მსოფლიო

თურქეთის ხელისუფლებამ 100-ზე მეტი მედიასაშუალების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო

თურქეთის ხელისუფლებამ ასზე მეტი მედიასაშუალების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც CNN Turk-ი იტყობინება, საუბარია 130 ადგილობრივ გამოცემასა და ტელეარხზე, მათ შორისაა სამი საინფორმაციო სააგენტო, 45 ყოველკვირეული გაზეთი და 16 ტელეკომპანია.

ხელისუფლებამ ასევე 1 600-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურის, მათ შორის 149 გენერლისა და ადმირალის დათხოვნა დაანონსა.

გუშინ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ეფკან ალამ განაცხადა, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დაკავებულთა შორის 10 000 სამხედრო მოსამსახურეა.

ანკარა მიიჩნევს, რომ გადატრიალების ორგანიზატორი აშშ-ში მცხოვრები მქადაგებელი ფეთჰულა გიულენია, თუმცა ის ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.