24/02/2024
Latest:
საზოგადოება

ვაჟა ბერიძე: მთავრობამ სტაბილურ ეროვნულ ვალუტასა და ეკონომიკის ზრდას შორის არჩევანი ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გააკეთა

ქართული ეკონომიკის განვითარების აქტუალურ პრობლემებსა და სამთავრობო გეგმებზე, ასევე საშინაო და საგარეო პოლიტიკის რამდენიმე აქტუალურ თემაზე ”ინტერპრესნიუსი” დამოუკიდებელ ექსპერტს, პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს ესაუბრა.

– ბატონო ვაჟა, არჩევნების დასრულებიდან რამდენიმე კვირაში ლარის კურსის უპრეცედენტო ვარდნა დაფიქსირდა. თქვენ როგორ შეაფასებდით ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ ვითარებას? რამდენად საფუძვლიანია მტკიცება, რომ გაზაფხულისთვის ეკონომიკური კრიზისი და ლარის კურსის ვარდნა პიკს მიაღწევს?

– უწინარეს ყოვლისა, ჩვენ ადეკვატურად უნდა შევაფასოთ შექმნილი ვითარება და მოვთხოვოთ მთავრობას განმარტებები ახალი ეკონომიკური პოლიტიკის ზოგიერთ საკვანძო მომენტზე. ის ამას დღემდე არ აკეთებს.
სწრაფი ეკონომიკური ზრდის კურსი უდავოდ დროული და მისასალმებელია. აქცენტი დროულად დაისვა და ხელისუფლება შეუდგა ჩანაფიქრის განხორციელებას. მთავრობა იმაშიც შექებას იმსახურებს, რომ არჩევნებიდან სულ მალე შეუდგა ახალი კურსის ხორცშესხმას. აქვს რა ნდობის მაღალი მანდატი საზოგადოების მხრიდან, რაც საკონსტიტუციო უმრავლესობაში აისახა, არ მოერიდა სოციალური პრობლემების გამწვავებას და აქედან მომდინარე ნეგატივს.
შედეგმაც არ დააყოვნა, ფინანსთა ახალი მინისტრის განცხადებას, რომ ჩვენ ლარის კურსს დევნას ვერ დავუწყებთო, შესაბამისი რეაქცია მოჰყვა. ეს ჯაჭვური რეაქცია ლარის დოლართან მიმართებაში 2.72–მდე გაუფასურებასა და იმავე დღის საღამოს 2.56–მდე გამყარებაში გამოიხატა – მთავრობამ აამუშავა ”არანორმატიული“ მეთოდები, აიძულა სავალუტო ბაზრის მთავარი მოთამაშეები ”უკან დაეხიათ“ და თითქოსდა პროცესი შეწყდა.
ეს არ მოხდებოდა ამჯერადაც მთავრობა რომ ყოფილიყო გულწრფელი და საზოგადოებისთვის დროულად განემარტა ახალი კურსის თანამდევი უარყოფითი შედეგები, რომელთა მინიმიზებისთვის თავადაც უნდა გადაედგა სათანადო ნაბიჯები და გაეტარებინა პრევენციული ზომები.
რეალურად, არჩევნების შედეგებით გულმოცემულმა მთავრობამ სტაბილურ ეროვნულ ვალუტასა და ეკონომიკის ზრდას შორის არჩევანი ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გააკეთა. შემდეგ კი უკვე იყო და არა იყო რაა, როგორც ზღაპარშია. ეროვნული ვალუტის სტაბილურობა თავისუფალი მცურავი კურსის პირობებში, როგორც ეს სააკაშვილის ხელისუფლების დროსაც იყო, მიიღწევა შესაბამისი ბერკეტების გამოყენებით. მათ შორის რეფინანსირების განაკვეთის, სავალუტო რეზერვის და ა.შ. ეს სოციალურ მდგომარეობას იმ ხალხის უმეტესობის, რომელსაც დოლარში აღებული სესხის ლარის შემოსავლებით დაფარვა უწევს, უკიდურესად არ ამძიმებს, მაგრამ ეკონომიკის ზრდას აფერხებს, რომ არაფერი ვთქვათ სწრაფი განვითარების უზრუნველყოფაზე.

 

შეიძლება ითქვას, რომ ლართან დაკავშირებით ყველაზე კრიტიკული პერიოდი უკვე გავლილია, ამიტომ, ჩემი სკეპტიციზმი, შესაძლოა, უახლოეს მომავალში არც გამართლდეს

აქვე მინდა შევნიშნო ჩემი კეთილგანწყობა და მხარდაჭერა კვირიკაშვილის პრობიზნესური მთავრობის მიმართ, მაგრამ თავს უფლებას მივცემ სკეპტიკური დამოკიდებულება გამოვთქვა სწრაფი განვითარების გეზის წარმატების მიმართ. იმ გეგმის შესრულებით, რასაც 4-პუნქტიანი გეგმა და 11-პუნქტიანი ღონისძიებათა ჩამონათვალი წარმოადგენს.
ჩემი აზრით, ეკონომიკის სწრაფი განვითარების მიღწევა, მით უმეტეს საშინაო და საგარეო ვითარების და ფაქტორების გავალისწინებით, შეუძლებელია. განსაკუთრებით ეს არ მოხერხდება 4-წლიანი პერიოდის განმავლობაში, რასაც ”ქართული ოცნების“ მთავრობისთვის ერთი საარჩევნო წიკლს წარმოადგენს.
ახლა ამას მივუმატოთ, რომ რუსეთში, აზერბაიჯანში და სომხეთში ფიქსირდება ეკონომიკური ვარდნა, თურქეთში კი არასახარბიელო ეკონომიკური ვითარებაა. გარდა ამისა, „ოპეკმა“ დააანონსა ნავთობის მოპოვების შემცირება, რაც ნავთობს გააძვირებს, ეს ნავთობმომპოვებელ ქვეყნებზე, ამ შემთხვევაში რუსეთზე და აზერბაიჯანზე დადებითად აისახება, რასაც საქართველოსთვის გადამდები ეფექტი ექნება.
თუმცა, გარდა საგარეო ფაქტორებისა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი შიდა იმპულსებიც იქნება. პირველ რიგში, აქ იგულისხმება ინფრასტრუქტურაში დიდი მოცულობის თანხების ინვესტირება, ძირითადად უცხოური რესურსის, რაც ლარის სტაბილიზაციაზე დადებითად აისახება. ასე რომ, ლართან დაკავშირებით, ყველაზე კრიტიკული პერიოდი, შეიძლება ითქვას, რომ უკვე გავლილია, ამიტომ ჩემი სკეპტიციზმი, შეიძლება უახლოეს მომავალში არც გამართლდეს.
– ეკონომიკის სფეროში აშკარად არასახარბიელო ტენდენციების ფონზე მთავრობამ პარლამენტს 2017 წლის ბიუჯეტი წარუდგინა. პრემიერი ეკონომიკის განვითარების 4 პუნქტიან გეგმაზე ამახვილებს ყურადღებას, ფინანსთა მინისტრი 11 პუნქტიან გეგმაზე. ეკონომიკის განვითარების გეგმებზე არა ერთი ხმამაღალი განცხადება კი კეთდება, მაგრამ თქვენი დაკვირვებით ქვეყანის ეკონომიკაში არსებული ვითარების გათვალისწინებით რამდენად ადეკვატური და რეალისტურია ხელისუფლების ეკონომიკური გეგმები და რამდენად ეფექტური შეიძლება აღმოჩნდეს ისინი?

 


– როგორც აღვნიშნე, სწრაფი ეკონომიკური განვითარების კურსი, მითუმეტეს მისი რეალიზება მომავალ ოთხ წელიწადში არარეალური მგონია. ახლა ჩავხედოთ 4 პუნქტიან გეგმას. ერთი შეხედვით აქ ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს. ამ ოთხი მიმართულებიდან სამი, სივრცითი მოწყობის გარდა, არ უკავშირდება მნიშვნელოვან დანახარჯებს და უფრო კონცეპტუალური ხასიათისაა, ასე ვთქვათ პოლიტიკური ნების თემაა.
თუმცა, ეკონომიკური რეფორმები ორიენტირებულია კერძო სექტორში უფრო მეტი თანხების დატოვებაზე, რათა მოხდეს ბიზნესის სტიმულირება. რაც შეეხება სივრცით მოწყობას, ეს მიმართულება გულისხმობს დამატებით 4 მილიარდი დოლარის მოზიდვას და საკვანძო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.

 

მნიშვნელოვანია ბიუჯეტი დაბალანსდეს და ვფიქრობ, მთავრობის დაანონსებული ცვლილებები – სხვადასხვა პროდუქციაზე აქციზების ზრდა, სწორედ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებია. თუ მთავრობა დააბალანსებს ბიუჯეტს, 4-პუნქტიანი გეგმის შესრულება სავსებით რეალისტურია

ანუ, რომ განვაზოგადოთ, გამოიკვეთა 2 ტიპის რეფორმები, ერთი მიმართულება, რომელიც ბიუჯეტში შემოსავლების შემცირებას გულისხმობს და მეორე მიმართულება, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის გასაწევ ხარჯებს. ეს საბოლოო ჯამში ბიუჯეტის დეფიციტს აუარესებს, რაც გეგმის შესრულებას ეჭვქვეშ აყენებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია ბიუჯეტი დაბალანსდეს და ვფიქრობ, მთავრობის დაანონსებული ცვლილებები – სხვადასხვა პროდუქციაზე აქციზების ზრდა, სწორედ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებია. თუ მთავრობა დააბალანსებს ბიუჯეტს, 4-პუნქტიანი გეგმის შესრულება სავსებით რეალისტურია.
– მთავრობის ეკონომიკური განვითარების 4-პუნქტიან გეგმაზე საუბრისას ბატონმა ლადო პაპავამ შენიშნა, რომ ქართული ეკონომიკა 4-პუნქტიან გეგმაში ვერანაირად ვერ ჩაეტევა. მიუხედავად ამისა, ხელისუფლების წარმომადგენლები მასზე დიდი ენთუზიაზმით საუბრობენ. თქვენი დაკვირვებით, რა არ მოხვდა მთავრობის ეკონომიკურ პროგრამაში ისეთი, რაც აუცილებლად უნდა მოხვედრილიყო? თუ ასეთ რამესთან გვაქვს საქმე, სავარაუდოდ, რა შეიძლება ყოფილიყო ამის მიზეზი?

 


– ვფიქრობ, ბატონი ლადო პაპავა მართალია, ქვეყნის ეკონომიკა გაცილებით მოცულობითია, ვიდრე 4-პუნქტიან გეგმაში დასმული საკითხები. არ მინდა სოფისტიკაში გადავიჭრა, არ მიყვარს საუბარი ძველი ქართული სიბრძნის შესატყვისი – აბა ჩემო მანასეო, ხან ისე და ხან ასეო, მაგრამ, რომ არ ვთქვა, არ ვიქნები საკუთარ თავთან მართალი – არც ხელისუფლების წარმომადგენლების ოპტიმიზმი მგონია აბსოლუტურად უსაფუძვლო.
ჩემი აზრით, აქცენტი მაინც არა პუნქტების რაოდენობაზე, არამედ გეგმის შინაარსზე უნდა გადავიტანოთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს 4-წლიანი გეგმაა და შესაბამისად, რაც მასში წერია, 4 წელიწადში უნდა შესრულდეს. მაგრამ, ამავე დროს ამ პუნქტებმა საქართველოს სწრაფი განვითარება უნდა უზრუნველყოს. საქართველოს ეკონომიკის წინაშე არსებული გამოწვევები კი გაცილებით მეტია, თუმცა 4 წელიწადში ყველა გამოწვევაზე სათანადო რეაგირება შეუძლებელია.
მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმა, ვფიქრობ, მნიშვნელოვან საფუძველს შექმნის, რომ ეკონომიკაში სერიოზული ძვრები მოხდეს. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ კუს ნაბიჯებით ვიაროთ, გასაკეთებელია მნიშვნელოვანი ნახტომი და ამისთვის საჭიროა აქცენტების გადატანა განვითარების გრძელვადიან ფაქტორებზე – ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ადამიანური რესურსის და პოტენციალის გაძლიერებაზე და ა.შ.

 

მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმა მნიშვნელოვან საფუძველს შექმნის იმისთვის, რომ ეკონომიკაში სერიოზული ძვრები მოხდეს. საჭიროა აქცენტების გადატანა განვითარების გრძელვადიან ფაქტორებზე – ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ადამიანური რესურსის და პოტენციალის გაძლიერებაზე

პოპულისტური იდეებით ისედაც დიდხანს იმართებოდა ჩვენი ქვეყანა და შედეგი სახეზეა, ბოლო 25 წელიწადში ზოგიერთმა პოსტსოციალისტურმა და პოსტსაბჭოთა ქვეყანამ გარკვეული წინსვლა აჩვენა, ჩვენ კი ძირითადად ფასადური ცვლილებებით შემოვიფარგლებოდით, თუ არ მივიღებთ მხედველობაში სააკაშვილის რეჟიმის დროს განხორციელებულ რეფორმებს, ბიუჯეტის ზრდას და საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობას. თუმცა ქვეყნის ,,სინგაპურიზაციის კურსი“ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს არ შეესატყვისებოდა და ეს წარმატებები გაფერმკრთალდა ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბებისა და ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევების ფონზე.
– ლარის გაუფასურების კვალობაზე საკმაოდ კრიტიკული მოსაზრებები გამოითქვა ხელისუფლებასა და ბანკებს შორის ურთიერთობებზე. თქვენ როგორ შეაფასებდით მთავრობისა და ბანკების ურთიერთობებს? რა როლს თამაშობენ კომერციული ბანკები ლარის გაუფასურებაში და რამდენად შეიძლება შეესაბამებოდეს მტკიცება, რომ მთავრობა ბანკებს მფარველობს?

 

 

– მთავრობა ცდილობს ბანკების და საბანკო სექტორის განვითარებასაც შეუწყოს ხელი. ბანკები ეკონომიკის სისხლძარღვებია, ამასთან ბიზნესია და როცა ის ვითარდება, ქვეყნისთვის და ხალხისთვის უდაოდ კარგი და მისაღები ფაქტორია.
ამავე დროს, არ მგონია ორი მსხვილი ბანკის დომინირება ამ სივრცეში კარგი იყოს საბანკო სისტემისა და ქვეყნისთვის, არც მათ მიერ არაპროფილური ბიზნესების ფლობას მივესალმები, არც ის მიმაჩნია ამ სისტემის პოზიტივად, ერთ–ერთი ბანკის უკან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები რომ. თუმცა, ვთქვათ, ამ ცოტა ხნის წინ ,,თიბისი ბანკის“ აქციებით ვაჭრობა, რომ დაიწყო ლონდონის საფონდო ბირჟაზე, ეს არამარტო ამ ბანკის მენეჯმენტის, არამედ ქვეყნის წარმატებაცაა.
ლარის დრეიფთან მიმართებაში, რა თქმა, უნდა ბანკებს თავიანთი როლი აქვთ და გავლენის მოხდენაც შეუძლიათ ამ პროცესზე. მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ლარი–დოლარის შეფარდების დადგენა ,,ბლუმბერგის“ პლატფორმაზე მხოლოდ ბანკებს შორის დადებული გარიგეგების საფუძველზე ხდება.
– ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში, პროფესორი იოსებ არჩვაძე მიიჩნევს, რომ ”ქვეყნის ორ მთავარ ინსტიტუტს, რომლებსაც ევალება ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა, ამჟამად ხელს არ აძლევს ლარის გამყარება”. მისივე მტკიცებით, აღმასრულებელ ხელისუფლებასაც ხელს აძლევს ლარის გაუფასურება, რადგან ”ვალუტის გაუფასურების შემთხვევაში ბიუჯეტში უფრო სწრაფად და უმტკივნეულოდ ხდება ქვეყნის შიდა ვალდებულებების გასტუმრებისთვის ესოდენ საჭირო სახსრების მობილიზება.” თუ ბატონ იოსების მტკიცება ნაწილობრივ მაინც შეესაბამება სიმართლეს, თქვენი აზრით, რატომ აკეთებენ მთავრობის წარმომადგენლები განცხადებებს, თითქოს ლარის კურსის გამყარებისათვის ხელისუფლება გარკვეულ ნაბიჯებს დგამს?

 


– ბატონ სოსო არჩვაძის ბოლო ინტერვიუებში ბევრი საინტერესო მოსაზრება გამოითქვა, თუმცა ცალსახად იმის მტკიცება, თითქოს მთავრობას ხელს აძლევს ლარის გაუფასურება, არ უნდა იყოს მართებული.
ლარის გაუფასურება, ერთის მხრივ, ზრდის ბიუჯეტის შემოსავლებს, მაგრამ, მეორე მხრივ, ზრდის გასაწევ ხარჯებსაც, მათ შორის საგარეო ვალდებულებების გადახდის კუთხით. ლარის გაუფასურება აუარესებს სოციალურ ფონს, ეხება მოსახლეობის უმრავლესობის ჯიბეს და არა მგონია მოსახლეობის უკმაყოფილების ზრდა ხელისუფლების ინტერესებში შედიოდეს. ის, რომ ლარის კურსის ცვლილება ნეგატიურად აისახება მოსახლეობაზე, ეს არის წლების განმავლობაში დაგროვებული პრობლემების შედეგი.

 

მთავრობა იძულებულია ერთი მხრივ შეამციროს ხარჯები და მეორე მხრივ გაზარდოს შემოსავლები. წინააღმდეგ შემთხვევაში 4-პუნქტიანი გეგმა ჩავარდება. თუ დეფიციტი დაბალ დონეზე არ შენარჩუნდა, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან მხარდაჭერა არ იქნება იმ მასშტაბის, რომ მთავრობამ ამბიციური გეგმები შეასრულოს

დღეს მთავრობა თითქოს ზრუნავს, რომ იგივე პრობლემა არ იყოს მომავალში. თუმცა, ვითარების გამოსასწორებლად, ჩემი აზრით, მთავრობის და ეროვნული ბანკის ძალისხმევა არ არის საკმარისი.
– თქვენი აზრით, რატომ არ ამბობს უარს მთავრობა აქციზების ფასის მომატებაზე და რატომ უფრო მეტად არ ამცირებს საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა სახელფასო ფონდს და მორცხვად საუბრობს მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურებში სტრუქტურულ ოპტიმიზაციაზე? გაქვთ იმის განცდა, რომ სახელმწიფო სტრუქტურების ოპტიმიზაციის შემდეგ სამუშაოს არ დაკარგავენ ისინი, ვინც რეალურად შეუძლია საქმის კეთება?

 


– აქციზზე ფასის მომატება ისედაც ამცირებს საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა რეალურ ხელფასს. აქვე გასათვალისწინებელია, რომ არაფერი ისე ძვირად არ უჯდება სახელმწიფოს, როგორც იაფი ბიუროკრატია. ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ მოგების გადასახადის რეფორმა და ესტონური მოდელის დანერგვა მართლაც გონივრული ნაბიჯია. ამ გზითაც უნდა წახალისდეს ინვესტიციები ქვეყანაში.
ამავე დროს, ამ ცვლილებით ბიუჯეტს სოლიდური თანხები დააკლდება. ამ დანაკლისის კომპენსირებისთვის კი მთავრობამ გადაწყვიტა აქციზის მომატება, რითაც ცხოვრება გაუძვირა მოსახლეობის შეჭირვებულ ფენებს. მესმის, რომ ეს არ იყო იოლად მისაღები გადაწყვეტილება, მაგრამ არ მგონია საუკეთესო აღმოჩნდეს.
ნებისმიერ რეფორმას და ნებისმიერ ახალ კურსს, მათ შორის სწრაფ განვითარებაზე ორიენტირებულს, ხალხის მხარდაჭერა სჭირდება და თუ მას უძვირდება ბენზინი, დიზელი, საბოლოო ჯამში პური და პირველადი მოხმარების საქონელი, მგზავრობა და ასე შემდეგ, არ მგონია სათანადო მხარდაჭერა ექნას მომავალ ცვლილებებს. აღარაფერს ვიტყვი სიგარეტის და საწვავის გაძვირებით, აგრეთვე იმპორტირებულ ავტომობილებზე დაბეგვრის ახალი რეჟიმის შემოღებით, მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და ეკოლოგიაზე რომ ზრუნავს ჩვენი მთავრობა. ეს მეტი რომ არ ვთქვათ, ირონიული დამოკიდებულებაა საკითხისადმი.

 

ის, რომ ლარის კურსის ცვლილება ნეგატიურად აისახება მოსახლეობაზე, ეს არის წლების განმავლობაში დაგროვებული პრობლემების შედეგი

თუმცა, ისიც ცხადია, რომ მთავრობა იძულებულია ერთის მხრივ შეამციროს ხარჯები და მეორე მხრივ გაზარდოს შემოსავლები. წინააღმდეგ შემთხვევაში 4-პუნქტიანი გეგმა ჩავარდება. თუ დეფიციტი დაბალ დონეზე არ შენარჩუნდა, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან მხარდაჭერა არ იქნება იმ მასშტაბის, რომ მთავრობამ ამბიციური გეგმები შეასრულოს. ხოლო, მხოლოდ შიდა რესურსით დაანონსებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება შეუსრულებელ დაპირებად იქცევა. ამდენად, ეს ცვლილებები არ არის მთავრობის ოცნება, მესმის, რომ მთავრობა უბრალოდ ვალდებულია ამგვარად მოიქცეს და ცხადია, ეს იქნება მტკივნეული.
– შიდა პოლიტიკაში უამრავი აქტუალური თემაა, მაგრამ ამჯერად თქვენს ყურადღებას გავამახვილებდი იმაზე, საკონსტიტუციო კომისიის თანათავმჯდომარე იქნება თუ არა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. მმართველი გუნდის წევრებს ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ აქვთ. საიას-ს წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი კი მიიჩნევს რომ ”თუ საკონსტიტუციო კომისიის ფორმატში პრეზიდენტი არ იქნება წარმოდგენილი, ეს დააკნინებს ამ კომისიის მნიშვნელობას”. თქვენც ასე ფიქრობთ?

 


– ერთი რამ ცხადია – საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება აუცილებელია. სააკაშვილის მიერ ინიცირებული და შუა გზაზე მიტოვებული რეფორმა ქვეყანას არ გამოადგება. სააკაშვილის მიერ საკუთარ თავზე მორგებული რეალობა ახალ ვითარებას არ შეესაბამება. ისიც ცხადია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის შედეგი უნდა იყოს.
პერსონალურად ჩემი, როგორც ერთი მოქალაქის და ანალიტიკოსის აზრია, რომ მართვის საპარლამენტო მოდელი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ქართველების ეთნოფსიქოლოგიას და საქართველოს მოსახლეობის სამომავლო პერსპექტივას უფრო მეტად ესადაგება და ამ მიმართულებით სვლის შემაფერხებელ ფაქტორად ოკუპირებული ტერიტორიების არსებობის დასახელება, ვფიქრობ, არ იქნებოდა სწორი.
რაც შეეხება საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობას, არ მიმაჩნია იგი პრინციპულ საკითხად. პრეზიდენტის გუნდი, ბუნებრივია, ამ პროცესში აქტიურად უნდა ჩაერთოს. იქ ბევრი ნიჭიერი ადამიანია, მაგრამ თავად გიორგი მარგველაშვილის მონაწილეობა, ამ კომისიაში არსებული პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, პრეზიდენტსა და ქვეყნის მმართველ პოლიტიკურ ძალას შორის კონფრონტაციას გააღრმავებს, რაც ამ პროცესის საყოველთაობისა და გონივრულობის საქმეს დააზარალებს.

 

პრეზიდენტის საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობა არსებული პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე მასსა და ქვეყნის მმართველ პოლიტიკურ ძალას შორის კონფრონტაციას გააღრმავებს, რაც ამ პროცესის საყოველთაობისა და გონივრულობის საქმეს დააზარალებს

რაც მთავარია, ამ პროცესში საზოგადოება უნდა ჩაერთოს აქტიურად და იგი არ უნდა იყოს ერთი და ორი პიროვნების მოსაზრებების ასახვა, იქნება ეს ბიძინა ივანიშვილი, გიორგი მარგველაშვილი, მიხეილ სააკაშვილი თუ სხვა. ამასთან, ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა დასავლეთში უნდა გააცნობიერონ, რომ ქართველი ხალხი პოლიტიკურად გაცილებით გამოცდილია ვიდრე ადრე და იქნებ მას პოლიტიკური პროცესის ზედამხედველები აღარც სჭირდება. ვფიქრობ, ,,ნაციონალების“ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ დასავლეთში გაჩენილ კითხვებს ქართველმა ხალხმა არაერთხელ გასცა მკაფიო პასუხი.
– ევროპარლამენტმა და ევროპის საბჭომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის კომპრომისულ ვარიატზე შეთანხმებას მიაღწიეს. სულ ცოტაც და საქართველოსა და უკრაინისათვის უვიზო მიმოსვლის მექანიზმი ამოქმედდება. ვითარებაში, როცა ევროპაში ბევრ მიზეზთა გამო სიტუაცია თითქოს გაურკვეველია, ევროსტრუქტურებმა გადაწყვეტილება თბილისისა და კიევის სასარგებლოდ მიიღეს. მართლია, ამის მოლოდინი ნამდვილად იყო, მაგრამ თქვენ როგორ აღიქვით, ჩვენთვის ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება?

 


– ვიზალიბერალიზაცია, რომელიც ვფიქრობ სულ მალე რეალობა გახდება, ქვეყნის უდავო წარმატებაა, ასოცირების ხელშეკრულების შემდეგ ჩვენ მივიღეთ ცალსახა და მკაფიო გზავნილი დასავლეთისგან. ეს ქართველი ხალხის, ჩვენი პოლიტიკური ისტებლიშმენტის, დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან საქართველოს ყველა მთავრობის დამსახურებაა. განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ამაში ჩვენს წინაპრებს, რომლებმაც 25-საუკუნოვან სისხლისღვრასა და ვაებაში შეინარჩუნეს ჩვენი მიწა–წყალი – ალაგი, რომელიც დღეს არის უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური თვალსაზრისით. ეს უდიდეს თავსატეხსაც გვიჩენს, მაგრამ დიდი სიკეთეცაა.

 

ვიზალიბერალიზაცია უდიდესი შესაძლებლობები და სერიოზული საფრთხეებია

მეორე მხრივ ვიზალიბერალიზაცია დიდი შესაძლებლობებია და ამასთან სერიოზული საფრთხეც. ჩვენ ღარიბი ქვეყანა ვართ, 2 მილიონამდე საქართველოს მოქალაქე უკვე გასულია რუსეთში, თურქეთში, საბერძნეთსა და სხვა ქვეყნებში. ეკონომიკის სწრაფ განვითარებაზე ვფიქრობთ, რასაც მუშახელი, მათ შორის კვალიფიციური მუშახელი და კარგად მომზადებული სპეციალისტები დასჭირდება. 2 მილიონი კი უკვე გასულია და თუ შემდეგ 10 წელიწადში ამას ახალი 2 მილიონი დაემატება, ქვეყანაში სხვა, ეროვნული ინტერესებისათვის საზიანო პრობლემებიც ჩამოყალიბდება, მათ შორის შესაბამისი შრომითი რესურსის ნაკლებობა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეების დიდ ნაწილს ევროპაში სამოგზაუროდ წასასვლელად სახსრები არ მოეპოვება, ვიზალიბერალიზაცია მაინც დიდი სიკეთეა. ამასთან, ჩვენ ვიცით, რომ ბევრი ელის იმ დღეს, როცა ევროპაში გამგზავრებას ლეგალურად შეძლებს, მაგრამ ყველა არ დაბრუნდება. ჩვენ ესეც ვიცით. ესეც პრობლემაა და ამ რეჟიმის შეწყვეტის მექანიზმიც არსებობს.

 

,,ქართული ოცნება“ თავისი ძველი და ახალი გვარდიით უფრო პროდასავლურობასთან ერთად, უფრო პროქართულია და ესეც მისასალმებელია

ამიტომ ხელისუფლებაც და ხალხიც, ჩვენ მოქალაქეები დინჯად, ბრძნულად და გონივრულად უნდა მოვიქცეთ – ვისარგებლოთ შესაძლებლობებით, რასაც ასეთი რეჟიმი გვაძლევს. მერწმუნეთ, – ევროპისთვის, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტია ლტოლვილების პრობლემა, 50 მილიონი ადამიანისთვის (საქართველოს პლუს უკრაინა), თუნდაც სამოგზაუროდ საზღვრების გახსნა იოლი არ იყო…
– მთავრობის საგარეო პოლიტიკურ კურსზე საუბრისას პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა – ”ვარაუდები, თითქოს ”ქართული ოცნება” არ არის პროდასავლური, როგორც ჩვენი წინამორბედები, რეალობისგან ძალიან შორსაა”. მისივე განმარტებით, ”ქართული ოცნების” ხელისუფლება უფრო პრაგმატულია და ცდილობს რუსეთთან ურთიერთობებში დაძაბულობის დეესკალაციას და ამას იმისთვის აკეთებს, რომ უზრუნველყოს რეგიონში დაძაბულობა, ვიყოთ თანმიმდევრულები დასავლეთთან, ევროკავშირსა და ნატოსთან მიმართებით. თქვენ როგორ შეაფასებდით პრემიერის ამ განცხადებას?


– ვეთანხმები პრემიერის ამ შეფასებებს, ,,ქართული ოცნება“ დღეს არ არის ნაკლებ პროდასავლური, ვიდრე წინა ხელისუფლება. ამასთან პროდასავლური ,,ქართული ოცნება“ თავისი ძველი და ახალი გვარდიით უფრო პროდასავლურობასთან ერთად უფრო პროქართულია და ესეც მისასალმებელია.

მეც ვფიქრობ, რომ რუსეთთან დიალოგია საჭირო, ეს ძნელი, არქიძნელი იქნება, მაგრამ უამისობა ,,ტრამპის ეფექტისა“ და შესაბამისი ტექტონური ძვრების გათვალისწინებით ევროპასა და სამეზობლოში არ ეგების.

ესაუბრა კობა ბენდელიანი

წყარო: ”ინტერპრესნიუსი”