ანდრია გვიდიანი: “ენერგეტიკის სექტორში ინვესტორზე ორიენტირებული საინვესტიციო გარემოა”
საქართველოს ენერგო-სექტორის პოტენციალის ანალიზი გვიჩვენებს, რომ ქვეყანას მდგრადი ენერგეტიკის განვითარებისათვის საკმაოდ დიდი შესაძლებლობები აქვს. სხვადასხვა კვლევებისა და სექტორული ანალიზის საფუძველზე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს დიდი პოტენციალი გააჩნია, როგორც ჰიდროენერგეტიკული რესურსების, აგრეთვე, ქარისა და მზის ენერგიის განვითარების თვალსაზრისით. საქართველოს ენერგოსექტორის განვითარების პერსპექტივებსა და გამოწვევებზე ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოს ანდრია გვიდიანს ვესაუბრეთ.
საქართველოში განახლებადი რესურსების ათვისება აქტუალობას არ კარგავს. თქვენი აზრით, აქვს თუ არა საქართველოს იმის რესურსი რომ განახლებადი ენერგია აწარმოოს და რამდენად არის ქვეყანა მზად ამ სფეროს განსავითარებლად?
მომავალში ენერგოუსაფრთხოებისა და ზოგადად ენერგოსექტორის განსავითარებელად მნიშვნელოვანია და გარდაუვალია იმ ჰიდრორესურსების ათვისება, რაც საქართველოს გააჩნია. საბედნიეროდ გვაქვს საკმაოდ დიდი წყლის რესურსი, რომლის რაციონალურად ათვისების საფუძველზე, საქართველოს ელექტროენერგეტიკული დამოუკიდებლობა სრულიად რეალისტურია.
უნდა ითქვას, რომ საქართველოს ჰიდროენერგეტიკის პოტენციალი დაახლოებით, 80 მლრდ/კვტ-საათია, საიდანაც 40 მილიარდის რესურსის ათვისება ეკონომიკურად სრულიად გამართლებული და რენტაბელურია. დადგმულ სიმძლავრეებში კი, ჩვენი ჰიდროენერგეტიკის პოტენციალი, დაახლოებით 15,500 მეგავატია. საიდანაც დღეის მდგომარეობით, სამწუხაროდ, მხოლოდ 2800 მგვტ ენერგიის წყაროებია ათვისებული, რაც სრული რესურსის მხოლოდ 18%-ს შეადგენს.
რაც შეეხება ქვეყნის მზაობას ახალი შესაძლებლობების ათვისების თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, მიმაჩნია, რომ დღეს საქართველოში საკმაოდ კარგი საინვესტიციო გარემოა, როგორც ბიზნესის საკეთებლად, ისე კონკრეტულად ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციების განსახორციელებლად. იმდენად, რამდენადაც არსებული კანონმდებლობის თანახმად, ინვესტორებს საკმაოდ მყარი გარანტიები ეძლევათ სახელმწიფოს მხრიდან. როგორც ვიცით, ენერგეტიკის სამინისტრო მემორანდუმების პრაქტიკით ხელმძღვანელობს, რაც გულისხმობს მემორანდუმში მითითებული გარანტირებული ტარიფის მიხედვით ელექტროენერგიის შესყიდვას. ამასთან, ხაზგასასმელია, რომ მსგავს პრაქტიკაზე მყარი და სასურველი გარემო ენერგეტიკის დარგში ინვესტირებისთვის ძნელი წარმოსადგენია.
ენერგეტიკის სექტორში შემოსულ ინვესტიციებთან დაკავშირებით, მითქმა-მოთქმა არ წყდება და ხშირად სწორედ ინვესტიციების ნაკლებობის თემა იმსახურებს კრიტიკას. როგორ შეაფასებთ საქართველოს ზოგად საინვესტიციო გარემოს და რამდენად უპრიანია ინვესტორის მხრიდან, განახლებადი ენერგიის ბიზნესში ფულის დაბანდება?
როდესაც ინვესტირების პერსპექტივაზე ვსაუბრობთ, უნდა ვთქვათ, რომ საინვესტიციო გარემო კომპლექსური განხილვის საგანია და განყენებულად მხოლოდ განახლებადი ენერგიის სექტორის გამოყოფა გამართლებულად არ მიმაჩნია. ბუნებრივია, ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, ერთ-ერთი მთავარი საფუძველი ინვესტიციებია. შესაბამისად, ისეთი მცირე განვითარებადი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, რადგანაც შიდა ინვესტიციები, როგორც წესი, დეფიციტურია.
ქვეყნის ეკონომიკის ღიაობისა და თავისუფლების ინდიკატორები საერთაშორისო სტანდარტებით ფასდება. ბუნებრივია, აქტიურად იწარმოება სხვადასხვა ქვეყნების ეკონომიკების თავისუფლების შეფასება და მათი ინდექსირება. რა თქმა უნდა, ხშირ შემთხვევაში, უცხოელი ინვესტორები და ზოგადად, ამა თუ იმ ქვეყნით დაინტერესებული პირები, სწორედ საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული რეიტინგებით ხელმძღვანელობენ. უნდა ითქვას, რომ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს 178 ქვეყნის რიგში, იაპონიასა და ფინეთს შორის 23-ე ადგილს იკავებს.
რაც შეეხება კონკრეტულად ენერგოსექტორის საინვესტიციო გარემოს, გეტყვით, რომ საქართველოში ამ კუთხით, საკმაოდ დადებითი და ინვესტორზე ორიენტირებული საინვესტიციო გარემოა. ქართული ენერგეტიკის დარგი სხვადასხვა დიდი, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან, დეკლარირებულად პრიორიტეტულ მიმართულებად არის აღიარებული. შესაბამისად, ეს გარემოება, ინვესტორებისთვის კიდევ დამატებითი სტიმულია. გარდა იმისა, რაზეც ზევით ვისაუბრე, ხაზგასასმელია საქართველოს საკმაოდ მიმზიდველი ჰიდრორესურსები, რაც ერთმნიშვნელოვნად ზრდის ჩვენი ქვეყნისადმი ინტერესს. ამდენად, თქვენს შეკითხვაზე პასუხი, განახლებად ენერგეტიკაში ინვესტირებასთან დაკავშირებით, ცალსახად დადებითია.
ხშირად უცხოელი ინვესტორები ქვეყანაში ფულის დაბანდებამდე აფასებენ იმ რისკებს, რომლებიც ქვეყანას გააჩნია. რამდენად მაღალია რისკები, რომლებიც საქართველოში და კონკრეტულად ენერგეტიკაში ფულის ჩადებას ახლავს?
როგორც ზევით ვისაუბრეთ, სახელმწიფოს მხრიდან, ენერგეტიკის დარგში საინვესტიციო გარემოს რისკ-ფაქტორები მინიმუმამდე არის დაყვანილი, ვგულისხმობ მემორანდუმების პრაქტიკას, რომელიც საკმაოდ მყარ გარანტიებს იძლევა. თუმცა, ბუნებრივია გარკვეული ტიპის რისკები მაინც არსებობს.
მაგალითად, საქართველო გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, საკმაოდ მაღალი რისკის ზონას მიეკუთვნება. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები არის ოკუპირებული მეზობელი სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც მთელ მსოფლიოში არც თუ დიდი პოპულარობით სარგებლობს და ამ ქვეყნის ნაბიჯების განსაზღვრა საკმოდ რთულია. რასაკვირველია, უცხოელი ინვესტორები ამ ფაქტორს საკმაოდ დიდ ყურადღებას აქცევენ და ამგვარად, ამ საკითხმა, მათი ქცევის განსაზღვრაში შეიძლება გადამწყვეტი როლი ითამაშოს. ამდენად, ეს გარემოება შეიძლება შევაფასოთ გაცილებით გლობალურად ვიდრე მხოლოდ ენერგეტიკის სფეროს თანმდევ რისკ-ფაქტორად.
რაც შეეხება კონკრეტულად ენერგეტიკის დარგში ინვესტიციების განხორციელების რისკების შეფასებისას, აუცილებლად უნდა ითქვას ის, რომ ქვეყნის ენერგოგაერთიანებაში წევრობას ინვესტორები საკმაოდ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. რამდენადაც, ენერგოგაერთიანების წევრობა და ამ ორგანიზაციის რეგულირების ქვეშ ოპერირება ინვესტორებისთვის დამატებით გარანტიებს ქმნის. როგორც ცნობილია, საქართველოს ენერგოგაერთიანებაში გაწევრიანების პროცესი 2016 წლის სექტემბერში დასრულდება. თუმცა, ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს ევროპული ბაზარი და შესაბამისად, ამ ეტაპზე, სპეციფიკური მოთხოვნების დაკმაყოფილება გვიწევს. ამდენად, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ საქართველოს ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანება, ინვესტორებისთვის მაქსიმალურად შეამცირებს ინვესტირების თანმდევ რისკებს.
ენერგეტიკაში განსახორციელებელი პროექტების პარალელურად, ყოველთვის აქტიურად განიხილება გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით არსებული პრობლემები. თვლით თუ არა, რომ მოსახლეობას და გარემოს ექმნება საფრთხე განახლებადი ენერგიის პროექტის განხორციელებისას?
რაც შეეხება განახლებადი ენერგიების ათვისების ნაწილში გარემოზე ზემოქმედების საფრთხეებს, აუცილებლად უნდა გავმიჯნოთ ტრადიციული და არატრადიციული (ალტერნატიული წყაროები) გენერაციის ობიექტების ოპერირება.
ერთი მხრივ, ნებისმიერი ზომის ჰესმა, შეიძლება ეკოსისტემის დეგრადაცია გამოიწვიოს. ხშირად, ჰესების მშენებლობა იგეგმება ხელუხლებელ ეკოსისტემებში, რაც კიდევ უფრო ამძიმებს პროექტების უარყოფით ზეგავლენას ბიომრავალფეროვნებაზე.
რაც შეეხება დიდ მარეგულირებელ ჰიდროელექტროსადგურებს, უნდა ითქვას, რომ დიდი კაშხლების მშენებლობას, რა თქმა უნდა, დიდი ზეგავლენა აქვს გარემოზე. ვინაიდან, დატბორვის შედეგად, ხდება დიდი რაოდენობით სასოფლო სამეურნეო მიწებისა და ტყეების დატბორვა. ეკოლოგების მტკიცებით, დიდი ჰიდროელექტროსადგურები იწვევს ტენიანობის ზრდას, რასაც ნეგატიური ზემოქმედება აქვს მიკროკლიმატზე. ბუნებრივია, აღნიშნული ფაქტორები უარყოფითად მოქმედებს ადამიანთა ჯანმრთელობაზე და სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე.
მეორე მხრივ, რაც შეეხება ალტერნატიული ენერგიის წყაროებს, პრობლემები აქაც საკმაოდ ბევრია. რა თქმა უნდა, ეკოლოგიაზე ზემოქმედების თვალსაზრისით არატრადიცული გენერაციის წყაროები ნაკლებ პრობლემებს ქმნის, თუმცა ტექნიკური თვალსაზრისით, სხვა ნაკლოვანებები გააჩნია. პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ალტერნატიული წყაროების განვითარება, საკმაოდ დიდ ფასებთან არის დაკავშირებული და შესაბამისად, გამომუშავებული ენერგიის სამომხმარებლო ტარიფიც დიდია. გარდა ამისა, აუცილებლად აღსანიშნავია, რომ ალტერნატიული წყაროები არასტაბილურობით გამოირჩევა, რაც საფრთხეს უქმნის ერთიან ენერგეტიკულ სისტემას. ტექნიკური თვალსაზრისით, ქსელში ალტერნატიული წყაროების წილი, მაქსიმუმ 15-20%-მდე უნდა იყოს, რომ დღის წესრიგში არ დადგეს ქსელის გამართულად მუშაობის საკითხი. შესაბამისად, ქსელის მდგრადობის შესანარჩუნებლად აუცილებელია საიმედო რეზერვებისა და სტაბილური გენერაციის წყაროების განვითარება.
საბოლოოდ, ყველაფრის გათვალისწინებით მიმაჩნია, რომ ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის ათვისება, სხვა ალტერნატიული ენერგიის წყაროების გამოყენებასთან ერთად, უნდა იყოს საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის ძირითადი მიმართულება.
ლიკა ქუთათელაძე