18/05/2024
Latest:
ეკონომიკა

“სახელმწიფომ მოსახლეობის გაღატაკებას ხელი უნდა შეუშალოს”

საქართველოში, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, ეკონომიკური ზრდა, მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი და გადასახადები ის საკითხებია, რომლებიც ყოველთვის წარმოადგენენ მსჯელობისა და განხილივის საგანს. აღნიშნული საკითხების შესახებ ვესაუბრებით “საქართველოს მომავლის პროექტის” პრეზიდენტს, ვახტანგ ლომჯარიას.

– ხშირად მოვისმენთ მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ქვეყნისთვის საჭიროა ორნიშნა ციფრში გამოხატული ეკონომიკური ზრდა, რამდენად რეალური და მიღწევადია საქართველოსთვის, რომ მოცემულ ეტაპზე ყოველწლიურად ორნიშნა ეკონომიკური ზრდა მივიღოთ?

– არსებული მდგომარეობით, რაც ჩვენ გვქონდა წელს და შარშან, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა საქართველოსთვის უბრალოდ ფანტასტიკის სფერო იყო. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორები განიცდიან სერიოზულ რეცესიას და ამ დროს შენთან სამოთხე იყოს და ყვაოდეს. ასეთ გამონაკლისებს შეიძლება მსოფლიოს რომელიმე ქვეყნის მაგალითზე შევხვდეთ, თუმცა, ჩვენთვის არარეალურია. ძალიან ხშირად შევხვდებით ქართულ პოლიტიკურ სივრცეში დემაგოგიას ამ კუთხით, გვესმის, რომ გვჭირდება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. მე მინდა შეგახსენოთ, რომ 2015 წლის მონაცემები მსოფლიოს ქვეყნების საბოლოო ეკონომიკურ ზრდაზე ჯერ არ არის გამოქვეყნებული, თუმცა 2014 წელს  ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ქონდა მხოლოდ და მხოლოდ 2 ქვეყანას, ეს იყო თურქმენეთი და ეთიოპია და ორივეს ქონდა დაახლოებით 10,3%–იანი ზრდა. ყველა სხვა ქვეყანას ჰქონდა ნაკლები მაჩვენებელი. ხოლო ჩვენი ეკონომიკური ზრდა, რომელიც იყო 4,8%, ბუნებრივია გასული წლების მაჩვენებლებთან შედარებით იყო მცირე, თუმცა ყველაფერი ფარდობითია, როცა სხვები განიცდიან პრობლემებს, შეუძლებელია, რომ შენ რაიმე სერიოზულ შედეგს მიაღწიო, თუმცა ეს მაჩვენებელი 4,8%, იყო პირველი შემთხვევა, როცა ჩვენ გავუსწარით ყველა ჩვენს მეზობელს ეკონომიკური ზრდით, არათუ ჩვენს მეზობლებს, არამედ პირველ ადგილზე ვიყავით ევროპაში. აქ სერიოზული კრიტიკის საფუძველი, ვფიქრობ არ არსებობდა. ამასთან, ჩვენ ყოველთვის გვისწრებდნენ ჩვენი მეზობლები, თუნდაც 2007 წელს, როდესაც გვქონდა ორნიშნა 12%–ანი ეკონომიკური ზრდა, ამავე პერიოდში სომხეთს ქონდა 13.5%–ანი ზრდა, ხოლო აზერბაიჯანმა 25%–ანი ზრდა დააფიქსირა.

– ბოლო დროს საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობები, მსოფლიოს წამყვან ეკონომისტებს შორის, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის – მშპ–ს მაჩვენებელი, არ არის კარგი მზომავი ადამიანის მსყიდველობითი უნარის, ასევე მისი ცხოვრების ღირებულებისა, როგორია თქვენი შეფასება მშპ–ს მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით და ფიქრობთ თუ არა, რომ ეს მაჩვენებელი არ გვაძლევს ქვეყანაში რეალური სურათის დანახვის შესაძლებლობას?

– მშპ არის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინდიკატორი, რომელიც საკმაოდ სერიოზულ სიგნალებს იძლევა, მაგრამ ის არ იძლევა სიგნალებს ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, მაგალითად, ჩვენ გვაქვს ეკონომიკური ზრდა, მაგრამ ის სიკეთე, რასაც ქვეყანა იღებს ამ ზრდით, ნაწილდება მთლიანად მოსახლეობაზე, თუ მხოლოდ რამოდენიმე ელიტურ ჯგუფზე? ზრდა უნდა იყოს ინკლუზიური და ის უნდა იგრძნოს თითოეულმა მოქალაქემ თავის თავზე. ცხადია აქ მცირედი სხვაობები იქნება, მაგრამ არ შეიძლება, ამ სარგებელს იღებდეს, მხოლოდ გარკვეული ელიტები. მნიშვნელოვანია, რომ ზრდის პერიოდში, უნდა იყოს ძლიერი ტემპი, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების ზედა ფენაზე ასროლისკენ, საშუალო ფენის ქვემოთ მყოფი მოსახლეობისთვის, საშუალო ფენაში ასროლისკენ და პირიქით, ხელი უნდა ეშლებოდეს საშუალო ფენიდან სიღარიბის ზღვარს ქვემოდ გადასვლას, ანუ მოსახლეობის გაღატაკებას.

არსებობს ესეთი ინდიკატორი, რომელიც პირდაპირ ითარგმნება, როგორც “პროგრესის ჭეშმარიტი ინდიკატორი”, ის აკვირდება მთლიან შიდა პროდუქტს, მაგრამ, აკვირდება მშპ–ს სტრუქტურასაც, მის ხარისხობრივ მაჩვენებელს, არა მხოლოდ რაოდენობრივს, რასაც ჩვენი მშპ გვაძლევს, არამედ იმასაც, თუ რა სტრუქტურა აქვს მას, არის თუ არა მასში დაბალანსებული სხვადასხვა სფეროები, არის თუ არა მდგრადობის ელემენტი ჩადებული, ასევე განათლების მიმართულებით რა მდგომარეობა არის, რა ხდება ჯინის კოეფიციენტის კუთხით და რამდენად დიდია სხვაობა ღარიბ და მდიდარ ფენებს შორის, ამ ჯინის კოეფიციენტით უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს, რეგიონში ამ მაჩვენებლით გვისწრებს როგორც სომხეთი, ასევე აზერბაიჯანი და ეს მდგომარეობა ბოლო ათლწლეულების განმავლობაში საკმაოდ გაუარესებული იყო. ცხადია, არავინ არ საუბრობს იმაზე, რომ მდიდრებს უნდა შევუშალოთ ხელი გამდიდრებაში, არამედ ღარიბებს უნდა შევუშალოთ ხელი გაღარიბებაში, არამიზნობრივი და არასწორად დაგეგმილი კრედიტების აღებაში, რასაც მიყავს ოჯახები ერთადერთი საცხოვრებელი სახლებიდან გამოსახლებამდე და სიღატაკის მიღმა დარჩენამდე, ოჯახურ ტრაგედიებამდე, თვითმკვლელობამდე, ანუ არსებობს უამრავი თემა, რომლებზეც შეიძლება, რომ სახელმწიფოს დამოკიდებულება იყოს უფრო მეტად პრაგმატული და არსებული მძიმე სოციალური ფონის გამოსწორებისკენ მიმართული. რაც შეეხება მთლიან შიდა პროდუქტს, ის კარგი ეკონომიკური მაჩვენებელია, თუმცა მისი ზრდა არ ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეების ცხოვრების დონე უმჯობესდება.  

– ხშირად მოვისმენთ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მოთხოვნებს, რომ ჩვენი საგადასახადო გარემო უფრო მეტად უნდა ლიბერალიზდეს და გაუქმდეს გარკვეული ტიპის გადასახადები, როგორია თქვენი ანალიზი ამ კუთხით?

– უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნები, რომელთაგანც ჩვენ ვცდილობთ, რომ მაგალითი ავიღოთ და მიგვაჩნია მიწიერ სამოთხეებად, მაგალითად სკანდინავია, გერმანია ან სხვები, არცერთი მათგანი არ განვითარებულა დაბალი გადასახდებით. დაბალი გადასახადები ცხადია ქმნიან მნიშვნელოვან სტიმულებს, თუმცა მეცნიერული დაკვირვებით დადგენილია, რომ დაბალ გადასახადებზე ბევრად მეტი სტიმულია პოლიტიკური სტაბილურობა. ჩვენ გვაქვს უსერიოზულესი პრობლემები ტერიტორიული მთლიანობის კუთხით, რომელიც გრძელვაიან პერიოდში მოგვარების საკითხია და რაც ასევე ქმნის არახელსაყრელ ბიზნეს გარემოს, მაგრამ ამას გარდა უმნიშნელოვანესია სტაბილური პოლიტიკური გარემოც. გადასახადები ჩვენთან ისედაც საკმაოდ დაბალია და მე ვერ წარმომიდგენია სფერო, რომელიც ინვესტორისთვის მიმზიდველია და მისთვის გადასახადები ქმნის ბარიერს. ბარიერს ქმნის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, არდე ქმნიდა საკუთრების უფლების ხელყოფის ძალიან არასახარბიელო მონაცემები, რომელიც ეხლა აღარ არის, მაგრამ, მე ვერ ვხედავ სერიოზულ ბარიერს მაღალ გადასახადებში ჩვენთან.

აქვე აღვნიშნავ ერთ საინტერესო ფაქტს, რომელიც ნორვეგიაში დაფიქსირდა. ცხადია, არასერიოზულია ნორვეგიის და საქართველოს შედარება, თუმცა უნდა დავაკვირდეთ სხვა მნიშვნელოვან თემებსაც. ნორვეგიაში საკმაოდ მცირე ხნის წინ, ჩატარდა რეფერენდუმი, გადასახადების შემცირებასთან დაკავშირებით, მოგეხსენებათ ნორვეგიული გადასახადები ერთ–ერთი ყველაზე მაღალია, ქართულ საგადასახადო ტვირთზე ორ სამჯერ მაღალი. ნორვეგიის მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა მხარი დაუჭირა ძველი გადასახადების მოდელის შენარჩუნებას და უარი თქვა გადასახადების შემცირებაზე, და რატომ? თუ ჩვენ გადასახადებს აღვიქვამთ იმად, რომ ვიღაცა ჯიბეში გვიყოფს ხელს და ფულს გვართმევს, ცხადია ამ მხრივ შეიძლება წინააღმდეგობა გავწიოთ და არ მოგვწონდეს, რომ გადასახადები არსებობს, მაგრამ, გადასახადებით იქმნება გარკვეული დოვლათი, განათლება, ჯადაცვა, თავდაცვა, სამართალდამცავი სტრუქტურების დაფინანსება, ასევე ერთ–ერთი მნიშვნელოვანი დამსაქმებელი არის სახელმწიფოც, უამრავი ადამიანია დასაქმებული საჯარო სეტქორში. სახელმწიფოც ქმნის საკმაოდ სერიოზულ დოვლათს, იგივე ინფრასტრუქტურული პროექტები და ა.შ. ანუ თუ ჩვენ უარს ვამბობთ გარკვეულ გადასახადებზე, უნდა ვიცოდეთ, რომ ასევე უარს ვამბობთ, იმ დოვლათზე, რასაც სახელმწიფო ქმნის. მე არ ვფიქრობ, რომ გადასახადების შემცირება ჩვენთან მნიშვნელოვან ეკონომიკურ ძვრებს გამოიწვევს.