან კონკურსის საფუძველზე შეიძინა.

კალოუბნის ქუჩა N22-ში არსებული საცხოვრებელი ფართების უმეტესობა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განაწილდა, ბინების ნაწილი კი ნგრევად ობიექტებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს გადაეცათ. 25 ბინიდან 3-ერთოთახიანია, 17-ოროთახიანი, 4-სამოთახიანი, ხოლო 1-ოთხოთახიანი. ახალაშენებულ კორპუსში საცხოვრებელი ფართები როგორც აფხაზეთიდან, ისე სამაჩაბლოდან დევნილმა ოჯახებმა მიიღეს.

პირველად, 2015 წელს, 22-წლიანი დევნილობის შემდეგ, თბილისში ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 561 დევნილ ოჯახს გადაეცა, რის შედეგადაც 6 ნგრევადი ობიექტი დაიხურა. 2016 წელს, თბილისში ახალაშენებულ კორპუსებში ბინას კიდევ 500 დევნილი ოჯახი მიიღებს.