28/04/2024
Latest:
საზოგადოება

რა პერსპექტივას შექმნის ინვესტორებისთვის მოქალაქეობის შეთავაზება

 

როგორ შეუძლია მთავრობას ქვეყანაში ინვესტორების რაოდენობა გაზარდოს? ბევრ დასავლურ ქვეყანაში მათ შორის ავსტრალიაში, კანადასა და დიდ ბრიტანეთში  “მოქალაქეობა  ინვესტიციების მიხედვით” პოპულარული სამთავრობო ინიციატივაა. საქართველოს კანონმდებლობა კი ასეთ წახალისებას არ ითვალისწინებს უცხოელი ინვესტორებისთვის. ექსპერტები ამბობენ, რომ ქვეყანა კარგავს შესაძლებლობას გაზარდოს ინვესტიციები და მიიზოდოს მდიდარი ხალხი. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ბინადრობის უფლება გაიცემა უცხოეთის  მოქალაქეზე, რომელიც 300 ათასი ლარის ინვესტიციას მაინც აკეთებს ქვეყანაში. ნებართვა ვრცელდება ინვესტორის ოჯახის წევრებზეც. საინვესტიციო ნებართვა – მოქალაქეობა არ არის, თუმცა, ეს არის ქვეყანაში დიდი ხნით დარჩენის გზა.

ოფიციალური სტატისტიკით, 2015 წელს კარიბის ქვეყნებმა  2,000–მდე პასპორტი გაყიდეს სწორედ “მოქალაქეობა ინვესტიციების მიხედვით” პროგრამის ფარგლებში.   მსოფლიოს ბევრი ქვეყანა სთავაზობს ინვესტორს მოქალაქეობას. ყველაზე მეტი განაცხადები  კი მოქალაქეობაზე, ბიზნესმენების მხრიდან ასეთი პროგრამების მეშვეობით ევროპაშია.

ამ ეტაპზე მსოფლიოს 30 ქვეყანას აქვს ასეთი პროგრამა. “ქვეყნები ცდილობენ, მოძებნონ მარტივი გზა სამიზნე ინვესტიციების მოსაზიდად”, – აცხადებს იაროსლავ ბაბიჩი,  IშEთ-ის წარმომადგენელი. მისივე თქმით, საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის ბიზნეს-მიგრაციის პროგრამა შეიძლება მომგებიანი იყოს და შესაძლოა პოტენციურად  მიიზიდოს ბიზნესმენები პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ცენტრალური აზიიდან, სამხრეთ კავკასიიდან, რუსეთიდან, ჩინეთიდან და ინდოეთიდან.  მთავარი მიმზიდველი ფაქტორი კი  საქართველოს მოქალაქეობაში შესაძლოა გახდეს ევროპასთან უვიზო მიმოსვლა  და მიწის ფლობის უფლება უცხოელებისთვის.

ISET-ის კიდევ ერთი წარმომადგენელი ფლორიან ბიერმანი კი ამბობს, რომ ინვესტორებისთვის მოქალაქეობის შეთავაზება კანადისა და აშშ-სთვის არის სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობა და ინვესტორების უმრავლესობა, როგორც წესი ჩინელია. “ისინი ცდილობენ საკუთარ ქვეყანაში პოლიტიკურად არასტაბილურ სიტუაციას გაერიდონ,” – ამბობს ბიერმანი. მისივე განცხადებით, საქართველო გეოგრაფიულად ჩინეთთან და ბევრ სხვა პოლიტიკურად არასტაბილურ ქვეყანასთან ახლოს არის,  ამიტომ ქვეყანამ ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს.

“გალთ ენდ თაგარტის”  ეკონომისტის ევა ბოჭორიშვილის განცხადებით, ერთ-ერთი უპირატესობა საქართველოს მოქალაქეობის მიღებაში არის თავისუფალი უვიზო მიმოსვლა,  რაც წლის ბოლოს იქნება მიღწეული.

“ასეთი რეგულაციები ბევრ განვითარებულ ქვეყანაშიც მოქმედებს , რაც იმას მიანიშნებს, რომ  ეს სისტემა მომგებიანია.  საქართველოს კანონმდებლობა გარკვეულ შეღავათებს ინვესტორებისთვის ითვალისწინებს, ინვესტორები კი  ქვეყნის სწრაფი ზრდისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორია,” – აცხადებს ბოჭორიშვილი. მისივე განმარტებით,  სამომავლოდ ბინადრობის ნებართვისა  და მოქალაქეობის მიღების პირობების გამარტივებას  დადებითი შედეგი ექნება ინვესტიციების ზრდაზე.  

საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პერტაია განმარტავს, რომ  ბინადრობის ნებართვა, რაც ინვესტორს თავისუფლად გადაადგილების უფლებას აძლევს, სრულიად საკმარისია   და  საქართველოს მოქალაქეობის შეთავაზებას ინვესტორების რაოდენობის ზრდაზე  შედეგი არ ექნება. გიორგი პერტაიას განმარტებითვე, გამოცდილების მიხედვით,  მოქალაქეობა საინტერესოა იმ ხალხისთვის, ვისაც საქართველოში ემიგრირება სურს, ასეთი უცხოელების უმრავლესობას კი არ აქვს საკმარისი თანხები ინვესტიციების ჩადებისთვის. მისივე თქმით, მთავარი განსხვავება მოქალაქეობას და ბინადრობის ნებართვას შორის  ხმის მიცემის უფლებაა. რაც პერტაიას აზრით,  ინვესტორებისთვის არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ დამატებით შესაძლებლობად განიხილონ. საქართველოში საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის წესი 2012 წლის მაისში იქნა მიღებული.  2015 წლისთვის ქვეყანამ 214  ასეთი ნებართვა გასცა.