ეკონომიკა

22 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 20 ათას ტონაზე მეტი სტანდარტული მანდარინი

დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ,,ნარინჯისფერი რთველი“ შეუფერხებლად მიმდინარეობს. 22 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 20 ათას ტონაზე მეტი სტანდარტული მანდარინი, გადამუშავებულია – 5 ათას ტონამდე ციტრუსი. სამრეწველო მანდარინის გადამუშავების შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 990 ათას ლარს მიაღწია (აქედან სახელმწიფო სუბსიდიის თანხა 494 ათას ლარამდეა).


სტანდარტული მანდარინის ექსპორტი ძირითადად ხორციელდება შემდეგ ქვეყნებში: რუსეთი 16 549 ტ. (80.10 %), უკრაინა 2 690 ტ. (13.02 %), სომხეთი 574 ტ. (2.78 %), აზერბაიჯანი 205 ტ. (0.99 %), ყაზახეთი 1.97 % 407 ტ. (1.97 %), ბელარუსი 161 ტ. (1.15 %), სხვა ქვეყნები 74 ტ. (0.35 %).


ამ ეტაპზე, მანდარინის მიღება-გადამუშავებას აწარმოებს ექვსი ქარხანა: ქობულეთში – Georgian Industrial Asset Management Group და შპს TCF Georgia, ქედაში დაემატა შპს ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა-აგრო-ქედა“, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში GEO-Flowers, ჩოხატაურში შპს ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა-აგრო-ჩოხატაური“ და გორში შპს ,, გსქ კულა“.


საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებენ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის რეალიზაციის ხელშემწყობ პროექტს, რომლის ფარგლებში, კომპანიები, რომლებიც 1 კგ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ მანდარინს არანაკლებ 0.20 ლარად შეისყიდიან, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსგან 1 კგ მანდარინზე 0.10 ლარის ოდენობის სუბსიდიას მიიღებენ. საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი და მაღალხარისხიანი ციტრუსის მიწოდების უზრუნველსაყოფად, წლევანდელ სეზონზე, აჭარისა და გურიის რეგიონებში მანდარინის ჩაბარება 40-მდე დამახარისხებელ (შემფუთავ) პავილიონშია შესაძლებელი.


,,ნარინჯისფერი რთველის“ ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, 2015 წლის 1 ნოემბრიდან ქალაქ ბათუმში შექმნილია ციტრუსის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბი. ფუნქციონირებს ცხელი ხაზიც – 2 47 01 01. ყველა დაინტერესებულ პირს ციტრუსის სეზონის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.apma.ge შეუძლია.