26/04/2024
Latest:
ეკონომიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 40 მგვტ სიმძლავრის ენერგოეფექტური გაგრილების ინოვაციური სისტემით აღჭურვილი დატა ცენტრი გახსნა.

ცენტრის გახსნაზე პრემიერმა აღნიშნა, რომ სასიხარულოა როცა ისეთი ცნობილი კომპანია, როგორიცაა „BETFURY“, ინვესტიციებით საქართველოში შემოდის.

პრემიერის ინფორმაციით, კომპანიამ თანაინვესტირების ფონდის თანადგომით, უკვე განახორციელა 30 მილიონი დოლარის ინვესტიცია, აღნიშნული დატა ცენტრი კი ამ კომპანიის მეორე პროექტია.

„ჩვენ აქ ვხედავთ 40 მგვტ სიმძლავრის თანამედროვე დატა ცენტრს. ეს არის უახლესი ტექნოლოგია. ყველაზე მეტად რაც მახარებს არის ის ფაქტი, რომ საქართველოში ასეთი ცნობილი კომპანია შემოდის. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში საინვესტიციო გარემო გაუმჯობესებულია. ეს ჩვენთვის იმედის მომცემია. მოგეხსენებათ, რომ ჩვენმა მთავრობამ ზოგადად ინვესტიციების წახალისება დაიწყო. ამ მიმართულებით არა ერთი ნაბიჯი გადავდგით. ასევე გეტყვით, რომ ტექნოლოგიური პარკის გახსნით, რომელსაც უახლოეს დღეებში წარვადგენთ, დამატებით სტიმულს მივცემთ ინვესტიციების შემოტანას. ასევე გეტყვით, რომ ზოგადად ქვეყანაში ტექნოლოგიების განვითარება დამატებით სარგებელს ქმნის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა კომპანიის დამფუძნებელსა და პროექტში ჩართულ ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა.

ცნობისთვის, მეგა საპროცესინგო დატა ცენტრი „BETFURY“-ს ბოლო თაობის უახლესი 28 და 16 ნანომეტრიანი ჩიპებით არის აღჭურვილი. ასევე, აღსანიშნავია, რომ კომპანიამ დატა ცენტრში დანერგა გაგრილების ინოვაციური ენერგოეფექტური სისტემა.

როგორც ცენტრის გახსნაზე აღინიშნა, „BETFURY“-ის პროექტები საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროს განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.

გლდანის მეგა დატა ცენტრის პროექტის ფარგლებში უკვე შეიქმნა 20 მუდმივი მაღალინტელექტუალური სამუშაო ადგილი. ადგილობრივი დასაქმებული ქართველები დარგის უცხოელ ექსპერტებთან თანამშრომლობის ფარგლებში, ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში უახლესი მიღწევების დანერგვას ახორციელებენ.

აღსანიშნავია, რომ გლდანში განთავსებულ მეგა დატა ცენტრში მომუშავე ქართველი IT სპეციალისტები ისლანდიაში განთავსებულ დატა ცენტრსაც უწევენ ზედამხედველობას საქართველოდან.

კომპანიამ BitFury პირველი წარმატებული პროექტი გორში განახორციელა, რის შემდეგაც გადაწყვიტა საქართველოში ბიზნეს საქმიანობის გაფართოება და დაიწყო დამოუკიდებელი პროექტის განხორციელება გლდანში და 18 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე თბილისის თავისუფალი ზონის განვითარება. პროექტი მიზნად ისახავს IT სფეროში მოღვაწე წარმატებული საერთაშორისო კომპანიების მოზიდვას და შემოყვანას საქართველოში, რაც თავის მხრივ გულისხმობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლას ქვეყანაში.
BitFury Group მეგა დატა ცენტრის არსებობა დიდ როლს ითამაშებს სხვა საერთაშორისო კომპანიების მოზიდვის კუთხით. წინასწარი გათვლებით თბილისის თავისუფალი ზომის ფარგლებში მოზიდული ინვესტიციები 100 მლნ ამერიკულ დოლარს გაუტოლდება.