28/04/2024
Latest:
საზოგადოება

ურეკი-შეკვეთილში ველობილიკების, ტრამვაის გზის და საბაგიროს გაკეთება იგეგმება

ურეკი- შეკვეთილის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის ტერიტორიაზე ველობილიკების, ტრამვაის გზის და საბაგიროს გაკეთება იგეგმება.

საკანონმდებლო მაცნეში ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა.

როგორც, ურეკი-შეკვეთილის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაშია აღნიშნული, კომპლექსის ტერიტორიაზე საველოსიპედე ბილიკები არ არსებობს. გეგმაში კი, ასახულია განსავითარებელი საველისიპედე ბილიკები, რომლებიც მთლიანდ მოიცავს ურეკი-შეკვეთილის ტურისტულ-სარეკრეციო კომპლექსის ტერიტორიას, რაც აკავშირებს ერთმანეთთან და ზღვის სანაპიროსთან საცხოვრებელ, საზოგადოებრივ-საქმიან, საკურორტო- სარეკრეაციო, სარეკრეაციო, ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონებს.

„ამასთანავე საველოსიპედე მოძრაობა საცხოვრებლისა და სამუშაო ადგილების ურთიერთკავშირისათვის შესაძლებელია განხილულ იქნას მნიშვნელოვან დამხმარე სატრანსპორტო საშუალებად“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ამასთან, აღნიშნული გეგმის თანახმად, მოსაზღვრე ქ. ქობულეთის დ. აღმაშენებლის ქუჩა ურეკი-შეკვეთილის ტურისტულ- სარეკრეციო კომპლექსის ტერიტორიაზე გრძელდება, როგორც არტერიული ქუჩა, რომლის გასწვრივ დაგეგმილია სავხოვრებელი და საზოგადოებრივ-საქმიანი ზონების, ასევე სანახაობრივ- გასართობი და სპორტული კომპლექსების განვითარება. ტურისტულ-სარეკრეციო კომპლექსის განვითარების პარალელურად აღნიშნული ქუჩა შესაძლებელია გახდეს ქობულეთსა და ურეკს შორის დამაკავშირებელი მთავარი სატრანსპორტო ქუჩა, რამაც შესაძლებელია ტრამვაის განვითარების შესაძლებლობა შექმნას, რომელიც, როგორც ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი მოემსახურება ქობულეთისა და ურეკი-შეკვეთილის ტურისტულ-სარეკრეაციო არეალებს.

გარდა ამისა, გეგმაში ურეკი-შეკვეთილის ტურისტულ-სარეკრეციო კომპლექსის ტერიტორიასა და წვერმაღალას შორის საბაგირო გზის სავარაუდო განვითარებაა ასახული.

წყარო: ipress.ge