14/05/2024
Latest:
საზოგადოება

ვიზალიბერალიზაცია – ნაბიჯი გაერთიანებული ევროპისა და გამთლიანებული საქართველოსკენ  

 

ის, რისთვისაც იღწვოდნენ ზეზვა და მზია, რის გამოც რომში ჩავიდა ფარსმან ქველი და პარიზში სულხან-საბა, აღსრულდა. საქართველო ევროპის ნაწილი ხდება. ხბოს აღტაცება მაინც ნაადრევია, თუმცა, პოზიტივი სახეზეა

ხელისუფლება საარჩევნო კამპანიას ტრიუმფით იწყებს

 “ქართულ ოცნებას” ბევრი კრიტიკა შეხვდა, ძირითადად ყოფილი ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მედიისა და იოლი ცხოვრების მომლოდინე, იმედგაცრუებული ამომრჩევლებისგან. მიუხედავად ამისა, სამოქალაქო სექტორში გადასული, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაკომპლექტებული მთავრობა იობის მოთმინებით მიჰყვება არჩეულ გეზს და  იაფფასიანი ლობისტური კაკაფონიის ნაცვლად აქცენტს სტრატეგიული ამოცანების გადაჭრაზე აკეთებს. საკრიტიკო მას ბევრი აქვს, მაგრამ ფაქტია, რომ მის მიერ არჩეულმა ევროინტეგრაციის მოზომილმა კურსმა გაამართლა. ევროპა, რომელიც ნატოს წევრობაზე დღემდე უარს გვეუბნება, დათანხმდა უვიზო მიმოსვლის დაშვებას საქართველოს მოქალაქეებისთვის, რაც უდაოდ ისტორიულ და სანიშანსვეტო მოვლენას წარმოადგენს, ჩვენი დამოუკიდებლობის 25-წლიანი თავდაუზოგავი ბრძოლისა და შრომის შედეგიცაა და დღევანდელი მთავრობის გამიზნული, გააზრებული პოლიტიკის შედეგიც. დღეს, “ნაციონალებს” უნდათ ამ გამარჯვების სააკაშვილის დროინდელი რეფორმების შედეგად წარმოდგენა, მაგრამ იქვე ჩიხში აღმოჩნდებიან ხოლმე: ევროსტრუქტურების ორ მთავარ გზავნილად ვიზალიბერალიზაციისა და ევროკავშირისკენ სვლის კონტექსტში, მედიაპლურალიზმს და სასამართლოს დამოუკიდებლობას ასახელებენ. როგორი დამოუკიდებელიც სასამართლო იყო სააკაშვილის დროს, ჩვენ კარგად ვიცით – პროკურატურის მიერ შეთითხნილი ბრალდებების ნოტარიუსი, ხოლო მედიაპლურალიზმი ტელეკომპანია “იბერიის”, ტელეკომპანია “იმედისა” და ტელეკომპანია “მზის” მითვისება-მისაკუთრება-განადგურების ფონზე, ჩვენ კარგად გვახსოვს რას წარმოადგენდა. დღეს სააკაშვილის ხელისუფლება ყოფილიყო, ევროკავშირს ასეთი გადაწყვეტილების ინიცირება გაუჭირდებოდა. “ქართული ოცნების” ხელისუფლება, რომელსაც ხშირად აკრიტიკებენ მოუგვარებელი სოციალური პრობლემების გამო, რომელთა დიდი ნაწილი, რა თქმა უნდა, წარსულის მემკვიდრეობაა, საარჩევნო წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი გარღვევით იწყებს. უწინარეს ყოვლისა, ეს არის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, რაც ნიშნავს რეალურ პერსპექტივას საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, შანსს ახალგაზრდა თაობისთვის, მიიღონ კარგი განათლება და შესაძლებლობებს ბიზნესისთვის უკეთ გაიაზრონ ხუთას მილიონიანი ევროკავშირის ბაზრის მოთხოვნილება და თავისებურებები. ეს ნიშნავს საქართველოს ეკონომიკისთვის განვითარების ახალ იმპულსებს, საქართველოს მეტ მიმზიდველობას ოკუპირებული სეპარატისტული რეგიონებისათვის, ჩვენი ძმების – აფხაზებისა და ოსებისთვის. მოკლედ ბევრ სიკეთეს და ეს სიკეთე ეკუთვნის ყველას – უწინარეს ყოვლისა, მთავრობას, რომელსაც სტრატეგიული ხაზი სწორად უჭირავს. ოპოზიციას, რომელიც მას მოდუნების საშუალებას არ აძლევს. ქართველ ხალხს, საქართველოს მოსახლეობას, რომელსაც ევრაზიულ კავშირზე გაცილებით მეტად ისევ და ისევ ევროპა ეიმედება, თუმცა არც რუსეთთან მტრობას აპირებს, თუკი ეს უკანასკნელი გონს მოეგება, სწორად გაიაზრებს, რას სჯობს თავად მისი სტრატეგიული ინტერესებისთვის, კერძოდ კავკასიაში და გლობალურ ასპექტში – აფხაზებისა და ოსების დაუსაბუთებელი და უსამართლო ამბიციების ამწუთიერი ინტერესებისთვის გამოყენება, თუ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, რაც რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების პრობლემისთვის შანსს წარმოადგენს, რადგან სხვა შემთხვევაში რუსეთის დაშლა-დანგრევა გარდუვალია. ამ მხრივ, ისევ გაწონასწორებული რეაქცია პრემიერ ღარიბაშვილის მხრიდან, რუსეთის პრეზიდენტ პუტინის განცხადებაზე საქარველოს მოქალაქეებთან მიმართებაში უვიზო რეჟიმის აღდგენის შესაძლებლობის თაობაზე. ღარიბაშვილმა თქვა, რატომაც არა! მართლაც, ჩვენ სავიზო რეჟიმი არ შემოგვიღია რუსეთთან, ინიციატორები არ ვყოფილვართ და თუ საქართველოს მოქალაქეებს რუსეთშიც შეეძლებათ ვიზირების განხორციელება, რატომაც არა?! თუმცა დღეს ჩვენთვის მთავარი ევროპასთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმია, რომელიც პერსპექტივაში ევროკავშირთან დაახლოებისთვის სერიოზულ პლაცდარმს წარმოადგენს.

ამიტომ, ფაქტი ნამდვილად მიღწევად უნდა შეფასდეს, დღევანდელი ხელისუფლების მიღწევად, პირველ რიგში, მაგრამ არა მხოლოდ. პირველი ნაბიჯი, სერიოზული ნაბიჯი “ეროვნულმა მოძრაობამ” და ზვიად გამსახურდიამ გადადგა, როცა 1991 წლის 31 მარტს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა, პროცესს სერიოზული დინამიკა მიანიჭა ედუარდ შევარდნაძემ, ევროკავშირთან დაახლოებას ხელი შეუწყო მიხეილ სააკაშვილის საქმიანობამაც და, რაც მთავარია, ქართველი ხალხის, საქართველოს მოსახლეობის ცალსახა განწყობამ, რომელიც სამოქალაქო ომის, ეთნოკონფლიქტების, სოციალური სიდუხჭირის და რუსეთის მტრული მოქმედებების მიუხედავად დღემდე ურყევად დგას ევროპასთან დაახლოების პლატფორმაზე.

ზეზვა ხელცულით და ბექა ცულით – ისტორიული ასპექტი და ეკონომიკური ქვეტექსტი

და, არ გამოგვრჩეს ისტორიული ასპექტიც. ზეზვათი და მზიათი ევროპა დმანისში დაიწყო, ფარსმან ქველი რომში ჩავიდა სამეგობროდ და მარსის მოედანზე ძეგლიც დაუდგეს, სულხან-საბა როგორ ევნო და ეწამა ევროპასთან დასაახლოებლად და იქამდე ჩვენი ჭირ-ვარამის ჩასატანად, ესეც ცნობილია. აღარაფერს ვიტყვი რუსთაველზე და “აღმოსავლურ რენესანსზე”, როგორც ევროპული კლასიკური რენესანსის წინადღეზე. ასე რომ, ევროპა ყველა თვალსაზრისით ილიას გზაა, მაგრამ ხბოს აღტაცება ამ შემთხვევაშიც უადგილო მგონია. თუ ქართველებმა ევროპაში მოგზაურობიდან ის ჩამოიტანეს, რასაც ჩაიტანენ, ვერაფერი შეღავათია. დღეს 5,5 მლნ საქართველოს მოქალაქიდან (1985წ) ქვეყანაში 3,7 მლნ მოსახლეა დარჩენილი. აქედან, მიუხედავად ყოველივესი, 800 000 რუსეთში ცხოვრობს, დანარჩენი ერთი იმდენი საბერძნეთში და სხვაგან. მართალია, ვიზალიბერალიზაცია სამუშაო ვიზების მიღების შესაძლებლობას არ გულისხმობს, მაგრამ მოწადინებულები აქამდეც მიდიოდნენ და 2016-დან უფრო აქტიურად წავლენ სამუშაოდ და საცხოვრებლად ევროპის ქვეყნებში. თუ ამ ციფრმა ხუთ წელიწადში კიდევ ერთი მილიონი მოგვცა, უახლოეს მომავალში ამუშავებული ეკონომიკის პირობებში (ასეთი რამეც, იმედია, მოსალოდნელია) მუშა ხელის დეფიციტი შეიქმნება და არც ქვეყნის ინტერესებისთვის იქნება სახარბიელო. თუმცა, ყველა თვალსაზრისით, უვიზო მიმოსვლა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ნებისმიერი მიმართულებით, ახალი შესაძლებლობების გაჩენა, ხოლო სუვერენიტეტი და ხალხის ნებით არჩეული ხელისუფლება იმისთვის გვჭირდება, რომ ამასთან დაკავშირებულ პრობლემებზე იფიქროს და სათანადო რეაგირება მოახდინოს საფრთხეებზე, შესაბამისი პოლიტიკა შეიმუშაოს და განახორციელოს.

ასე რომ, ვიზალიბერალიზაცია კარგი ათვლის წერტილი და შემობრუნების მომენტი აღმოჩნდა “ქართული ოცნების” ხელისუფლებისთვის. თუ ამას C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამასაც დავუმატებთ, ოპოზიციას მასთან შეჯიბრება გაუჭირდება. აქ უკვე ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების გაქილიკება, პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით სკანდალების პროვოცირება ვეღარაფერს შეცვლის.

ბექა ციხისელი