“ქალაქი რუსთავი გახდა მაფიოზური და კლანური მმართველობის ქალაქი, სადაც „ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ საერთო ბიზნეს და კორუფციული ინტერესები აქვთ” – ბერდია სიჭინავა
ქალაქი რუსთავი გახდა მაფიოზური და კლანური მმართველობის ქალაქი, სადაც „ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ საერთო ბიზნეს და კორუფციული ინტერესები აქვთ, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერით, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს იმპიჩმენტი მოუწყო.
„ქალაქი რუსთავი გახდა მაფიოზური და კლანური მმართველობის ქალაქი, სადაც „ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ საერთო ბიზნეს და კორუფციული ინტერესები აქვთ, რასაც მუდმივად ვუშლიდით და მომავალშიც შევუშლით ხელს. შეგახსენებთ, რომ ამ ორმა პარტიულმა კლანმა, რუსთაველებს ერთობლივად გაუზარდეს გადასახადები, საერთო ბიზნესინტერესებით დაამტკიცეს სამშენებლო დეველოპერული პროექტები და დღეს მათ ბიზნესში პარტნიორული ურთიერთობა უკვე ოფიციალურ პოლიტიკურ კოალიციად გააფორმეს.
„ოცნებამ“ რუსთავის საკრებულოსთან მისულ ჩვენი გუნდის წარმომადგენლებს დაგვახვედრა მერიის სხვადასხვა სამსახურში დასაქმებული ადამიანები და სუს-ისგან მართული პროვოკატორები, ხოლო ადგილზე მობილიზებული პოლიცია, სამწუხაროდ, საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის ნაცვლად, დაიმალა, რისი კადრებიც საზოგადოებამ საჯაროდ იხილა. გვინდა თითოეულ კეთილსინდისიერ პოლიციელს, რომლებთან ერთადაც ჩვენს გუნდს ბევრი უმუშავია ამ სახელმწიფოსთვის, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის – კრიმინალის წინააღმდეგ, სოლიდარობა გამოვუცხადოთ – ამ ადამიანებს პოლიტიკური ხელმძღვანელობა საკუთარი მოვალეობის შესრულების საშუალებას არ აძლევს! გვინდა იცოდეთ, რომ ეს მოცემულობა მალე შეიცვლება, მათ შორის თქვენი მხარდაჭერით!
რუსთავის მსგავსად, „ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ სურთ ზუგდიდის საკრებულოს რეიდით აღება! მათ დაწყებული აქვთ ეს პროცესი და ეს იქნება კიდევ ერთი ღია დადასტურება, რომ „ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საერთო კოალიციის გასაფორმებლად ემზადებიან, რაც ჩვენმა მოქალაქეებმა არ უნდა დაუშვან და ეს ორი პარტია არჩევნებზე წარსულში უნდა დატოვონ,“ – განაცხადა სიჭინავამ.
შეგახსენებთ, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია, რომელიც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრია, თანამდებობიდან გადააყენეს. შეროზიას პოსტიდან გადაყენების საკითხს დეპუტატებმა კენჭი დახურულ ფორმატში უყარეს. კენჭისყრაში მონაწილეობა 21-მა დეპუტატმა მიიღო, მათ შორის 18 იყო მომხრე, 3 ბიულეტენი კი ბათილად გამოცხადდა.