საზოგადოება

„ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლა ხელს შეუწყობს მედიკამენტებზე ფასების დარეგულირებას”

ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე  კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია“  შემოდის. კომპანიის დირექტორის ანდრეი კუზმას განცხადებით, „ჰუმანითი ჯორჯია“  ახალ ბაზარზე ამბიციური გეგმებით შემოდის და უახლოეს მომავალში მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს.

როგორც კომპანიაში  აცხადებენ, მათი პრეპარატების პირველი პარტია ხშირი მოხმარების მედიკამენტებით იქნება წარმოდგენილი და საქართველოში უკვე დეკემბრის ბოლოს შემოვა.

ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მედიკოსები და პოლიტიკოსებიც და განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ქვენის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და  მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.

„ჩვენი კომპანიია ახალგაზრდაა, მაგრამ ჩვენი უპირატესობაა, რომ კომპანიის მენეჯმენტი დაკომპლექტებულია მსოფლიო გამოცდილების მქონე საუკეთესო სპეციალისტებით. კომპანიის თანამშრომელთა დიდ ნაწილს აქვს ისეთ მსოფლიო ბრენდებში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება, როგორებიცაა SANOFI, PFIZER და სხვა. „ჰუმანითი ჯორჯია“, ეს არის დინამიურად განვითარებადი კომპანია, რომელიც ამბიციური გეგმებით შემოდის საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე. ჩვენი მიზანია, დავმკვიდრდეთ ქართულ ფარმაცევტულ ბიზნესში, როგორც ხელმისაწვდომი, უსაფრთხო და ხარისხიანი პრეპარატების მიმწოდებელი კომპანია“, – აცხადებს ანდრეი კუზმა.

კუზმას ინფორმაციით, მათი პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის EU GMP სერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით.

საქართველოს პარლამენტის წევრი ანი მიროტაძე ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი მოთამაშის შემოსვლას დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ აღნიშნული ფაქტი  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მედიკამენტებზე ფასების დარეგულირების ნაწილში. „სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს მოსახლეობა, რომელთაც მედიკამენტების შეძენასთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ, რადგან არ გააჩნიათ საკმარისი ფინანსური შესაძლებლობა. თუ „ჰუმანითი ჯორჯია“ დააკმაყოფილებს საქართველოს ბაზარზე ოპერირების ყველა წესს და კონკურენციას გაუწევენ უკვე გამოცდილ მოთამაშეებს, ეს მისასლმებელი იქნება. კონკურენცია კი ხელს შეუწყობს ფასების დარეგულირებას და ასევე იმ ფაქტს, რომ  სხვა სააფთიაქო ქსელებმა და კომპანიებმაც იფიქრონ და იზრუნონ მედიკამენტების გაიაფებაზე, ზოგადად, ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლა ხელს შეუწყობს ჯანსაღ კონკურენციას, რაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის. გარდა ამისა, ახალი კომპანიის შემოსვლა ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს, ხოლო თითოეული ახალი სამუშაო ადგილი პრინციპულად მნიშვნელოვანია“.