17/05/2024
Latest:
მსოფლიო

დახუჭავს ევროპა თვალს თურქმენეთის ტირანიაზე ქვეყნის ენერგორესურსების სანაცვლოდ

11 აპრილს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში თურქმენეთის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების (PCA) პირველი მოსმენა გაიმართა. აღნიშნული პროცესი 90-იანებიდან მოყოლებული შეჩერებულ იყო. ევროპა ხელშეკრულების დასრულებას თავს არიდებდა, ვინაიდან თურქმენეთის ხელისუფლების მიერ ადამიანთა უფლებების შელახვითა და არადემოკრატიული მოპყრობით იყო შეშფოთებული. ადამიანთა უფლებების დაცვის ორგანიზაციებმა, მათ შორის Human  Rights Watch-მა, ევროპარლამენტის მიერ განხორციელებული მოსმენა გააკრიტიკა და მას თურქმენეთის ევროკავშირთან ასოცირების შეჩერებისკენ მოუწოდა. თუ თურქმენეთის პოლიტიკურ ცხოვრებას გადავხედავთ, ცხადად დავინახავთ, რომ ქვეყანა მოთხოვნილი ნორმების დაკმაყოფილებას უახლოეს მომავალშიც ვერ მოახერხებს.

The Diplomat-ი წერს, რომ ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან, თურქმენეთი ყველაზე იდეალისტური (“დონკიხოტური”) სახელმწიფოა. 1991-დან 2006 წლამდე, ქვეყნის ტოტალიტარული კულტის ცენტრი პრეზიდენტი საფარმურატ ნიაზოვი იყო, რომელმაც სახელმწიფოს გარესამყაროსგან სრული იზოლირება მოახდინა. ნიაზოვმა საკუთარი თავი “თურქმენბაშად”, ანუ თურქმენების დიდ ლიდერად გამოაცხადა. მისი წიგნი “რუჰნამა” (ღუჰნამა, “სულის წიგნი”), რომელიც ლიდერის ფილოსოფიური შეგონებებისა და ისტორიული ფიქციისგან შედგებოდა, თურქმენებისთვის ისეთივე მნიშვნელოვანი გახდა, როგორიც ყურანია. თურქმენბაში აცხადებდა, რომ მას ღმერთთან სპეციალური შეთანხმება ჰქონდა, რომლის მიხედვით, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც “რუჰნამას” სამჯერ წაიკითხავდა, ავტომატურად სამოთხეში მოხვდებოდა.

ნიაზოვის “წმინდა წიგნი” საერთაშორისო მედიის გასართობ წყაროდ იქცა. ქვეყანაში კი, პრეზიდენტის ტოტალიტარული მმართველობა მოსახლეობას დიდ ზიანს აყენებდა. ლიდერმა იმის აკრძალვით მოიპოვა ცნობადობა, რასაც თავად არ ეთანხმებოდა, მაგალითად ოქროს კბილების ქონა, მოწევა და სხვა. იგი აწყობდა მსვლელობას Walk of Health – ქვეყნის მინისტრები და ოფიციალური პირები ვალდებულნი იყვნენ, შერდარ Path-ის გრძელი გზა ფეხით გაევლოთ. აღნიშნული გზის შექმნის იდეა, ჯანმრთელობის დღესთან დაკავშირებით თავად პრეზიდენტს ეკუთვნოდა, რომელმაც ეს გზა ჯანმრთელობის დღესთან დაკავშირებით დააარსა. რა თქმა უნდა, მათ კომპანიონობას ნიაზოვიც უწევდა – თავისი პერსონალური ვერტმფრენით.

აღნიშნული სავალდებულო მსვლელობა შეგვიძლია იმის პოზიტიურ მაგალითად განვიხილოთ, თუ როგორ ცდილობს ქვეყნის მთავრობა ხელი შეუწყოს სახალხო ჯანმრთელობის განვითარებას. თუმცა, პარალელურ რეჟიმში, ნიაზოვის ადმინისტრაციამ კატასტროფული ნაბიჯი გადადგა და ქალაქგარეთ არსებული ყველა საავადმყოფო დაკეტა (რადგან პრეზიდენტს ისინი უსარგებლოდ მიაჩნდა). შედეგად მოსახლეობას ნორმალურ, ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე წვდომა შეუზღუდა. სამედიცინო განათლებამ, რომელიც ლიდერის წიგნზე უფრო იყო ფოკუსირებული და არა თანამედროვე ტექნოლოგიებზე ფატალური შედეგი გამოიღო და შავი ჭირის გავრცელება გამოიწვია. ადამიანი, რომელიც აღნიშნული პროექტის სისრულეში მოყვანაზე იყო პასუხისმგებელი, გურბანგული ბერდიმუჰამედოვია, რომელმაც 2006 წელს, თურქმენბაშის გარდაცვალების შემდეგ მისი ადგილი დაიკავა.

The Diplomat-ი წერს, რომ ძალაუფლებაში მოსვლის შემდეგ, ბერდიმუჰამედოვმა ნიაზოვის მიერ დაწესებული კანონების უმეტესობა გააუქმა (მაგალითად, ახლიდან გახსნა რეგიონალური ჰოსპიტალები), თუმცა, მაინც თავისი წინამორბედის მაგალითს გაჰყვა და თავისი თავი კულტად აქცია, ნებისმიერი განსხვავებული აზრის არსებობა შეზღუდა. ქვეყანაში მედია და ინტერნეტთან წვდომა მკაცრად კონტროლდება. ადგილობრივმა ძალოვნებმა აშხაბადის მოსახლეობის შევიწროება დაიწყეს. ხალხს უბიქვიტარული სატელიტური ანტენები ჩამოახსნევინეს, რაც დამოუკიდებელ მედიასთან წვდომის ერთადერთი საშუალება იყო. Freedom House-ის მიერ გამოქვეყნებულ თავისუფალი პრესის რეიტინგში თურქმენეთს ერთ-ერთი ბოლო ადგილი უჭირავს.

თურქმენეთი, გაზის რეზერვის მოცულობით, მსოფლიოში რიგით მეოთხე ქვეყანაა, ხოლო ბუნებრივი აირის წარმოების თვალსაზრისით ტოპ 15-ეულში შედის. ამჟამად ირანი და რუსეთი გაზის იპორტს ამცირებს, ჩინეთი ეკონომიკურ კრიზისს ებრძვის, ამის ფონზე კი – თურქმენეთი ბუნებრივი აირის ექსპორტისათვის ახალ ბაზარს ეძებს.

ენერგეტიკული მოთხოვნების გამო, ევროკავშირი მზადაა თვალი დახუჭოს თურქმენეთში ადამიანთა უფლებების დარღვევის საკითხზე. ევროპის საგარეო პოლიტიკის საქმეთა სამსახური (European External Action Service) დიპლომატიურ განაცხადს აკეთებს: ევროკავშირს თურქმენეთთან დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავება სურს და იმედოვნებს, რომ ამას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების (PCA) რატიფიცირებით მიაღწევს.

ევროკავშირი ბერდიმუჰამედოვის ხელისუფლებისათვის ერთადერთ მეგობარს არ წარმოადგენს. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტი, თავისი გადაწყვეტილების გამო (აშხაბადში გაერო-ს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეგიონალურ შეხვედრაზე წარმომადგენლობის გაგზავნა) კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაეხვა. კონფერენცია ფოკუსირებული იქნება გაერო-ს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ თამბაქოზე კონტროლის გაძლიერების იმპლემენტაციაზე. ორგანიზაცია (WHO) ევროკავშირის ქვეყნებს იმის გამო აკრიტიკებს, რასაც თავისი კანონის (FCTC) დარღვევად მიიჩნევს, ხოლო თურქმენეთის ხელისუფლების მიერ თამბაქოს კონტროლის მცდელობას დადებითად აფასებს.

აღნიშნული დადებითი შეფასება წინააღმდეგობაში მოდის იმ ფაქტთან, რომ ბერდიმუჰამედოვი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დისფუნქციური ჯანდაცვის სისტემის ზედამხედველია. მართალია, ამჟამინდელმა პრეზიდენტმა პროვინციებში ხელახლა გახსნა საავადმყოფოები, თუმცა, დედაქალაქის გარდა სხვა ლოკაციებზე სამედიცინო მომსახურებს ხარისხი 1970 წლის შემდეგ არ გაუმჯობესებულა. თურქმენეთის ხელისუფლებამ, აშხაბადის საავადმყოფობის უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვისთვის ასეულობით მილიონი დოლარი დახარჯა, მაგრამ სხვა საავადმყოფოებში ისეთი ელემენტარული პრობლემები არსებობს, როგორიცაა თანამედროვე საპირფარეშოებისა და გათბობის სისტემის არარსებობა.

1999 წლის შემდეგ, რაც თურქმენეთის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების (PCA) გაფორმების პროცესი შეჩერდა, ქვეყანამ ადამიანთა უფლებების დაცვის ნორმები ვერ დააკმაყოფილა, თუმცა თურქმენეთის ბუნებრივი აირის რეზერვის გამო, ევროპამ აღნიშნულ დარღვევებზე შეიძლება თვალი დახუჭოს. თუ გავითვალისწინებთ შეთავაზებული სავაჭრო და ინფრასტრუქტურული გარიგებების მოჭარბებულ რაოდენობას, რაც ევროპასა და ირანს შორის ატომური შეთანხმების მიღწევას მოჰყვა, ეს შეიძლება ევროპული გაერთიანების “რეალ-პოლიტიკური” ეკონომიკის დასაწყისი გახდეს.

ავტორი: ლაშა ბასლანძე