“ჩვენ ვართ ძალიან ამაყი, ძალიან თავმოყვარე ერი და ყველას ვთხოვთ, მეგობრებს განსაკუთრებით, ნუ დაგვიშლიან და თითს ნუ დაგვიქნევენ ისეთ რაღაცაზე, რასაც თავისთან არეგისტრირებენ” – მამუკა მდინარაძე
ჩვენ ვართ ძალიან ამაყი, ძალიან თავმოყვარე ერი და ყველას ვთხოვთ, მეგობრებს განსაკუთრებით, ნუ დაგვიშლიან და თითს ნუ დაგვიქნევენ ისეთ რაღაცაზე, რასაც თავისთან არეგისტრირებენ, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას აღნიშნა, რომ ზოგიერთი ქვეყნის შემთხვევაში აღნიშნული კანონმდებლობა ბევრად მკაცრ რეგულაციებს ითვალისწინებს, ვიდრე საქართველოში დაინიცირებული კანონპროექტი.
„როდესაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისგან, კონკრეტული ადამიანებისგან თუ ოფიციალური სტრუქტურებისგან, მათ შორის, ჩეხეთის ელჩისგან ვისმენთ განცხადებას, რომ „უცხოური გავლენა“, „უცხოური ძალა“ ჟღერს არამეგობრულად, მაშინ მე ყველას შევახსენებ, რომ მაგალითად როგორ ჰქვია დიდ ბრიტანეთში კანონს – „უცხოური გავლენის რეგისტრაციის სქემა“; ევროკავშირში – „მესამე ქვეყნების სახელით განმახორციელებელი ინტერესების წარმომადგენლობის გამჭვირვალობის შესახებ შიდა ბაზრის ჰარმონიზების მოთხოვნის დაწესება“; ავსტრალია – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის სქემის აქტში ჩანაწერი“; კანადა-„ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის გაძლიერება“; საფრანგეთში დაინიცირებული კანონი -„უცხოური გავლენის დასაძლევად“; უკრაინა – „გარკვეული საკანონმდებლო აქტები შესწორების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო სისტემებში“; აშშ- „უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტი“.
რატომ არის ჩვენთან პრობლემა, რაც სხვაგან ლეგიტიმურ საფუძველს წარმოადგენს ასეთი კანონების მიღების. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ პატარა ქვეყანას, მცირერიცხოვან ერს, არ აქვს იმის უფლება, რაც შეუძლიათ გააკეთონ დიდმა ქვეყნებმა – მე ასე არ მიმაჩნია, ქართველ ხალხს ასე არ მიაჩნია. ჩვენ ვართ ძალიან ამაყი, ძალიან თავმოყვარე ერი და ყველას ვთხოვთ, მეგობრებს განსაკუთრებით, ნუ დაგვიშლიან და თითს ნუ დაგვიქნევენ ისეთ რაღაცაზე, რასაც თავისთან არეგისტრირებენ. საქართველოში ნუ მისცემენ ექსტრემისტებს იმის საშუალებას, რომ რუსული დაუძახონ იმას, რაც მოქმედებს აშშ-ში, ისრაელში, კანადაში, ახალ ზელანდიაში, რაც ინიცირებულია ევროკავშირში ცოტა მკაცრი რეგულაციებითაც კი, ვიდრე ჩვენს პროექტშია წარმოდგენილი. ჩვენ ვართ ამაყი, თავმოყვარე ერი და ასეთ მიდგომას არ ვიმსახურებთ არავისგან. შესაბამისად, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ქვეყანა იმართებოდეს დამოუკიდებლად, ქართველი ხალხის არჩეული ხელისუფლების მიერ, სუვერენიტეტი იყოს განმტკიცებული და ვერავინ შეძლოს, რომ შავი ფულით მოახდინოს გარკვეული კორექტივების შეტანა ამ ქვეყნის მართვაში“,– განაცხადა მდინარაძემ.