საზოგადოება

“არ არის აუცილებელი, მეათეხარისხოვან კონფერენციებზე ნახევარი სამინისტროების დასწრება”

არ არის აუცილებელი, მეათეხარისხოვან კონფერენციებზე ნახევარი სამინისტროების დასწრება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციაზე საუბრისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, თელავში საბავშვო ბაღების სისტემაში კვების რაციონის გადახედვა და მნიშვნელოვანი საკვების სახეობების ამოღება მოხდა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, არსებობს უამრავი რესურსი ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებისა და ეს არ უნდა მოხდეს ბავშვების ხარჯზე.

„არ მინდა ჩამოვთვალო. არ არის აუცილებელი, მეათეხარისხოვან კონფერენციებზე ნახევარი სამინისტოების დასწრება და სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ასეთ ფაქტებს ვაწყდებით ყველა ჩვენგანი და კიდევ ბევრი ხარჯი, რომელიც შეიძლება რომ საერთოდ ყოველგვარი მტკივნეული გადაწყვეტილებების გარეშე მივიღოთ და სხვათაშორის იმის გარეშეც, რომ ჩვენ პროპორციულად 10% ადამიანებისა შევამციროთ. ზოგიერთ ნაწილში მოგვიწევს შტატების ოპტიმიზაციაც, იქ სადაც ფუნქციონალურ რეფორმებთან გვაქვს საქმე და ეს ამის გარეშე შეუძლებელია, მაგრამ თუ ვინმე შეეხო ბავშვების რაციონს, მიიღეთ ყველაზე მკაცრი გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ აბსოლუტურად მიუღებელი გადაწყვეტილებაა. არაფერი სამაგისო არ გვჭირს დღეს ნადვილად. ჩვენ გვაქვს საკმარისი რეზერვი იმისთვის, რომ დავაფინანსოთ ის ძალიან გაზრდილი მოთხოვნები ჩვენი განვითარების, რაც გამოდის ჩვენი ამბიციური განვითარების გეგმებიდან და არავითარ შემთხვევაში არა ბავშვების კვების რაციონის ხარჯზე“,-განაცხადა კვირიკაშვილმა.