აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები ცნობილია
აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგების შეჯამება დასრულდა. უსკო-ს ვებგვერდზე ატვირთულია 347+1 შემაჯამებელი ოქმი. უმაღლესი საარჩევნო კომისიის ცნობით, უმაღლესი საბჭო ოთხი პოლიტიკური სუბიექტით კომპლექტდება, მაჟორიტარულ ოლქებში კი მეორე ტური გაიმართება:
“პირველადი წინასწარი მონაცემებით, პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში პირველ ადგილზეა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო,“ რომელმაც ხმების 44.91% მიიღო, ხოლო მეორეზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხმების 29.63% – ით.
5%-იანი ბარიერი წინასწარი მონაცემებით, გადალახული აქვს „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობისა“ და „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსს.
“ შეგახსენებთ, ეს არის წინასწარი მონაცემები. რაც შეეხება მაჟორიტარულ არჩევნებს, მაჟორიტარულ ოლქებში საუკეთესო შედეგი აქვთ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს. არსებულ წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით სავარაუდოდ, ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში საჭირო გახდება მეორე ტურის ჩატარება, რადგან ვერც ერთი სუბიექტის კანდიდატმა ვერ გადალახა 50%-იანი ზღვარი”, – აღნიშნულია უსკო-ს განცხადებაში. აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად იმართება.