ზაქარია ქუცნაშვილი: კეთილდღეობისთვის 37-მილიარდიანი მთლიანი შიდა პროდუქტი საკმარისი არაა
“ქართული ოცნების” დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი “TV პირველის” ეთერში აცხადებს, რომ საქართველოს ეკონომიკა ევროპის ეკონომიკის მსგავსად ვითარდება, თუმცა საჭიროა ევროპაზე 4-ჯერ სწრაფად განვითარება, იმისათვის რომ ჩამორჩენილობის დაძლევა შევძლოთ.
„ჩვენ დავიცავით კერძო ბიზნესი, შევუწყვეთ ხელი მცირე ბიზნესის განვითარებას, იაფი კრედიტებით, უამრავი საგრანტო კონკურსებით, ექვსი მნიშვნელოვანი სახელმწიფო პროგრამით. შევამცირეთ გადასახადები, შევამცირეთ საშემოსავლო გადასახადი, გავაუქმეთ მოგების გადასახადი.
რა თქმა უნდა, გაჭირვება და უმუშევრობა, როგორც მცირე ეკონომიკის თანმდევი შედეგი დაძლეული არ არის, 37 მილიარდიანი მთლიანი შიდა პროდუქტი არ არის საკმარისი, იმისათვის რომ მიაღწიო საყოველთაო კეთილდღეობას. გარწმუნებთ ამ სამ წელიწად ნახევარში ჩვენ გვქონდა საშუალო ევროპული ეკონომიკის ზრდა. საშუალო ევროპული ზრდა არის პროცენტ ნახევარი, ჩვენ 3-3,5 %-იან ზრდაზე ნაკლები არ გვქონია, მაგრამ ეს რა თქმა უნდა, არ არის დამაკმაყოფილებელი.
პრემიერიც საუბრობს, როდესაც ამბობს, რომ ჩვენ თვითკმაყოფილი ხელისუფლება არ ვართ, იმიტომ რომ ჩვენ საშუალოდ 4-ჯერ სწრაფად უნდა ვიზდებოდეთ ევროპის ზრდასთან მიმართებაში, რომ შევძლოთ 5-10 წელიწადში ჩამორჩენილობის დაძლევა“,- განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.