სხვა

ვინ და რატომ ძალადობს საქართველოში ქალებზე – ამბები რეგიონებიდან

 

ავტორი : მირანდა ფუტკარაია

ხაშურში მეგობარ ქალზე ძალადობის ბრალდებით   უცხო ქვეყნის მოქალაქე მამაკაცი დააკავეს.  – 2022 წლის  23 ნოემბერი.

საქართველოს პროკურატურამ ქალაქ ზუგდიდში ქალზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე პოლიციის თანამშრომელი გ.ბ. დააკავა. პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 25 იანვარს ქ. ზუგდიდში, პოლიციის თანამშრომელმა გ.ბ.-მ პირად საკითხზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, მეგობარ ქალს, მ.თ.-ს სახეში ხელი რამდენჯერმე დაარტყა.  –  2022 წლის 26 იანვარი.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კაცი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ქმარმა ცოლს ეჭვიანობის ნიადაგზე თავი გადაპარსა.ამასთან, ქმარმა ცოლის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ამსახველი ვიდეო გადაიღო და თანასოფლელებს შორის გაავრცელა.  – 2023 წლის 23 დეკემბერი.

საქართველოს რეგიონებში   ქალზე ძალადობა ,სამწუხაროდ, არაერთხელ მომხდარა. ფაქტებზე წერენ და ყვებიან.  სუსტი სქესის წარმომადგენლები  კი კვლავ  მოწყვლად ჯგუფად რჩებიან.   ამის დასტურია  შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკაც.

სტატისტიკის თანახმად,  2023 წლის   1 იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ქალთა მიმართ ძალადობის 6543 შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც შსს-ს მონაცემებიდან ირკვევა, მათგან ყველაზე მეტი –  3013  შემთხვევა თბილისში მოხდა,  806 შემთხვევა ქვემო ქართლში,  651 -აჭარაში,  507 -კახეთში,  399 კი  შიდა ქართლში.

1993 წელს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ  ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დეკლარაცია გამოსცა, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობას შემდეგნაირად განსაზღვრავს:

„გენდერული ნიშნით ძალადობის ნებისმიერი აქტი, რომელიც იწვევს ან სავარაუდოდ გამოიწვევს ქალების სექსუალურ ან ფსიქოლოგიურ ზიანს ან ტანჯვას. ასეთი ქმედებებიდან მომდინარე საფრთხეებს შორის არის თავისუფლების იძულებით ან თვითნებურად აღკვეთა, იქნება ეს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში“.

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, ქალთა მიმართ ძალადობა გულისხმობს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალების მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობისათვის დამახასიათებელ ყველა ქმედებას, რომელთაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური ან სექსუალური ტანჯვის ან ეკონომიკური ზიანის მიყენება, მათ შორის, ასეთი ქმედებების ჩადენის მუქარა, ქალების იძულება ან მათთვის თავისუფლების თვითნებური აღკვეთა.

ქალთა მიმართ ძალადობა დაუძლეველი გამოწვევაა.  მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ დაზარალებული ქალები, ძირითადად, დუმან.    გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქსტატის მიერ  საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ 2022 წლის კვლევის თანახმად , ქალების 38.2 %-ს ამ თემაზე  არავისთან უსაუბრია.

„ იმ ქალებს შორის, ვინც ძალადობის შესახებ ვინმეს უამბო, უმრავლესობამ უამბო იმ ოჯახის ქალ წევრს, რომელშიც დაიბადა/გაიზარდა (42.5 პროცენტი), ხოლო 27.6 პროცენტმა მომხდარი მეგობარს ან მეზობელს გაანდო. გაცილებით ნაკლებმა ქალმა უამბო იმ ოჯახის კაც წევრს, რომელშიც დაიბადა/გაიზარდა (14.5 პროცენტმა), მისი მეუღლის ოჯახის ქალ წევრს (13.2 პროცენტმა), თავის შვილებს (6.1 პროცენტმა) თუ მეუღლის ოჯახის კაც წევრს (6.5 პროცენტმა).“ – ვკითხულობთ კვლევაში.

 საქართველოში ქალებზე ძალადობის პრობლემის სიმწვავეს ცხადყოფს სახალხო დამცველის 2022 წლის ანგარიშიც. მასში აღნიშნულია, რომ  საქართველოს გენერალური პროკურატურის მონაცემებით, 2022 წელს 25 ქალის მკვლელობის662 ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 15 შემთხვევა ჩადენილია ოჯახური დანაშაულის ნიშნით, ხოლო 11 შემთხვევა – არაოჯახური დანაშაულის ნიშნით. 663 ასევე, გამოვლინდა ქალის მკვლელობის მცდელობის 37 შემთხვევა, 664 საიდანაც 28 ოჯახური დანაშაულის ნიშნით იყო ჩადენილი, ხოლო 9 შემთხვევა – არაოჯახური დანაშაულის ნიშნით.

მარნეულში, მიმდინარე წლის ივნისში, სოფელ ყიზილაჯლოდან 16 წლის  გოგო გაიტაცეს,  2022 წლის 19 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ქმარმა ცოლი დაჭრა, სოფელ სადახლოში აგვისტოში ქმარმა ცოლი მოკლა,  რუსთავში 2023 წლის 5 აპრილს მამაკაცმა ქალს სცემა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, 2023 წლის 26 სექტემბერს ბოლნისში ქმარმა ცოლი ცივი იარაღით მოკლა, 2020 წლის 13 თებერვალს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში  პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა პირმა ქალს ბლაგვი საგნის გამოყენებით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა…..ეს რეგიონებში ქალებზე ძალადობის  ფაქტების  არასრული და მძიმე ჩამონათვალია!

აღსანიშნავია ის, რომ მარნეულში 2019 წელს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის კრიზისული ცენტრი შეიქმნა. ცენტრი სარეაბილიტაციო მომსახურების დაწესებულებაა, რომელიც ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა ან ძალადობის სავარაუდო მსხვერპლთა დახმარებისთვის არის შექმნილი,
2019 წლის მონაცემით, ქვეყნის მასშტაბით, 7 კრიზისული ცენტრი ფუნქციონირებს: 2 მათგანი – თელავსა (კახეთი) და ზუგდიდში (სამეგრელო) ,დანარჩენი 5 ცენტრი კი თბილისში, მარნეულში (ქვემო ქართლი), გორში (შიდა ქართლი), ქუთაისსა (იმერეთი) და ოზურგეთში (გურია) მდებარეობს.

ქალთა უფლებების დაცვის საჭიროებასა  და აუცილებლობაზე საუბრისას უნდა გვახსოვდეს :

„…ახლა მაინც ჩვენმა კაცებმა დაანებონ თავი ზვაობას და მეშურნეობას, მისცენ თავიანთ დებსაც თანასწორი სწავლა და მიმართულება, რომ შეეძლოთ კიდეც კვალში ჩადგომა და ანგარიშის მოთხოვნა თანამედროვე ქალებისა, თორემ ძველ დედაკაცებს სამარის მეტი ვეღარა გაგვასწორებს რა და ახალი თაობის ქალებიც ღვაწლსა და შრომას არ შეუდრკებიან თუკი საქმეს არ უშველიან რასმე.” –  პირველი ქართველი ფემინისტი ქალი  ბარბარე ჯორჯაძე,   ჟურნალი „კვალი“. 1893 წელი.

კომენტარის დატოვება