04/05/2024
Latest:
ეკონომიკა

“უზარმაზარი ინვესტიციების მოზიდვის მთავარი საშუალება თანამედროვე ტექნოლოგიებია“

“ორმა ბელორუსმა, რომლებიც წარმოშობით ებრაელები იყვნენ, შექმნეს Viber-ის პროგრამა, ჩავიდნენ ისრაელში და მიყიდეს იაპონელ ბიზნესმენს 900 მილიონ დოლარად. დღეს ვაიბერის ფასი 60 მილიარდ დოლარს აღემატება. ანუ ასეთი დიდი რესურსია სტარტაპებში”

უსაფრთხოების  ექსპერტთა  კავკასიის  აკადემიის  დირექტორი

 ლაშა პატარაია

რას ნიშნავს კიბერუსაფრთხოება

პირველ რიგში, კიბერუსაფრთხოების საკითხიდან გავმიჯნავდი პოლიტიკურ ასპექტებს. ეს არის საერთაშორისო პრობლემა, რომელმაც თავი არც ისე დიდ ხნის წინ იჩინა და გავრცელებული მოსაზრება, თითქოს, მხოლოდ მთავრობები არღვევენ ჩვენს პრივატულობას, არის მცდარი.

მოცემული რეალობიდან გამომდინარე, არა მხოლოდ სახელმწიფო სპეცსამსახურები უქმნიან ჩვენს პირად კიბერსივრცეს საფრთხეს, არამედ ჰაკერები, სხვადასხვა კრიმინალური ორგანიზაციები და ჩვეულებრივი ადამიანებიც, რომლებსაც გააჩნიათ  წვდომა კონკრეტულ ტექნოლოგიებთან, ცოდნასთან და საშუალებებთან.

ინფორმაციის მოპოვება, თუ როგორ ხორციელდება ფარული მიყურადება სხვადასხვა კომპიუტერული თუ სატელეფონო საშუალებებით, ინტერნეტ სივრცეში ძალზედ გაიოლდა. აქედან გამომდინარე, საფრთხის პალიტრა საკმაოდ მდიდარია.

კიბერუსაფრთხოების პრობლემა მწვავედ დგას კერძო სექტორში, რადგან  საფრთხეები აქ გაცილებით დიდია, დიდია მატერიალური დაინტერესებაც და გარკვეული ქეისები კორპორაციული პოლიტიკიდან, ასევე რეპუტაციული რისკებიდან გამომდინარე არ ხმაურდება.

როგორ უნდა უზრუნველვყოთ პირადი სივრცის უსაფრთხოება

პირველ რიგში, უნდა ვაღიაროთ, რომ წამყვანი ქვეყნების ლიდერებსაც უსმენენ. არსებობს ვიკილიქსი, არსებობს Dark  Web, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ინტერნეტი ინტერნეტში, რომელიც პრაქტიკულად არ ჩანს. ეს სფერო ძალიან რთულად ექვემდებარება პრობლემების შემცირებას, რადგან აქ ჩართულია არა მხოლოდ კიბერსაშუალებები, არამედ ტრადიციული სადაზვერვო სისტემები. შესაბამისად, ეს არის გამოწვევა სახელმწიფო უშიშროების სამსახურებისთვის, თუ როგორ უნდა უზრუნველყონ იმ  პერსონების, პოლიტიკოსების პირადი სივრცის უსაფრთხოება, რომლებიც განსაზღვრავენ პოლიტიკურ ვითარებას და გავლენა აქვთ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე.

სამოქალაქო სექტორში აქტიურად მიმდინარეობს იმის ლობირება, რომ მსგავს პრეცედენტებზე დაწესდეს რეგულაციები, მოექცეს სამართლებრივ ჩარჩოებში და გაკონტროლდეს გარკვეული კომპანიების მიერ. ჩვენ უნდა გავმიჯნოთ პოლიციური სექტორი და სპეცსამსახურები. მსგავსი რეგულაციები და კონტროლი თავისუფლად შეგვიძლია მოვითხოვოთ პოლიციურ სექტორზე, რადგან არაკანონიერი გზებით პოლიციას ინფორმაციის მოპოვების უფლება არ აქვს, განსხვავებით სპეცსამსხურებისგან. იმის ცოდნა, რომ ისინი არსებობს, არ ნიშნავს, რომ მათი საქმიანობა სრულად თავსებადია სამართლებრივ სივრცესთან. დაზვევრვის ამოცანა არის ნებისმიერ ფასად გაატაროს საკუთარი ქვეყნის ინტერესები. ასე რომ,  სამართლებრივი ასპექტებითა და საერთაშორისო რეგულაციებით ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადი არ არის.

პირველ რიგში, უნდა ჩამოვაყალიბოთ სწორი საზოგადოებრივი დამოკიდებულების ფორმულირება და გავზარდოთ ცნობიერება რიგი თემების ირგვლივ, ჩვენ უნდა ვებრძოლოთ არა მხოლოდ მსგავსი ტიპის მასალების გავრცელებას, არამედ მიღებულ შედეგებსაც.

უნდა გაკეთდეს მეტი აქცენტი განათლებაზე და სახელმწიფომ უნდა მოახდინოს იმ აზრის ლობირება, რომ კიბერუსაფრთხოება არის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პროფესია და სტუდენტები ამ პროფესიით დაინტერესდნენ, რადგან სწორედ განათლებაზე, საჯარო მმართველობის გაუმჯობესებასა და ახალ ბიზნეს ტრენდებზე გადის ქვეყნის რეალური აღმშენებლობის გზა.

რა უნდა გაკეთდეს კიბერუსაფრთხოების განსავითარებლად

უსაფრთხოების მხრივ გასატარებელია უამრავი რეფორმა, უამრავი ახალი ინიციატივაა წამოსაყენებელი. პირველ რიგში, აუცილებელია არსებულ თანამშრომლებში ახალი მეთოდებისა და ტექნიკების დანერგვა, მიდგომების გადახედვა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ რას აკეთებს და რატომ. ასევე, ვინ არის  პასუხისმგებელი კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე,  ვინ არის პასუხისმგებელი სამოქალაქო სექტორზე. როგორ ხდება ინფორმაციის დაცვა სამხედრო საგანგებო ვითარების დროს, როგორ ხდება კოორდინაცია კადრების გავრცელების დროს, რათა ამან არ იქონიოს ნეგატიური გავლენა საზოგადოებაზე. რეალურად, ეს არის სპეცსამსახურების ინტერესი, შეიქმნას გარკვეული განწყობა საზოგადოებაში.

თუ განწყობის თემაზეა საუბარი, ეს არის კონტრდაზვერვის პრეროგატივა და მათ უნდა ჰქონდეთ ფრონტი გახსნილი კიბერსივრცეში, რადგანაც დაზვერვა დღეს 95%–ით ჩაანაცვლა კიბერდაზვერვამ. უამრავი დრო იკარგება თვალთვალზე და ასე შემდეგ. დღეს ეს ყველაფერი ადვილად კეთდება კომპიუტერული საშუალებებით. 5% რჩება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევებისთვის, როდესაც რაღაცის გადაცემა უწევთ სპცესამსახურებს ერთმანეთში, ანუ ძირითადად ის, რაც ნივთიერია. კერძო კომპანიებთან დაკავშირებთ ისევ და ისევ ვიტყვი, რომ მთავარია გაიაზრონ ეს საფრთხეები და დაიწყონ ინვესტირება უსაფრთხოებაში. პირობითად არ შეიძლება 10 მილიონიანი აქტივი დაიცვა 50 ლარით. აუცილებლად უნდა მოახდინო რაციონალური ინვესტიცია უსაფრთხოების შესაბამისი უკუგებით.

უსაფრთხოება არის პრევენციული და რეაქციული. თუ თქვენ ფლობთ რაიმე მნიშვნელოვან აქტივს, ეს იქნება ინფორმაციული, ფინანსური თუ სხვა და თქვენი ბიზნეს სპეციფიკა მოითხოვს იმას, რომ თქვენ გაგაჩნიათ რისკები, შეგიძლიათ სრულიად უფასოდ მიიღოთ კვალიფიციური კონსულტაცია ჩვენს ორგანიზაციაშიც, რადგან უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემია უკვე მრავალი წელია აქტიურად მუშაობს უსაფრთხოების სფეროში და ერთადერთია თავისი სპეციფიკით.

რატომ უნდა ჩადოთ ინვესტიცია კიბერუსაფრთხოებაში

უსაფრთხოების თემაზე ინვესტირებას რომ დავუბრუნდეთ, შეიძლება კომპანიაში იყოს ძალიან გამოცდილი უსაფრთხოების სპეციალისტების გუნდი, რომლებიც არიან სერთიფიცირებულები, აქვთ გამოცდილება, ფლობენ ტექნოლოგიებს, მაგრამ თუ მათ ვერ შეძლეს, დაარწმუნონ მენეჯმენტი იმაში, რომ უსაფრთხოებაში ჩადონ ინვესტიცია, მათი საქმიანობა ვერ შედგება სრულფასოვნად. ეს თანაბრად ახდენს გავლენას მათ ეფეტურობაზე, ისევე როგორც კიბერშეტევა. ამ შემთხვაში, ერთი და იგივეა ის ორი ფაქტი, რომ კომპანია კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა და მიიღო ზარალი, თუ მან ვერ დაარწმუნა მენეჯმენტი, რომ ჩაედო უსაფრთხოების პრევენციაში თანხა და მიიღო იგივე შედეგი. ანუ, ყველა ტიპის პროფესიონალს, განსაკუთრებით უსაფრთხოების სფეროში, მოეთხოვება გარკვეული ფსიქოლოგიური უნარების ფლობა, რომელიც მას მისცემს იმ მიზერულ შესაძლებლობებსა და უნარებს, რაც მას გახდის უფრო ელასტიურს, უფრო თავდაჯერებულს მოლაპარაკებებში და დაეხმარება უსაფრთხოების საჭიროებებიდან გამომდინარე გადაწყვეტილებების განხორციელებაში. აქ არ არის ლაპარაკი ტყუილზე, აქ არის საუბარი იმაზე, რომ რეალურად შეძლო საკუთარი თავის პოზიციონირება და სწორი აზრის გატანა შეგეძლოს მენეჯმენტთან. ჩვენ გვინახავს ძალიან კარგი ქეისები, ძალიან კარგი სპეცილისტებისა, უბრალოდ არასაკმარისი უნარების გამო, მათ ვერ გაუტანიათ თავიანთი სწორი იდეები, რის გამოც ორგანიზაციამ მიიღო ძალიან დიდი ზარალი. ეს არის ერთ–ერთი მთავარი ამოცანა. დაახლოებით 80% ეთმობა, პირველ რიგში, სიცრუის ამოცნობას. ჩვენ ვთანამშრომბობთ ჩვენს ექსპერტებთან ამ სფეროში, ძალიან საინტერესო რაღაცეები ვიხილეთ და დავრწმუნდით, რომ უსაფრთხოება ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროა, რაც შეიძლება ადამიანმა ისწავლოს.

თანამედროვე ტექნოლოგიები, როგორც ინვესტიციების მოზიდვის უმთავრესი წყარო

დღესდღეობით საქართველოში შემუშავებულია სტარტაპების პროგრამა. თქვენ იცით, რომ სტარტაპებმა საკმაოდ დიდი შემოსავალი მოუტანა ისრაელს, იაპონიას, აშშ-ს, ესტონეთსა და მთელ რიგ ქვეყნებს. ეს არის ის პროგრამები, რომლებიც იდეის დონეზე მუშავდება, სახელმწიფო მათ აძლევს გრანტს, უკვე შემუშავებულია ეს პროგრამა და საპარტნიორო ფონდი აპირებს მის გაშვებას. 35 მილიონი ლარია ამ საქმისთვის გამოყოფილი. რა შეიძლება საქართველომ გააკეთოს ისეთი, რითაც მსოფლიო ბაზარზე შეძლებს თავის დამკვიდრებას? ორმა ბელორუსმა, რომლებიც წარმოშობით ებრაელები იყვნენ, შექმნეს Viber-ის პროგრამა, ჩავიდნენ ისრაელში და მიყიდეს იაპონელ ბიზნესმენს 900 მილიონ დოლარად. დღეს ვაიბერის ფასი 60 მილიარდ დოლარს აღემატება. ანუ ასეთი დიდი რესურსია სტარტაპებში. არსებობს ასეთი წიგნი, რომელსაც ჰქვია „სტარტაპების ქვეყანა“. საქართველოში ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა, რომლებიც ახალი ტექნოლოგიებით შეძლებენ უზარმაზარი ინვესტიციის მოზიდვას ქვეყანაში. დღეს აღარ არის ქარხნებისა და ფაბრიკების აშენების დრო, დღეს არის ინფორმაციული ერა. ინფორმაციული ერა სწორედ ამ თემებით გამოირჩევა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ.

რა არის ჩვენი პოტენციალი რეალურად? დღეს ძალიან ბევრი პრობლემაა ეკონომიკაში, განსაკუთრებით ჩვენთან, მაგრამ ამ პრობლემების წყარო არის ის, რომ ჩვენ დღემდე რევოლუციურ პროცესში ვართ. რას ნიშნავს ეს? ინდუსტრიული რევოლუცია, რომელმაც ძალიან ბევრი პრობლემა გამოიწვია მაშინდელ საზოგადოებაში. არაერთი ეკონომიკური კრიზისი, შიმშილობები და ასე შემდეგ. იგივე რევოლუციას გავდივართ ჩვენ ახლაც, მაგრამ ეს არის ინფორმაციული და უკვე ტექნოლოგიური რევოლუცია ერთდროულად. ჩვენ ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. დღეს ძალიან უჭირს ბიზნესს  ინფორმაციულ ერაზე გადასვლა. ამიტომ არის ძალიან ბევრი წარუმატებული ქეისი ბიზნესში და ძალიან ბევრი ნეგატიური ტრენდი  საზოგადოებაში.  ამ კუთხით ჩვენი მზაობა ნულის ტოლია.

საბჭოთა ინდუსტრიის დასასრული

საბჭოთა კავშირის დროს განვითარებული იყო ინდუსტრია, მაგრამ ეს ყველაფერი დამთავრდა. ახლა ვდგავართ ახალი ეპოქის წინაშე და ამას ფეხი თუ არ ავუწყეთ, ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე დავდგებით. ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა დარტსის სიბნელეში თამაშს ჰგავს. ამასაც სჭირდება გათვლა და თავისი რისკების შეფასება. მანამდე ერთ რამეს აღვნიშნავ: მართლაც, დღევანდელ რეალობაში აღარ არის ქარხნების თემა აქტუალური. ეს მოძველებული მოდელებია. დღევანდელ რეალობაში მსოფლიოს მამოძრავებელი ძალა ტექნოლოგიებია. ჩვენ შეგვიძლია დავასახელოთ ბევრი ქვეყანა, რომლებმაც ძალიან მძლავრი ინდუსტრიები შექმნეს.

დღეს რა არის ჩვენი პოტენციალი? ქარხნები ცალსახად უნდა გამოვრიცხოთ ამ ეტაპზე. ტურიზმი კარგი პოტენციალია, მაგრამ მოდით, რეალობას შევხედოთ, ტურიზმს სჭირდება კარგი ინფასტრუქტურა. მარტო ის, რომ კარგი ბუნება გაქვს,  არ არის საკმარისი.

ტექნოლოგიები არის იაფი ან სრულიად უფასო. ძალიან მიზერული კაპიტალით შეგიძლია შექმნა მიზერული პროექტი, რომელიც ბაზარს შეაზანზარებს. ანუ, ჩვენი მთავარი აქტივი არის ინტელექტი. დროა შევეშვათ იმ აზრს, რომ არაფერი შეგვიძლია ამ სფეროში. ძალიან ბევრჯერ დავარღვიეთ ჩვენ ეს სტერეოტოპი. ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე მუშაობს წამყვან პოზიციებზე Google-ში, Microsoft-ში. არის ჩვენთან ეს აქტივები და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ მსოფლიოს ვამარაგებდით ინტელექტუალური ადამიანებით, იქნებოდა ეს პოლიტიკური ლიდერები თუ სხვა რამ. ანუ ეს ჩვენში დევს. უბრალოდ ერთი რამ უნდა გავიაზროთ, რომ ტექნოლოგიები ეს არის ერთადერთი რეალური პოტენციალი დღეს ჩვენთვის. ძალიან მარტივია საზოგადოებას შეუწყო ხელი, გახსნა ცენტრები, არა ქალაქისგან მოშორებით და ფასიანი, თუნდაც სუფთა ალტრუიზმის საფუძველზე, ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის მეც, ვივლით, ვასწავლით, გავუზიარებთ ახალ თაობებს იმ ცოდნას, რომელიც გვაქვს. დღეს სასწავლებლები არ არიან მზად ასეთი ტიპის განათლება მისცენ ახალგაზრდებს. პროფესიები, რომლებიც დღეს არსებობს, იქნება ეს სოციალური მედიამენეჯერი თუ ნებისმიერი სხვა რამ, რომელიც დღეს ასე პოპულარულია, 5-6 წლის წინ  არ არსებობდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ პროფესიები, რომლებიც იქნება ხვალ, ჩვენ დღეს ამას ვერ ვასწავლით უნივერსიტეტებში. ეს მოძველებული განათლების სიტემაა მთელს მსოფლიოში. მაქსიმალურად უნდა ავუწყოთ ფეხი  ტექნოლოგიურ პროგრესს. დღეს არ აქვს მნიშვნელობა საქართველოში ცხოვრობ, ამერიკაში თუ რუსეთში, შენ თუ გაქვს კარგი იდეა და ბიზნესის კეთების სამეწარმოეო უნარები, შეგიძლია ამ იდეისგან პროდუქტის შექმნა, შენ შეგიძლია იყო ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტარტაპის ხელმძღვანელი. ძალიან ბევრი ასეთი ადამიანია, მათ შორის თინეიჯერები და მათი პრობლემა არის ის, თუ როდის გახდებიან სრულწლოვანები, რომ განკარგონ ის ფული, რომელიც იშოვეს ადრეულ ასაკშივე ტექნოლოგიებით.  ამ მხრივ  ყველანაირი პარამეტრი არსებობს, მაგრამ აქ არის ერთი პრობლემა, რომლის წინაშეც მალე დადგება თუნდაც აშშ და სხვები.  მთელი მსოფლიო გადადის დამოუკიდებელ ბიზნესსაქმიანობაზე,  ტოვებენ უნივერსიტეტებს, სასწავლებლებს. ჰგონიათ, რომ კარგი იდეა აქვთ, განახორციელებენ ამ იდეას, შექმნიან კაპიტალს და  იმუშავებენ. მერე იწყება კლასიკური ბიზნესის კეთების პროცესი, რომელშიც მათ გამოცდილება და განათლება არ აქვთ.  აქ მთავრდება სწორედ მათი წარმატება. ამიტომ ჩვენ არა მარტო სტარტაპები უნდა დავაფინანსოთ, არამედ მოვამზადოთ ეს ხალხი  მენეჯმენტში, რათა მათ მიერ შექმნილი პროდუქტი იყოს რეალურად გამოყენებადი და მათთვის წარმატების მომტანი, ასევე გამოადგეს ქვეყნის ეკონომიკასა და მის ზრდას. სწორედ ტექნოლოგიებია ის  ფაქტორი, რომელიც განაპირობებს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.