04/05/2024
Latest:
საზოგადოება

ბათუმის ბულვარს თავის ისტორიაში პირველად განვითარების გეგმა ექნება

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ბულვარის განვითარების კონცეფციის პროექტზე მუშაობს. როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, ბულვარს თავის ისტორიაში პირველად განვითარების გეგმა ექნება.

ახალი დოკუმენტი ბულვარის სამომავლო განვითარების პერსპექტივებს, კონკრეტულად კი ერთიანი ტოპოგრაფიული გეგმის შექმნას გულისხმობს, რომელიც ტერიტორიის ზონებად დაყოფას, ხოლო თითოეული ზონის სტრატეგიულ დაგეგმარებას ითვალისწინებს.

პროექტის პრეზენტაცია სასტუმრო „რედისონში“ გაიმართა, სადაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ ბულვარის განვითარების კონცეფციის პროექტის სოციალურ-ეკონომიკურ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ბულვარის განვითარება ფლორენციის ქარტიის შესაბამისად მოხდება. კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი ფლორენცის ქარტიის შესაბამისად ბათუმის ბულვარის კონსერვაციის, რეაბილიტაციის და რეკონსტრუქციის პროექტის მომზადებაა.

ბულვარის განვითარების კონცეფციაზე შპს „სასტუმრო ოაზისი“ მუშაობს. კომპანია აჭარის რეგიონში ერთ-ერთი ლიდერია და დღეისათვის “Dream Land Oasis” 105 მილიონი ლარის ღირებულების მასშტაბურ პროექტს ახორციელებს ჩაქვში. კომპანიის მიერ მომზადებული კონცეფცია ბუნების, ტექნოლოგიების და ფუნქციონალური დატვირთვის იმგვარ სინთეზს ითვალისწინებს, რომელიც მაქსიმალურად ჰუმანურ გარემოს ქმნის ადამიანისთვის და წარმოადგენს სამოთხის ბაღის მოდელზე აგებული სივრცის მოწყობას, რაც სრულად შესაბამისობაშია ფლორენციის ქარტიის პრინციპებთან ისტორიულ ბაღებთან მიმართებაში; გადაწყვეტილების მიღებისას მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი კომპანიის მიერ შემოთავაზებული კონტრაქტის ყველაზე დაბალი ღირებულება იყო; კონცეფციაზე მუშაობის ყველა ეტაპზე საჯარო განხილვები და დისკუსიები მოეწყობა. აღნიშნულ ფორმატში ყველა დაინტერესებულ პირს თავისი რეკომენდაციების, შენიშვნების, მოსაზრებების წარმოდგენის შესაძლებლობა ექნება. ბათუმის ბულვარის ტოპოგრაფიული გეგმისა და ბათუმის ბულვარის კონცეფციის შემუშავება-დაგეგმარების დოკუმენტაციის მოწოდება 2016 წლის გაზაფხულზე დასრულდება.