”ტერაბანკი” თანხის მითვისებასთან დაკავშირებით მეანაბრისა და იურიდიული ფირმა ”ბი-ელ-ბის” ბრალდებებს ”აბსურდულს” უწოდებს
”ტერაბანკი” თანხის მითვისებასთან დაკავშირებით მეანაბრისა და იურიდიული ფირმა ”ბი-ელ-ბის” ბრალდებებს ”აბსურდულს” უწოდებს და მათ მიერ გამართულ პრესკონფერენციას, ბანკზე ზეწოლად აფასებს.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” ”ტერაბანკის” პიარისა და მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელმა ნანა აბურჯანიძემ განუცხადა, ბანკმა პროკურატურას აღნიშნული საქმის გამოძიების მოთხოვნით თავად მიმართა და შესაბამისი დოკუმენტაციაც მიაწოდა.
აბურჯანიძის თქმით, განცხადებაზე ხელმოწერა, რომლითაც მათმა კლიენტმა ბანკს ანაბრის საშუალებით სესხების დაფარვის განკარგულება მისცა, ავთენტურია და ამას სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროც ადასტურებს.
”დღევანდელ პრესკონფერენციას, ჩვენ ვაფასებთ, როგორც ბანკზე ზეწოლას და ჩვენი მომხმარებლების შეცდომაში შეყვანის მცდელობას, რადგან ბევრი რამ ითქვა მცდარი და ბევრი საკმაოდ დაუსაბუთებელი ბრალდება გაისმა ჩვენს მიმართ. ეს კამპანია, ჩემი აზრით, მიზნად ისახავს ბანკის იმიჯის დაზარალებას და პროცესების სამართლებრივი ჩარჩოებიდან გატანას, იმიტომ რომ ჩვენ თავად მივმართეთ გამოძიებას, კონკრეტულად კი პროკურატურას და მივაწოდეთ კონკრეტული დოკუმენტაცია იმისთვის, რომ დროულად დადგინდეს ყველაფერი. ისინი კი არ დაელოდნენ გამოძიების შედეგებს და არჩიეს პიარ კამპანიის გზით წასვლა. რაც შეეხება ანაბრის თემას, რა თქმა უნდა, ეს ქალბატონი იყო ჩვენი მეანაბრე და ამ ანაბრით უზრუნველყოფილი იყო გარკვეული სესხები და მისივე ხელმოწერით, რომლის ავთენტურობაც დასტურდება სამხარაულის ექსერტიზის ბიუროს მიერ, მოხდა ამ კრედიტების გადაფარვა ანაბრის საშუალებით. რეალურად ეს ანაბარი 2 წლის წინ დაიხურა და მეანაბრესა და ბანკს შორის ურთიერთობა ამით დასრულდა”, – განაცხადა ნანა აბურჯანიძემ.
”ტერაბანკის” პიარისა და მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით, ეჭვქვეშ არა ძირითადი დოკუმენტი, არამედ ე.წ. შუალედური დკუმენტები დადგა, რის გამოც ბანკმა საგამოძიებო ორგანოს მიმართა. მისივე ინფორმაციით, ბანკს კლიენტის წარმომადგენელმა იურიდიულმა ფირმამ დაახლოებით 2 თვის წინ თანხის მიღების მოთხოვნით მიმართა და როდესაც ამ თანხის მოკვლევა დაიწყო, აღნიშნული თემის გამოძიების აუცილებლობაც მაშინ გამოჩნდა.
”რეალურად ძალიან ბევრი საბუთი იყო საქმეში და ძალიან ბევრი საბუთის ექსპერტიზა ჩატარდა. შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ ექსპერტიზის შედეგად, კლიენტის ხელმოწერა განცხადებაზე, რომლითაც მან განკარგულება მისცა ბანკს მისი კუთვნილი ვალდებულებების დაფარვაზე, არის ნამდვილი. ამიტომ როდესაც ის კონკრეტული დოკუმენტი ნამდვილია, ბანკი მოკლებულია რამე სამართლებრივ შესაძლებლობებს, რომ კლიენტს რამე თანხა გადაუხადოს”, – აღნიშნა აბურჯანიძემ.
”ტერაბანკის” პიარისა და მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელი ასევე ურყოფს იურიდიული ფირმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ 2014 წლის შემდეგ, მეანაბრეს, განულებული დეპოზიტის მიუხედავად, 2 წლის განმავლობაში სარგებელი მაინც ერიცხებოდა.
”2014 წელს, როდესაც ანაბარი დაიხურა ოფიციალურად, მას მერე არანაირი სარგებელი არ დარიცხულა მასზე ბანკის მიერ. ამ ანგარიშზე ხდებოდა ფიზიკური პირების მიერ გარკვეული თანხების მოძრაობა, რომელიც არანაირად არ იყო დაკავშირებული ბანკთან”, – აღნიშნა აბურჯანიძემ.
მისივე განმარტებით, აბსურდულია ბრალდებები იმის შესახებაც, რომ მეანაბრისთვის თანხის დაბრუნებაზე უარის თქმის გადაწყვეტილება აქციონერების მიერაა მიღებული, რადგან როგორც აბურჯანიძე აცხადებს, საერთოდ თანხის რამე სახით გაცემაზე საუბარიც არ იყო.
”აქციონერები არაფერ შუაში არაა, რეალურად მხოლოდ საბუთების და დოკუმენტაციის მიხედვით განხორციელდა ჩვენი ქმედებები”, – განაცხადა ”ტერაბანკის” პიარისა და მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელმა.
მეანაბრე ქალბატონი, რომესაც ”ტერაბანკში” (ყოფილი ”კორ სტანდარტ ბანკი”) დეპოზიტზე 759 800 დოლარი ჰქონდა, ბანკს მისი კუთვნილი თანხის მითვისებას ედავება. როგორც მეანაბრის ინტერესების დამცველებმა, იურიდიული ფირმა ”ბი-ელ-ბის” იურისტებმა განაცხადეს, ბანკმა ქალბატონის კუთვნილი თანხა თაღლითური სქემის მეშვეობით მიითვისა. იურისტების ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით საჩივარი უკვე შეტანილია საქართველოს მთავარ პროკურატურაში და გამოძიებაც დაწყებულია.