მსოფლიო

2015 წლის ყველაზე წარმატებული მილიარდერი

Forbes-მა 2015 წლის ყველაზე წარმატებული მილიარდერი დაასახელა და ის Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორია.  ჯეფ ბეზოსმა   2015 წელს 29.5 მილიარდი დოლარის გამომუშავება მოახერხა, –  წერს Forbes.

ჯეფ ბეზოსი, რომელიც მიმდინარე წლის მარტში მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანთა რეიტინგში მე-15 ადგილზე იყო, წლის ბოლოს  58.4 მილიარდი დოლარით რეიტინგში მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა.

ყველაზე წარმატებულ ბიზნესმენთა რეიტინგში მეორე ადგილზეა Facebook-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მარკ ცუკერბერგი, მან თავისი ქონება 11 მილიარდით გაზარდა.  მესამე ადგილზეა Alphabet-ის გენდირექტორი ლარი პეიჯი, რომელმაც წლის განმავლობაში თავისი შემოსავალი  9.2 მილიარდით გაზარდა, მისი ქონება კი 45.6 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.  ხუთეულში მოხვდა ასევე Alphabet-ის პრეზიდენტი სერგეი ბრინი, რომელმაც წელს  8.9 მილიარდი დოლარი შემოსავალი მიიღო და  მისი ქონება 37.6 მილიარდ დოლარამდე  გაიზარდა.

მაიკლ ბლუმბერგმა, რომელიც Bloomberg LP-ის  დამფუძნებელი და ხელმძღვანელია, 5.5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, ხოლო მისი ქონება  40.5 მილიარდამდე გაიზარდა.

გამოცემამ ასევე წლის ყველაზე წარუმატებელი მილიარდერი დაასახელა. მექსიკელი ბიზნესმენი კარლოს სლიმი, რომელიც ყველაზე მდიდარ ადამიანთა რეიტინგში   2015 წლის მარტში სიაში  მეორე იყო,  8 დეკემბრისთვის დაკარგა 15.9 მილიარდი დოლარი. მისი ქონებრივი მდგომარეობის 22 პროცენტით შემცირდა და 55.2 მილიარდი დოლარი გახდა, როცა მარტის თვეში 77.1 მილიარდის მფლობელი იყო.