საზოგადოება

ყოველი ბოთლი ხვანჭკარა, რომელიც საქართველოში იწარმოება, ავთენტურია

შეგვიძლია გარანტირებულად ვთქვათ, რომ ყოველი ბოთლი ხვანჭკარა, რომელიც საქართველოში იწარმოება, არის ავთენტური, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ღვინის ხარისხის კონტროლი და ღვინის რეპუტაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ქართული პროდუქტის მიმართ სანდოობა იყოს მაღალი და ჩვენ ვისაუბროთ მდგრად განვითარებაზე და მზარდ ტენდენციებზე.

„განსაკუთრებით კითხვის ნიშანი ისმებოდა ისეთი იშვიათი ღვინის შესახებ, როგორიც არის ხვანჭკარა – რამდენად ავთენტურია იგი და ორიგინალია, წარმოებულია ალექსანდროულისა და მუჯურეთულისგან იმ კონკრეტულ მიკროზონაში, რომელიც ამ კონკრეტული დაცული ადგილწარმოშობის გეოგრაფიით არის განსაზღვრული. მე მინდა გითხრათ, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში უპრეცედენტო მოქმედებები არის ამ მიმართულებით გატარებული. ერთი მხრივ, ფაქტობრივად ყველა მევენახე დარეგისტრირებულია ელექტრონულ ბაზაში, მეორე მხრივ, მკაცრად კონტროლდება ყურძნის მოძრაობა ამ ზონაში, აღირიცხება თითოელი კილოგრამი. არსებობს ისეთი პრაქტიკაც, რომ ჩვენ გვყავს სპეციალისტები ჩართული რთველის მიმდინარეობის პროცესში, როდესაც თითოეული კილოგრამის რეგისტრაციის დროს ხდება კონკრეტული ჯიშის დაფიქსირება და ამოცნობა, რაც უპრეცედენტო მოვლენაა და ალბათ, არც წინა, მრავალწლიან ხვანჭკარის ისტორიაში არ ყოფილა ასეთი მომენტი, როდესაც ჩვენ შეგვიძლია გარანტირებულად ვთქვათ, რომ ყოველი ბოთლი ხვანჭკარა, რომელიც საქართველოში იწარმოება, არის ავთენტური“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.