Barclays-ის ხელმძღვანელი ტრამპის პერიოდში აშშ-ის ცენტრალურ ბანკზე ზეწოლას ელოდება
დონალდ ტრამპის არჩევას აშშ-ის პრეზიდენტად შეუძლია სიგნალიზირება გაუკეთოს პერიოდის დაწყებას, როცა ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრების მისაღწევად, აშშ-ის ცენტრალურ ბანკზე პოლიტიკური ზეწოლა გაძლიერდება, – განაცხადა ბრიტანული ბანკის, Barclays-ის ხელმძღვანელმა ჯეს სტეილიმ.
ტრამპმა არჩევნების დროს აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა დაადანაშაულა იმაში, რომ ის შეგნებულად ინარჩუნებს დაბალ საპროცენტო განაკვეთებს, რათა დემოკრატი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ადმინისტრაციას ასიამოვნოს.
„თქვენ დაინახავთ პოლიტიკური ზეწოლის გაძლიერებას აშშ-ის ფედერალურ სარეზერვო სისტემაზე, რათა მისი პოლიტიკა ნაკლებად მასტიმულირებელი იყოს…ცენტრალურ ბანკზე ზეწოლა, არჩევნების მნიშვნელოვანი შედეგი იქნება“, – განაცხადა სტეილიმ FT-ის საბანკო სამიტზე.
მისი პროგნოზით, ცენტრალური ბანკის მმართველის ადგილი დროთა განმავლობაში შესაძლოა სტენფორდელმა გავლენიანმა პროფესორმა ჯონ ტეილორმა დაიკავოს, რომელიც ცნობილია, როგორც „ტეილორის წესის“ ავტორი, რომელიც აღწერს როგორ უნდა გაზარდონ ბანკებმა საპროცენტო განაკვეთები ინფლაციის საპასუხოდ.
„რესპუბლიკური პარტიის შიგნით არის ძალიან შეკავშირებული ჯგუფი, რომელიც დარწმუნებულია, რომ რაოდენობრივი შერბილების დრო უკვე წავიდა“, – განაცხადა სტეილიმ.
მან ასევე თქვა, რომ არ ელოდება დიდ ცვლილებებს საბანკო რეგულირებაში, მიუხედავად სპეკულაციებისა, რომ ტრამპი ზოგიერთ მუხლს გააუქმებს დოდი-ფრანკის კანონში, რომელიც 6 წლის წინათ, გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ საკრედიტო ინსტიტუტებზე შეზღუდვების გასაძლიერებლად მიიღეს.
Barclays-ის ხელმძღვანელი ასევე თვლის, რომ Brexit-მა უფრო ნაკლები გავლენა მოახდინა მსოფლიო ეკონომიკაზე და ბაზრებზე, ვიდრე ტრამპის მოულოდნელმა გამარჯვებამ.
წყარო: აგორა