07/05/2024
Latest:
საზოგადოება

ოჯახის ექიმი და ინდური წარმოების ჯენერიკების სანდოობაზე საუბრობს

„ჯენერიკი სანდო და ეფექტური სამკურნალო პრეპარატია“

მედიკამენტების გაძვირების ფონზე ჯანდაცვის სამინისტრომ ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკ  მედიკამენტების სეგმენტის გაფართოება დაანონსა, რამაც თავის მხრივ მედიკამენტებზე ფასების შემცირებას უნდა შეუწყოს ხელი. ჯენერიკ მედიკამენტებთან დაკავშირებით ექიმმა თამარ დათეშაძემ ისაუბრა.

„როდესაც ვსაუბრობთ ჯენერიკებზე, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის სანდო და ეფექტური სამკურნალო პრეპარატი, რომლის აქტიურ ნივთიერებაზე პატენტის ვადაა  გასული და არ წარმოადგენს ფარმაცევტული კომპანიის კუთვნილებას. ზოგადად ჩვენთან ჯენერიკები ახალი ,,ხილი’’ არ არის და დიდი ხანია მოხმარებაშია. ინიციატივა, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე მეტი კომპანია შემოვიდეს ჯენერიკების სახით მისასლმებელია. მაგრამ რეალობა, რომელიც დღეს არსებობს ფარმაცევტულ ბაზარზე, ცოტა არახელსაყრელად მიმაჩნია. არსებობს რამდენიმე ოლიგოპოლისტი კომპანია და ძირითადად ისინი ყიდიან მედიკამენტებს“, – განმარტავს ექიმი და ინდური წარმოების ჯენერიკების სანდოობაზე საუბრობს:  „ცალსახად კარგის ან ცუდის თქმა არ შემიძლია, თუმცა კოლეგები ხშირად ვცდილობთ ცნობილი და გამოცდილი მედიკამენტების დანიშვნას, თუკი პაციენტს აქვს შესაძლებლობა და ის ცდილობს მიიღოს ბრენდული წამალი. თუმცა მისი უფლებაა, რომ რეცეპტში მივუთითოთ, როგორც ჯენერიკის დასახელებაც, და ავუხსნათ, რა განსხვავებაა მათ შორის და შესაძლებლობიდან გამომდინარე, გადაწყვიტოს რომელს იყიდის და მიიღებს“, – განმარტა თამარ დათეშიძემ.

ოჯახის ექიმმა თბილისში 3 ძირითადი საავადმყოფოს მართვაზე გამოცხადებულ ტენდერთან დაკავშირებითაც ისაუბრა: „ტენდერში საუკეთესო წინადადება  ავსტრიულმა კომპანიამ წარმოადგინა და კომისამაც მოიწონა. ტენდრის პირობების შესაბამისად, აღნიშნულ სამ კლინიკას პროფილი  არ შეეცვლება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ის ფაქტი, რომ  ამ კლინიკების მართვა ევროსტანდარტების მიხედვით იგეგმება, მისასალმებელია. მაგრამ მინდა შევეხო ისეთ მნიშვნელოვან თემას, როგორიც არის სერვისებზე ხელმისაწვდომობა.  ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს ფინანსური პრობლემა აქვს და მათთვის  მაღალი სტანდარტების სერვისების მიღება პრობლემას წარმოადგენს,  თუ საყოველთაო დაზღვევის პაკეტში იქნება ჩადებული გარკვეული შეღავათები, ეს უკვე მისაღებია. ვფიქრობ, რომ სწორედ ეს ინფორმაცია უნდა გაახმოვანოს სამინისტრომ  და აცნობონ საზოგადოებას,  საბოლოოდ, ხომ აღნიშნული ცვლილებები მოსახლეობისთვის იგეგმება და არა ერთეული ადამიანებისთვის“, – აღნიშნა თამარ დათეშაძემ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ტენდერი რამდენიმე თვის წინათ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ    “საპარტნიორო ფონდის “ დახმარებით  გამოაცხადა, სადაც  განაცხადი  სამმა კომპანიამ წარადგინა, რომელთა შორისაც ერთი კანადური და ერთიც ქართული კომპანია იყო. რესპუბლიკური საავადმყოფოს, ონკოლოგიური ცენტრისა და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს მართვაზე, ფლობასა და ოპერირებაზე  გამოცხადებულ   ტენდერში ყველაზე დიდი ინტერესი ავსტრიულმა კონსორციუმმა  „ალფამედიკმა”  დაიმსახურა. სრული დოკუმენტაცია ვადებში სწორედ აღნიშნულმა კომპანიამ  წარადგინა.