17/05/2024
Latest:
ეკონომიკა

იანვრიდან ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტი შესაძლებელი გახდება

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია თაფლის კვლევაზე საერთაშორისო აკრედიტაციას იანვარში მიიღებს, – ამის შესახებ eugeorgia.info-ს ლაბორატორიის დირექტორმა, ლალი მაძღარაშვილმა, განუცხადა.

მისი თქმით,  FAO-ს  ექსპერტებთან ბოლო შეხვედრის დროს ყველა მაჩვენებლის (ანტიბიოტიკების, პესტიციდებისა და მძიმე მეტალების) კვლევის მეთოდების ვალიდაციის პროცესი დასრულდა.

„იანვარში  თბილისში უცხოელი სპეციალისტების  კიდევ ერთი ვიზიტი  იგეგმება, რის შედეგად აკრედიტაციას  უკვე  საბოლოოდ მივიღებთ. შესაბამისად, ჩვენი სამოქმედო არეალი გაფართოვდება და პრეისკურანტში სხვა კვლევებთან  ერთად დაინტერესებულ პირებს ახალ მეთოდებსაც შევთავაზებთ“, – აღნიშნა მაძღარაშვილმა.

ლაბორატორიის დირექტორის  თქმით,  თაფლის  მწარმოებელ კოოპერატივებს, მეფუტკრეობის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ტესტირებას ახლადდანერგილ მაჩვენებლებზე  უფასოდ შესთავაზებენ. თუმცა, სხვა პირებისთვის მომსახურება, სავარაუდოდ, 250 ლარი ეღირება.

აღსანიშნავია, რომ ქართულ თაფლს თავისი საგემოვნო თვისებების გამო ევროკავშირში დიდი საექსპორტო პოტენციალი აქვს, – ამის შესახებ თავად ევროპელმა ექსპერტებმა არაერთხელ განაცხადეს. თუმცა, პროდუქციის გატანა შეუძლებელია შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატის გარეშე. სავალდებულო მაჩვენებლებზე კვლევა საქართველოში აქამდე ვერ ტარდებოდა და, სინჯები ძირითადად ბალტიისპირეთში იგზავნებოდა, სადაც ერთი ნიმუშის კვლევა, დაახლოებით, 2000 ევრო  ჯდება.

eugeorgia.info