02/05/2024
Latest:
საზოგადოება

,,თელასი” მომხმარებლებს ატყუებს და გაზრდილ გადასახადს არიცხავს

გაზეთსაქართველო და მსოფლიოსრედაქციას დედაქალაქში მცხოვრები ქალბატონი დაუკავშირდა და უთხრა, რომთელასისქვითრებში, ანუ ელექტროენერგიის გადასახადში შეცდომებია, მაგრამ ვერაფრით გაარკვია ეს შეგნებულად ხდება თუ უნებლიედ. ფაქტია, რომ მის მიერ წარმოდგენილ თითქმის ყველა ქვითარში მომხარებული ელექტროენერგიის საფასური არ ემთხვევა გადასახდელ თანხას, ეს თანხა კი ხშირად ათ ლარზე მეტია. ერთერთი ქვითრით, ქალბატონს 22 ლარით მეტი თანხა აქვს გადახდილი და სწორედ ამან მიიყვანა გადაწყვიტილებამდე,ყველა ქვითარში გამოწერილი თანხა დაეანგარიშებინა.

ზუსტად 35 წუთს ვესაუბრებოდი ქალბატონს და მასთან ერთად განვიხილეთ “თელასიდან” მოსული ელექტროენერგიის გადასახადი, მაგრამ თანხების ოდენობა ერთმანეთს კილოვატების “სავარაუდო” მომატებით ვერ დავამთხვიეთ.

რას ნიშნავს სავარაუდო თანხა? საქმე ის არის, რომ “თელასის”თანამშრომლები, რომლებიც მრიცხველების აღრიცხვას აწარმოებენ, თვის ერთსა და იმავე რიცხვში ვერ ახერხებენ მრიცხველის შემოწმებას, სხვაობა ორ-სამ დღეშია, რაც, როგორც ჩანს, “თელასს” ფასებით მანიპულირების შესაძლებლობას აძლევს  – ადგენს “სავარაუდო” ფასს, რომელიც არ ემთხვევა არც მრიცხველზე და არც ქვითარზე აღრიცხული კილოვატების საფასურს.

ქალბატონი, რომელმაც ქვითრებში დარღვევა იპოვა, ეცადა, იმ ორ-სამ დღეში, როდესაც აღმრიცხველმა მის მრცხველთან მისვლა ვერ მოახერხა და “თელასმა” სავარაუდო თანხა გამოიყვანა, დღეში ათი კილოვატის მოხმარება დაეანგარიშებინა, მაგრამ გადასახადი მაინც არ დაემთხვა. აღსანიშნავია ისიც, რომ “ჩვენებაში”, რომელიც ყველა ქვითარზეა დატანილი, შეცდომა არ არის და წინა თვის მაჩვენებელი მეორე თვისას ემთხვევა, რაც იმას ნიშნავს, რომ შეცდომა გამორიცხული უნდა იყოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ არის.

ამ ქალბატონის ნაამბობისა და მოყვანილი ფაქტების შემდეგ, ბუნებრივია, დავინტერესდით, რა ხდებოდა ელექტროენერგიის სხვა მომხმარებელთა ქვითრებში და გაირკვა, რომ ცდომილება ყველაშია: ზოგში _ ცოტა, ზოგში _ ბევრი. ზოგი მომხმარებლის ქვითარში ცდომილება საგრძნობლად დიდი ყოფილა, ადვილად შესამჩნევი და შესაბამისი ზომებიც მიუღიათ. დიდი დავისა და სასამართლოს დახმარებით მომდევნო თვეში ნაკლები გადასახადი მისვლიათ. შეცდომა მხოლოდ ასე “აღმოფხვრეს”. ოჯახი, რომელმაც “ბოლომდე” იბრძოლა, 70 ლარით იყო დაზარალებული – ქვითარში ცდომილება 70 ლარი იყო.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, იმ ხნის განმავლობაში, რაც “თელასის” ქვითრებში დარღვევების შესახებ შევიტყვეთ, ბევრ ადამიანს შევხვდით და თითქმის ყველას ქვითარში აღმოჩნდა დარღვევა, თუმცა მოქალაქეები თვლიან, რომ, თუ თანხა დიდი არ არის, ნერვების წყვეტად არ ღირს, რადგან ერთჯერადად სამართლის მიღწევა არ ნიშნავს, რომ ეს აღარასოდეს განმეორდება.

“მას შემდეგ, რაც 70-ლარიანი ქვითარი გავაუქმებინე, სულ ვაკვირდები თანხას და ვანგარიშობ. ცდომილება მაინც არის, მაგრამ დიდი არა. მცირე თანხაზე სირბილი არ ღირს, სანამ ჩემსას მივაღწიე, ნახევარი სიცოცხლე წამართვეს, იმდენი მარბენინეს, ის 70 ლარი გზაში დამახარჯვინეს. ასე რომ, არ ღირს მცირე თანხაზე სირბილი,” _ განგვიმარტა ოჯახის უფროსმა, რომელსაც ელექტროენერგიის გადასახადი 70 ლარით მეტი გამოუწერეს.

სამწუხაროდ, ასევე ფიქრობს ქალბატონი, რომელიც დაგვიკავშირდა და “ქვითრების საქმით” დაგვაინტერესა. “სემეკსა”და “თელასს” შორის სარბენად, არც დრო მაქვს და არც ნერვები, მაგრამ, რომ ვიცოდე, ჩემი სირბილით პრობლემას სამუდამოდ აღმოვფხვრი, აუცილებლად წავალ. ამიტომაც მოგმართეთ თქვენ – იქნებ ამ პრობლემის საჯაროდ გამოტანამ ხელისუფლება და ხალხი გამოაფხიზლოს. მინდა, ყველამგაიგოს, რომ “თელასი” გვატყუებს, “სემეკი” კი ხმას არ იღებს.ფხიზლად ვიყოთ, ხალხო!”, _ განაცხადა “თელასის”აბონენტმა.

“თელასის” ქვითრებში არსებული დარღვევების ყველა წვრილმანის გულდასმით განხილვის შემდეგ, დიდუბეში მდებარე “თელასის” ცენტრალურ ოფისს ვეწვიეთ ქვითრებით ხელში და პასუხისმგებელ პირთან შეხვედრა მოვითხოვეთ, მაგრამ ამაოდ…

კოსტიუმში გამოწყობილმა გოგონამ, რომელმაც გვარ-სახელი არ გაგვიმხილა, აგვიხსნა, ნებისმიერ დარღვევაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიას უნდა მიმართოთო და დასძინა; “ასეთი შემთხვევები ბევრი არა,მაგრამ ყოფილა, რაც მხოლოდ და მხოლოდ მექანიკური შეცდომაა და სხვა არაფერი. გარწმუნებთ, რომ ყველაფერი გამოსწორდება და თქვენ არც ერთ კაპიკს არ დაკარგავთ”.

ამის შემდეგ “თელასის” ვებგვერდზე პრესასთან ურთიერთობისთვის მითითებულ ნომრებზე ვინმე ვალერი ფანცულაიასთან დაკავშირებას შევეცადეთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ცხელი ხაზია და ავტომატმა გვიპასუხა: “სამწუხაროდ, ყველა ოპერატორი დაკავებულია, დარეკეთ მოგვიანებით”.

ბოლოს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის მთავარ ექსპერტს დავუკავშირდით _ სერგო ლაცაბიძეს:

_ ბატონო სერგო, “თელასსბევრი მომჩივანი ჰყავსაბონენტები ამბობენ, რომ გახარჯულ ელექტროენერგიასა და გადასახადს შორის დიდი ცდომილებაა

_ დიახ, ასეთი შემთხვევები ძალიან ბევრია. დავების განყოფილებაში 90-95% პროცენტი ზუსტად ასეთი საქმეებია, მაგრამ გეტყვით იმასაც, რომ მომხმარებელი თითქმის ყოველთვის მართლდება, ამიტომ ყველას ვურჩევ, ჩვენი კომისიის დავების განყოფილებას მიმართოს.

_ იმედია, გეცოდინებათ, რომ ბევრმა მიმართა, გასწორდა ცდომილებაც, მაგრამ მოგვიანებით ისევ განმეორდა. რასაკეთებს ასეთ შემთხვევაში მარეგულირებელი კომისია?

_ როდესაც კომპანია ერთსა და იმავე შეცდომას უშვებს, ვაჯარიმებთ. “თელასიც” ხშირად დაგვიჯარიმებია. დიდ კომპანიებს დიდი რესურსი აქვთ, ამიტომ, როდესაც დაუცველ მოსახლეობას ხედავენ, “მოჭარბებულ რესურს” ცუდად იყენებენ.

რა ცდომილებებია კომუნალური გადასახადების ქვითრებში? _ ამ შეკითხვით მივმართეთ სტატისტიკოსს, პროფესორ იოსებ არჩვაძეს:

_ მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მტკივნეულ თემას შეეხეთ… დავიწყებ იმით, რომ მოხმარებულ ელექტროენერგიაზე გადასახადების ამოღების დღეს მოქმედი სატარიფო სისტემა, ჩემი აზრით, უსამართლო და რეპრესიულია. თვითონ განსაჯეთ: 101 კვტსთ-ის ჩათვლით ტარიფი 12.980 თეთრია; 101-ზე მეტი კვტსთ-ის მოხმარების შემთხვევაში, 301 კვტ საათის ჩათვლით,ამ 301 კვტსთ-იდან უკვე 16.992 თეთრი ღირს, ხოლო 301კვტსთ-ზე მეტის მოხმარებისას – ყოველი, ხაზს ვუსვამ,ყოველი მოხმარებული კვტსთ _ 21.476 თეთრი.

მაგალითად, თუ მოიხმარ 101 კვტსთ-ს, გადასახდელი გექნება 13.11 ლარი (101 X 0.1298), ხოლო ამაზე ერთი კილოვატ-საათით მეტის მოხმარების შემთხვევაში, ანუ მთლიანობაში102 კილოვატ-საათის მოხმარებისას, უკვე 17.33 ლარი, ანუერთი კილოვატით მოხმარების გაზრდა დენის გადასახადს ზრდის 4.22 ლარით (17.33 – 13.11).

ანალოგიური ვითარება, თუ მოხმარება გაიზრდება 301 კვტსთ-დან 302 კვტსთ-მდე. 301 კილოვატ სთ-ის მოხმარებისას მთლიანად გადასახდელი იქნებოდა 51.15 ლარი, ხოლო 302 კილოვატ საათის მოხმარებისას _ უკვე 64.86 ლარი, ანუ 13.71 ლარით მეტი.

მოკლედ, ხატოვნად შეიძლება ვთქვათ, რომ მომხმარებელთათვის ყოველთვიურად, 102-ე და 302-ე კვტსთ მოხმარებულ ელექტროენერგიას თითქმის საკრალური დატვირთვა აქვს, ერთ შემთხვევაში, კვტსთ ელეტროენერგია აძვირებს მოხმარებას 5.15 ლარით, მეორე შემთხვევაში _ 13.71 ლარით.

საბაზრო ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ, მეტი საქონლის მოხმარების შემთხვევაში, საქონლის ერთეული უფრო იაფი ღირდეს.

განხილულ შემთხვევაში ეს პრინციპი თავდაყირაა დაყენებული _ ელექტროენერგიის მოხმარების ზრდისას სამომხმარებლო დოვლათის ერთეული (კილოვატსაათი) უფრო ძვირი ჯდება. ლაპარაკი აღარ არის პროპორციულ გადასახადზე. ამას პროგრესული გადასახადიც აღარ ეთქმის. ვიმეორებ: ეს რეპრესიულია თავისი შინაარსით და ელექტროენერგიის წარმოებისა და დისტრიბუციის პროცესში დაუმსახურებელი მოგების მიღებას ემსახურება.

ტარიფი რომ მართლაც პროგრესული იყოს, ანუ მოხმარებული პირველი 101 კვტსთ მხოლოდ 12.98 თეთრი ღირდეს, მომდევნო 200 კვტსთ (102-დან 301 კვტსთ-მდე) _ 16.992 თეთრი, ხოლო 301 კვტსთ-ზე მეტის მოხმარებისას _ 21.476 თეთრი, მოსახლეობა შვებას იგრძნობდა.

კერძოდ:

საქართველოს ერთი შინამეურნეობის მიერ დენის საშუალო მოხმარება თვეში დაახლოებით 450 კვტსთ-ია, ანუ დღეს მოქმედი საგადასახადო მექანიზმის “წყალობით” _ 96.64 ლარი, ხოლო თუ დენის ტარიფი პროგრესული იქნებოდა, მაშინ გახდებოდა 79.09 ლარი (= 101 X 0.12980 + 200 X 0.16992 + 149 X 0.21476). ანუ, დენის მოხმარების გადასახადის ამოღების ამჟამად მოქმედი მექანიზმის წყალობით, თითოეულ შინამეურნეობას ელეტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები მოსახლეობას ჯიბიდან ყოველთვიურად აცლიან 17.55 ლარს,წელიწადზე გაანგარიშებით კი _ 210.6 ლარს.

ეს _ ერთ შინამეურნეობაზე გაანგარიშებით.

საქართველოში კი ერთ მილიონზე მეტი შინამეურნეობაა.

თანაც, ჩვენ აქ ხომ საერთოდ არ ვსაუბრობთ იმაზე, რამდენად სამართლიანადაა მოქმედი ტარიფები შედგენილი.

არ ვსაუბრობთ, ასევე, მარეგულირებელი კომისიების (არა მხოლოდ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების) წევრთა (რომელთაგან ზოგიერთმა ეს თანამდებობა წინა, პარტიული მოღვაწეობისას გამოჩენილი ერთგულებისთვის მიიღო), ფაქტობრივად, რენტული ტიპის საარაკო სიდიდის ხელფასებზე.

ეს, რაც შეეხება მოხმარებულ ელექტროენერგიაზე გადასახადის დარიცხვის წესს.

დენის კონტროლიორთა შემოვლის თარიღებს შორის შეიძლება არ იყოს სრული თვე გასული, მაგალითად, პერიოდი 30 მარტსა და 28 აპრილს შორის, და მრიცხველმა ამ 28 დღეზე აჩვენოს მხოლოდ 98 კვტ.სთ-ის მოხმარება. ამ 28 დღეზე იანგარიშება საშუალო სადღეღამისო მოხმარება (98:28 = 3.5) და მიღებული რიცხვი მრავლდება 30-ზე (თვის სრულ დღეთა რიცხვზე). ამ პირობებში ოჯახის გადასახადი დაანგარიშებული იქნება, როგორც თვეში 101 კვტ.-სთ-ზე მეტის მოხმარების შემთხვევა (3.5 X 30 = 105) და 98 კვტსთ, ფაქტობრივად, მოხმარებულ ელექტროენერგიაზე გადასახდელი იქნება მეორე კატეგორიის ტარიფით, ანუ 98 X 0.16992 =16.65 ლარი, და არა 12.72 ლარი, რამდენიც იქნებოდა გადასახდელი პირველი კატეგორიის შემთხვევაში.

მაგრამ, ვიმეორებ, “ძაღლის თავი” დამარხულია არა დენის გადასახადის სრულ თვემდე შევსებაში, არამედ მოხმარებული ელექტროენერგიის ტარიფის დადგენის ზემოხსენებულ დრაკონულ, უსამართლო, რეპრესიულ ფორმაში, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

ეკა ნასყიდაშვილი
www.geworld.ge