07/05/2024
Latest:
საზოგადოება

ვარძია კიდევ უფრო ღირებული ხდება – არქეოლოგების ახალი აღმოჩენა

ვარძია კიდევ უფრო ღირებული და საინტერესო ხდება. არქეულოგებმა ისტორიული ძეგლის აქამდე უცნობ იარუსებს კომპლექსის დასავლეთ ფერდზე მიაკვლიეს.

ახლად აღმოჩენილი იარუსები ცენტრაურ და აღმოსავლეთ ნაწილებისგან სართულების რაოდენობის გარდა სხვა კრიტერიუმებითაც განსხვავდება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ უკვე გამოკვლეული ქვაბულებისგან განსხვავებით, რომელთაც კელიების დანიშნულება ჰქონდა, ახლადაღმოჩენილი დიდი დარბაზები საცხოვრებელ-სამეურნეო ფუნქციას ატარებდა. განსხვავებულია არქიტექტურაც.

სართულების დამაკავშირებელი შიდა გვირაბები მხოლოდ ახლადგამოკვლეულ ნაწილში აღმოჩნდა. ვარძიის დანარჩენ მხარეში კი იარუსებს შორის ფასადური, დერეფნული კავშირი იყო. კომპლექსის ეს დარბაზიც უნიკალურია. მოზრდილ გამოქვაბულში გვერდიგვერდ 2 თონეა მოწყობილი.

გამოწმენდილ ყველა დარბაზს დამატებითი ნაგებობა აქვს, რომელიც პროდუქტის შესანახად გამოიყენებოდა.

ქვაბულების არქეოლოგიური კვლევისას ნაპოვნი მოჭიქული და მოუჭიქავი კერამიკის ჭურჭელი, მთლიანად ნამსხვრევებად არის ქცეული, თუმცა შეწებებული ისტორია შუა საუკუნეების ყოფაზე გვიამბობს. ფიალებისა და ქოთანის ფორმები მარტივია. მარტივი ორნამენტია დატანილი ერთერთ სარქველზე. ფერადი მხოლოდ ფილებია. ცისფერი, შავი და მწვანე, შეიძლება ითქვას, შუა საუკუნის აქაური ქართველების საყვარელი ფერებია. ფილებს მე 13 საუკუნის ბოლოს სამარხების და სახურავების მოსაპირკეთებლად იყენებდნენ.

ძლევამოსილი თამარის პერიოდის საქართველოს სიმბოლოს ტურისტული მარშრუტი მალე განახლებული ისტორიით შეივსება.

[wpolling id=”13″ width=”” height=””]