ზურა ჯაფარიძეზე თავდამსხმელი სასამართლომ 2 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერზე, ზურა ჯაფარიძეზე თავდამსხმელი სასამართლომ 2 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. პროცესი დღეს, 24 ივლისს გაიმართა. დაკავებული სოსო მაისურაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, თავდასხმა 17 ივნისს გორის სმარტთან მოხდა. ზურა ჯაფარიძე პარტიის წევრებთან ერთად ბორჯომში, „გირჩი-მეტი თავისუფლების“ მიერ ორგანიზებულ სემინარზე მიდიოდა. ჯაფარიზე მანქანაში მარტო დარჩა, რა დროსაც მას უცნობი პირი ფიზიკურად გაუსწორდა და დაზიანება თვალის არეში მიაყენა.
იმავე დღეს, 17 ივნისს მოქალაქე სოსო მაისურაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ჯაფარიძეს თავს ის დაესხა. მან ძალადობა პატრიარქისა და ეკლესიის დაცვით ახსნა. პოლიციამ სოსო მაისურაძე პოსტის გამოქვეყნების შემდეგ დააკავა.