24/02/2024
Latest:
საზოგადოება

„აფბა“ „თამბაქოს კონტროლის ალიანსს“ პასუხობს

21 სექტემბერს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაციამ (აფბა) ბრიფინგი გამართა, შეაფასა “თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონპროექტი და ამ მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკა. აფბას შეფასებას კანონპროექტის შესახებ, თავად ამ კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი არასამთავრობო ორგანიზაცია ”თამბაქოს კონტროლის ალიანსი” გამოეხმაურა და ის არ იკმარა, რომ არაკომპეტენტურები გვიწოდა, თამბაქოს ინდუსტრიასთან გარიგებაშიც დაგვადანაშაულა.

პირველ რიგში, ვიტყვით, რომ თუ რაიმე არ მოეწონათ თამბაქოსთან მებრძოლ რაინდებს, შეეძლოთ არგუმენტირებულად ჩამოეყალიბებინათ ეს და საპასუხო დოკუმენტი გამოექვეყნებინათ, თუ რაში არ გვეთანხმებიან. ან დებატებში გამოვეწვიეთ და უფრო ცივილურად წარემართათ ეს პროცესი. მაგრამ რატომ უნდა შევიდნენ ვინმესთან არგუმენტირებულ დებატებში, როდესაც ყველაზე მარტივი არგუმენტი მათი თამბაქოს ინდუსტრიასთან კავშირში დადანაშაულებაა. გვინდა აქვე საზოგადოებას შევახსენოთ, რომ აღნიშნული კანონპროექტის შესახებ, ყველა სამინისტრომ თუ საჯარო უწყებამ, რომელსაც იგი შეეხება, უარყოფითი დასკვნა დადო. ყველა ბიზნესმენმა თუ ეკონომიკის ექსპერტმა გააკრიტიკა თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტი. არც პარლამენტში გამოუჩდნენ მას მხარდამჭერები. გაინტერესებთ,  რა უპასუხა ყველა ამ ადამიანს „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, რა არგუმენტები წარმოადგინა მისივე შექმნილი კანონპროექტის დასაცავად? ყველა მათგანი თამბაქოს ინდუსტრიისგან მოსყიდულებად გამოაცხადა, აბსოლუტურად ყველა. ~

უბრალოდ გაოცებას იწვევს თქვენი პრინციპულობა. როდესაც ყველა აკრიტიკებს თქვენს მიერ შექმნილ დოკუმენტს იქნებ ერთი წუთით დაფიქრებულიყავით, რომ რაღაც ცუდად დაწერეთ?! არ შეიძლება მთელი ქვეყანა თქვენი წინააღმდეგ იყოს. თქვენი მთავარი არგუმენტი კრიტიკოსების მიმართ კი კვლავ ერთი და იგივეა, – ყველას თამბაქოს ინდუსტრიასთან კავშრიში ადანაშაულებთ. კარგით რაა, თავად გჯერათ ამის?

ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია, ბევრი სხვა მსგავსი ტიპის ორგანიზაციისგან განსხვავებით, იმის მიხედვით არ მუშაობს, არის თუ არა კონკრეტული გრანტი კონკრეტულ საკითხტან დაკავშირებით. მაგალითად, ”თამბაქოს კონტროლის ალიანსისგან”  განსხვავებით, რომლისთვისაც მთავარია რეპორტი (ანგარიში) დამფინანსებილისთვის. ბატონებო,  თქვენი გადასახედიდან და პრინციპებიდან ნუ შეაფასებთ ჩვენ საქმიანობას. აფბას ბევრი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე და ბევრი მათგანი დაუფინანსებელი იყო. ჩვენ არასამთავრობო სფეროში იმისთვის არ ვმუშაობთ, რომ ფული ვიშოვოთ.

აზრი არ აქვს დეტალებზე დისკუსიას, გამომდინარე იქიდან, რომ თქვენი არგუმენტი მაინც ის იქნება, რომ ყველას ვინც კანონპროექტს გააკრიტიკებს, მოსყიდულები ეძახოთ. თუმცა თქვენი ეკონომიკაში გაუთვითცნობიერებულობა კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ, როდესაც იმის დასამტკიცებლად, რომ კანოპროექტს თან ახლავს დეტალური ფინანსური გათვლები, რამდენიმე ციფრი დაასახელეთ, რომელთაც თან დააყოლეთ „დაახლოებით“ 1 მილიარდი ლარი, „დაახლოებით“ 200 მილიონი და ა.შ. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, არ შეიძლება რამეზე მსჯელობა, როდესაც არ გაქვთ არცერთი ზუსტი ციფრი და ყველგან დაახლოებით მონაცემებს ეყრდნობით, რომლებიც ღმერთმა უწყის საიდან მოვიდა და სავარაუდოდ თქვენი პირადი დაახლეობითი გათვლების შედეგია. კანონპროექტი კი სავსეა მსგავსი „დაახლოებითობებით“. რა გსურთ, რომ დაახლოებითი გათვლებით, ბრმად გენდოთ ყველანი და აბსოლუტურად არაკონმპეტენტურ კანონპროექტს მხარი დავუჭიროთ, იმისათვის, რომ თქვენ დამფინანსებელ ფონდებთან თავი მოიწონოთ, თუ რა აქტიურად ატარებთ მათ პოლიტიკას საქართველოში?!

 და ბოლოს, ”თამბაქოს კონტროლის ალიანსის” საყურადღებოდ – „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაციაში“ არიან ახალგაზრდები, რომლებსაც განსხვავებული ეკონომიკური შეხედულებები აქვთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრინციპული საკითხებზე ვერ ვთანხმდებით. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტის თაობაზე აფბას მიერ მომზადებული შეფასება არის ორგანიზაციის პოზიცია და არა, რომელიმე კონკრეტული ანალიტიკოსის განცხადება.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცი – აფბა

მერაბ ჯანიაშვილი; პაატა ბაირახტარი