17/05/2024
Latest:
საზოგადოება

ბეჭდვითი მედიის ბედი თანამედროვე საქართველოში

ეკონომიკური კრიზისი მედია-ბიზნესსაც მტკივნეულად შეეხო. იგი განსაკუთრებით აისახა ბეჭდვით მედიაზე, რომლის შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყაროც სარეკლამო განთავსებებია (საშუალოდ შემოსავლის 60-75%). სარეკლამო ბიუჯეტები კი კრიზისის გავლენით კომპანიებმა საგრძნობლად შეკვეცეს.

ეკონომიკური კრიზისი მედია-ბიზნესსაც მტკივნეულად შეეხო. იგი განსაკუთრებით აისახა ბეჭდვით მედიაზე, რომლის შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყაროც სარეკლამო განთავსებებია (საშუალოდ შემოსავლის 60-75%). სარეკლამო ბიუჯეტები კი კრიზისის გავლენით კომპანიებმა საგრძნობლად შეკვეცეს. კრიზისის პირობებში შეიზღუდა მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა, რასაც ბუნებრივია, პრესაზე მოთხოვნის შემცირება მოჰყვა. ამას თან ერთვის ისიც, რომ ბოლო წლების საქართველოში ბეჭდვით მედიას სახელმწიფოს მხრიდან რაიმე ხელშესახები ხელშეწყობა არ უგრძვნია. უფრო პირიქით იყო, თუკი გავიხსენებთ პერიოდს, როცა მერიამ “ყურით მოტანილი” არგუმენტების მოშველიებით ცენტრალურ გამზირებზე პრესით ვაჭრობა აკრძალა.
მედიაექსპერტები აღნიშნავენ, რომ დღევანდელ ვითარებაში არაა გამორიცხული, მთელმა რიგმა ბეჭდურმა გამოცემებმა ფუნქციონირება ვეღარ შეძლონ, დროებით გააჩერონ გამოცემა, მოგვიანებით კი სულაც გაქრნენ მედიასივრციდან.

ვითარების გაანალიზების და გამოსავლის ძიების მიზნით ახლახანს რამდენიმე წამყვანი გაზეთის წარმომადგენლის შემადგენლობით შეიქმნა რედაქტორთა საბჭო. საბჭო სხვა საჭირბოროტო საკითხებთან ერთად პრესისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესების საკითხზეც მუშაობს. საბჭოში განიხილება პრესის გადასახადებისგან გათავისუფლების, გადასახადებზე გარკვეული შეღავათების დაწესების და მათი გადავადების იდეები. საბჭოს მიაჩნია, რომ დემოკრატიულობის პრეტენზიის მქონე ქვეყნის ბიუჯეტში უნდა იყოს გათვალისწინებული სპეციალური მუხლი, რომელიც პრესის განვითარებისკენ იქნება მიმართული.

დღევანდელ ქართულ ბეჭდვით მედიასივრცეში არსებული მდგომარეობის შესახებ ქართული მედიასივრცის წარმომადგენლებს – მედია ჰოლდინგ გეორგიან ტიმეს-ის დამფუძნებელს მალხაზ გულაშვილს, გაზეთ “რეზონანსის” პასუხისმგებელ რედაქტორს ელისო ჩაფიძეს, გაზეთ “24 საათის” რედაქტორს პაატა ვეშაპაძეს, მედია სახლის “კვირის პალიტრის” განვითარების მენეჯერს ზაზა ბუაძეს და მედიაექსპერტ თამარ ჩიქოვანს გავესაუბრეთ.

მალხაზ გულაშვილის განცხადებით გეორგიან ტიმეს- ი კრიზისს ჯერ-ჯერობით ვერ გრძნობს, რამდენადაც მათთან ჯერ კიდევ ძველი კონტრაქტებია ძალაში. – “კრიზისი მკაფიოდ ჯერ არ იგრძნობა, მაგრამ როგორ განვითარდება მოვლენები, ამ ეტაპზე, რაიმე კონკრეტულის თქმა არ შეგვიძლია, ყველაფერს დრო გვიჩვენებს. თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ ჩვენ ისეთ კომპანიებთან არ გვქონია თანამშრომლობა, რომლებსაც ახლა სერიოზული ჩავარდნები აქვთ. რაც შეეხება გაყიდვებს, იგი არა თუ შემცირდა, არამედ გაიზარდა კიდეც. ამ თვალსაზრისით, ჩვენი ბიზნესი სპეციფიკურია, – ადრინდელთან შედარებით გამწვავდა კრიტიკა. როცა კრიტიკა მწვავდება, ტირაჟი იზრდება. ამას თავისი ბუნებრივი ახსნა აქვს. ერთი ლარი თითქმის პური ღირს უკვე და როცა ამ თანხის საფასურად გაწვდიან მრავალფეროვან და საინტერესო მასალას, დაინტერესებული და ანალიზის მოყვარული მკითხველი, მას უპრობლემოდ იღებს”.

ოპტიმისტური პათოსის მიუხედავად “ბანკები და ფინანსებთან” საუბარში გულაშვილმა დაადასტურა, რომ მთლიანობაში, დღეს ბეჭდვითი მედია-ბიზნესი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. მისი თქმით, გარკვეული ძალები, როგორც ჩანს, ცდილობენ ამ სფეროში მონოპოლიზაციის მოხდენას. ამის თქმის საბაბს მას ქალაქის იერსახის გალამაზების საბაბით ცენტრალურ ქუჩებზე პრესის გავრცელების აკრძალვა აძლევს. –”მათ, ალბათ, უნდათ მოახდინონ პრესის კონტროლი. მე მათ გასაგონად ვიტყვი, კონკრეტულად ჩვენ, ინფორმაციის გავრცელების თვალსაზრისით პრობლემა არ გვაქვს. არსებობს ჩვენი საიტი, სადაც დღეში 10 000 კაცი შემოდის. საიტი სამენოვანია. რაც არ უნდა ეცადონ, მისი დაბლოკვა შეუძლებელია. თუ ცდილობენ, რომ ბიზნესი გაგვინადგურონ, ეს უკვე სხვა საქმეა და ამას, ალბათ, ნაწილობრივ შეძლებენ, თუმცა დიდ ძალისხმევად დაუჯდებათ”.- აცხადებს გულაშვილი.

პრესისა და მთვრობის, ხელისუფალთა ურთიერთობა, მეტნაკლებად, მთელს მსოფლიოშია პრობლემატური. ნებისმიერი მთავრობა ცდილობს მედია საკუთარი ინტერესების ქვეშ მოაქციოს. თუმცა, წესით, სახელმწიფომ დემოკრატიის ასამაღლებლად პრესის განვითარებას ხელი უნდა შეუწყოს. საზოგადოება უფრო ჯანსაღია მაშინ, როცა პრესა და ზოგადად, მედია ჯანსაღი პოზიციის მატარებელია. არსებულ სიტუაციაში მალხაზ გულაშვილს მედიის მომავალი არც თუ ოპტიმისტურად ესახება, – “კრიზისი და ქვეყნის ეკონომიკური ვარდნა ორი წელი, ალბათ, კიდევ გაგრძელდება, თუმცა საქართველოს აქვს შანსი, რომ გაუძლოს ამ პროცესს. იმ ოთხი მილიარდი დოლარიდან, რომელიც ქვეყნის დასახმარებლად გამოიყო, ნაწილი მედია-ბიზნესის განვითარებასაც უნდა მოხმარდეს და მით უფრო პრესას, რადგან პრესა ინფორმაციის ქვაკუთხედია. ამერიკასთან ახლახანს გაფორმებულ მემორანდუმში გარკვევით წერია თავისუფალი სიტყვის განვითარების შესახებ. ეს სხვა არაფერია, თუ არა თავისუფალი სიტყვის მხარდაჭერა.

მედია-საქმიანობა ეს არის ყველაზე რთული და ამავდროულად, ჩვენთან არსებული სინამდვილიდან გამომდინარე, დაუფასებელი შრომა. დღეს ისეა საქმე, რომ ტელევიზიის მეშვეობით ვერავინ იღებს ანალიზს, ანალიზი შესაძლებელია მხოლოდ პრესით. ნორმალურ ქვეყნებში ანალიტიკური მიმართულების განვითარებას მხარს თავად ტელევიზიებიც უჭერენ. საზოგადოდ კი, პრესა გაცილებით პატრიოტია საკუთარი ქვეყნისა და საკუთარი ხალხისა. რასაც, სამწუხაროდ, ვერ ვიტყოდი დღევანდელ საერთო-ეროვნულ მაუწყებელ ტელევიზიებზე.” ამბობს მალხაზ გულაშვილი.
გაზეთ “რეზონანსის” პასუხისმგებელი რედაქტორის ელისო ჩაფიძის თქმით, ომის შემდგომ და კრიზისის ფონზე, გაზეთს საკმაოდ გაუჭირდა გრძელვადიან სარეკლამო კონტრაქტებზე კომპანიების დაყოლიება. თუ ადრე ერთწლიანი ხელშეკრულებები ფორმდებოდა, ახლა კომპანიები მხოლოდ ერთ ან ორთვიან თანამშრომლობაზე მოდიან, ისიც იმ შემთხვევაში, როცა სარეკლამო აქტივობა ძალიან სჭირდებათ. თუმცა არიან ისეთი კომპანიებიც, რომლებზეც შექმნილ კრიზისს საგრძნობლად არ უმოქმედია. შექმნილ ვითარებას ამძაფრებს ისიც, რომ საგრძნობლად გაძვირდა საგაზეთო ქაღალდიც, თუმცა, ამის გამო “რეზონანსის” ფასი არ გაზრდილა და იგი ძველებურად 50 თეთრს შეადგენს. ელისო ჩაფიძის განცხადებით, გაზეთის ღირებულების ძველ ნიშნულზე შენარჩუნება გაზეთის მესვეურების პრინციპული გადაწყვეტილებაა, რამდენადაც მათ კარგად ესმით, რომ შექმნილი კრიზისი გაზეთის მკითხველზე, ანუ პრესის მყიდველებზეც პირდაპირპროპორციულად აისახება.

ელისო ჩაფიძე პრესის პრობლემებზე საუბრისას რამდენიმე წლის წინანდელ ფაქტს იხსენებს და ამბობს: პირველი ურყოფითი ნაბიჯი, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა გადადგა პრესასთან დაკავშირებით, თავისი მოსვლის შემდეგ, იყო ის, რომ აკრძალა სახელმწიფო დაწესებულებებში გაზეთების გამოწერა. ამის გამო გაყიდვების რიცხვი 200-300 ათასით შემცირდა, რაც იმდროინდელ მედია – ბიზნესზე, ბუნებრივია, უარყოფითად აისახა. შემდგომ იყო გარკვეული სახის შეღავათები, თუმცა მის გაუქმებას ხელი მაშინდელმა პარლამენტის თავმჯდომარემ და ახლა რადიკალურ ოპოზიციაში გადასულმა ნინო ბურჯანაზე მოაწერა. ამის გამო იყო ცხარე დისკუსიები, იყო შეურაცხყოფებიც მთავრობის წარმომადგენელთა მხრიდან. ნოდარ გრიგალაშვილმა საერთოდაც განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარი იყო, რატომ უნდა დახმარებოდნენ მედია – ბიზნესს. თუმცა, იმ ქვეყანაში, სადაც არ იძიებენ გირგვლიანის და სხვათა მხეცურ მკვლელობებს, რა თქმა უნდა, არც სჭირდებათ მედიის მაღალი დონეBბოლო ეტაპზე შეინიშნებოდა მცდელობები პრესის ერთ ხელში გადანაწილებისა, რაც მანიპულაციის დიდ შესაძლებლობას იძლევა. ჯერ მოსინჯეს ძალები, რამდენად ადეკვატულ პასუხს მიიღებდნენ და რახან ამან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, იდეა უარყვეს. უბრალოდ, მოერიდნენ ხალხის და ჟურნალისტების კიდევ უფრო გაღიზიანებას. ეს რომ 2005-2006 წლებში დაწყებულიყო, მიიყვანდნენ კიდეც ბოლომდე… რახან გვინდა და პრეტენზიას ვაცხადებთ მაღალი დონის დემოკრატიაზე, მზად უნდა ვიყოთ მის შესაქმნელადაც. ისე კი, პრესას შერავათებზე მეტად სხვა რამ უფრო სჭირდება, _ ვითხოვდით და ვითხოვთ თავისუფლებას! თავისუფალ მედიასივრცეს. ნუ იქნება ზეწოლა!~ _ განაცხადა ბეჭდვითი მედიის პრობლემებზე საუბრისას ელისო ჩაფიძემ.

გაზეთში “24 საათი” ვითარებას შეშფოთებით უყურებენ. გაზეთი გაყიდვასთან ერთად სარეკლამო განტავსებებზეა ორიენტირებული. სამშენებლო კრიზისმა გაზეთის სარეკლამო მოცულობა მკვეთრად შეამცირა. კერძოდ, თუკი შარშან სამშენებლო კომპანიებთან 100 000 დოლარიან კონტრაქტებზე იყო საუბარი, წელს იგივე კონტრაქტების მოცულობა 3-ჯერ და უფრო მეტადაც შემცირდა. “ჩვენ კარგი ურთიერთობა გვქონდა ავტოდილერებთან, საბანკო და სადაზღვევო სისტემებთან, თუმცა წელს ეს სეგმენტი ჯერ-ჯერობით სარეკლამო აქტივობისგან თავს იკავებს. არ მაქვს იმედი, რომ ამ მძიმე ვითარებაში სახელმწიფო შეძლებს ჩვენს დახმარებას და მედია – ბიზნესში რაღაც თანხებს ჩადებს. მეეჭვება, რომ უბრალოდ არსებობდეს ამის რესურსი. მაგრამ სახელმწიფოს შეუძლია გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ვიდრე იქნება კრიზისი, გაგვათავისუფლოს გადასახადების თუნდაც რაღაც ნაწილისგან. გამოცხადდეს გარკვეული მორატორიუმი.

ეს უდიდესი შეღავათი იქნება ჩვენთვის, თორემ, დარწმუნებული ვარ, სულ რამდენიმე თვეში პრესა საკმაოდ მძიმე Dდღეში აღმოჩნდება,” – ამბობს “24 საათის” რედაქტორი პაატა ვეშაპიძე.
მედია სახლის “კვირის პალიტრის” განვითარების მენეჯერმა ზაზა ბუაძემ “ბანკები და ფინანსებთან” საუბრისას განაცხადა, კრიზისი ბეჭდვით მედიიასაც შეეხო და ვითარება თუნდაც შარშანდელთან შედარებით გაუარესებულია. “კრიზისი იგრძნობა, მაგრამ წამყვან გამოცემებს მისი დაძლევა არ უნდა გაუჭირდეთ. სიტუაციის ზოგადი ანალიზისას, მათ შორის, ჩვენი გამოცემების მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ პრესაში რეკლამამ იკლო. განსაკუთრებით ზოგიერთი დეველოპერის მხრიდან, რომლებსაც მედიის საკმაოდ დიდი ვალებიც დაუგროვდათ. მაგრამ არც იმის თქმა იქნება მართებული, რომ რეკლამა პრესაში საერთოდ შეწყდა. მართალია, კომპანიებმა სარეკლამო ბიუჯეტებს კრიტიკულად გადახედეს და გარკვეულად შეამცირეს, მაგრამ რეკლამაზე, როგორც ბიზნესის მასტიმულირებელ ფაქტორზე, მათ, ცხადია, უარი არ უთქვამთ. ამ შემთხვევაში, მათ უარის თქმა საკუთარ ბიზნესებზე მოუწევთ. რაც შეეხება გაყიდვების მოცულობას, აგვისტოს ომის შემდეგ ბაზარზე ტირაჟების მატება შეიმჩნეოდა და ეს ბუნებრივიც იყო, რამდენადაც საზოგადობა გარკვეულ ინფორმაციულ ვაკუუმს გრძნობდა და ამ ვაკუუმს მას პრესა უვსებდა. ეს ტენდენცია ოქტომბრამდე გაგრძელდა, შემდგომ კი თითქოს აპათიისმაგვარი შეიმჩნეოდა საზოგადოებაში, რამაც გარკვეულწილად ტირაჟებზეც იმოქმედა, მაგრამ ეს მდგომარეობა მხოლოდ დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდა. დეკემბრიდან დღემდე კვლავ შეიმჩნევა ტირაჟების მატების ტენდენცია.”- ამბობს ზაზა ბუაძე. მისი თქმით, ცხადია, სახელმწიფოს მხრიდან ბეჭდვითი მედიის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნება, თუკი კრიზისის პერიოდში პრესა გარკვეულწილად გადასახადებისგან გათავისუფლდება. “მე, რა თქმა უნდა, მოხარული ვიქნები, თუკი რაღაც პერიოდით პრესა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდება, მაგრამ საკითხის ასე მკვეთრად დასმაც არ მგონია მთლად მართებული. უფრო სამართლიანი იქნება, თუკი დღეს მოქმედ დღგ-სგან თავისუფალ რეჟიმს დაემატება ქონების გადასახადისგან გათავისუფლება და საშემოსავლო გადასახადის თუნდაც განახევრება იმ პირობით, რომ დაზოგილი თანხა ჟურნალისტური კორპუსის შრომის ანაზღაურებას დაემატება. ეს ეფექტიანი ღონისძიება იქნება და მედიის ხარისხზეც დადებითად იმოქმედებს და ჟურნალისტთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზეც. კეთილი ნების შემთხვევაში, ვფიქრობ, ხელისუფლება პრესას ამაზე კარგს ვერაფერს შესთავაზებს. ოღონდაც, პარალელურ რეჟიმში ხელისუფლებამ ხელის გადაგრეხვის პრინციპით არ უნდა იმოქმედოს, რის გარკვეულ ნიშნებსაც მედია ამჩნევს. კერძოდ, თუ პრესის გავრცელების საქმეში ხელისუფლება ხისტად ჩაერია და საკუთარი, პრესისთვის მიუღებელი პირობების კარნახი დაიწყო, არანაირ საგადასახადო შეღავათს ფასი აღარ ექნება”. – აცხადებს ზაზა ბუაძე.

მედიაბიზნესის ანალიტიკოსის თამარ ჩიქოვანის აზრით – “რეკლამები შეუმცირდა ყველას, როგორც ბეჭდურ, ასევე ელექტრონულ მედიას. რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმ ფაქტზე, რომ საქართველოში მედია, როგორც ბიზნესი, არ არსებობს. მედია, კერძოდ და უფრო ელექტრონული მედია, საქართველოში ეს არის რაღაც პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც მიმართულია საზოგადოების შეცდომაში შეყვანისკენ. რაც შეეხება რეგიონალურ მედიას, მე ვიცი, რომ მარტო პრესაში კი არა სერიოზული პრობლემებია ტელევიზიებშიც. რეგიონებში სატელევიზიო საინფორმაციო გამოშვებები, რომლებიც ისედაც 10 წუთიანი იყო, შეიძლება საერთოდ აღარ გავიდეს ეთერში. ხელფასის გარეშე შეიძლება იმუშავო 1 ან 2 თვე, მაგრამ მეტს ვერ გაუძლებს ადამიანი, ოჯახი ყველას ყავს… გამოსავალი, გარდა იმისა, რომ იყოს რაიმე სახის შეღავათები, არის გაზეთების გამოწერის პრაქტიკის აღდგენაც. წინასწარ ფულის გადახდა გაზეთებისთვის მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება. როგორც ჩემთვის ცნობილია, საკმაოდ გაიზარდა მედიის დაფინანსება საერთაშორისო ფონდების მიერ. რაც დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, “ღია საზოგადოება – საქართველოში” ამისთვის მილიონამდე დოლარია გამოყოფილი.

სუბსიდიების იმედი, არც უნდა გვქონდეს იმიტომ, რომ ჩვენთან ასე ითვლება, თუ სახელმწიფო გეხმარება რაიმე სახით, მაშინ უნდა მიეყიდო მას! ასე ხედავს ის პრობლემის მოგვარების გზებს. ამაზე წასვლა კი ნამდვილად არ ღირს. დღეს ერთადერთი გაზეთია “24 საათი”, რომელიც იღებს სახელმწიფო შეკვეთებს ტენდერებისა და სახელმწიფო განკარგულებების ბეჭდვაზე. კარგი იქნებოდა ამაზე გამოცხადებულიყო კონკურსი და ის სხვადასხვა გაზეთებში გადანაწილებულიყო და არ ყოფილიყო მიბმული მხოლოდ ერთზე. ეს გაზეთებისთვის დამატებითი რესურსის მოზიდვის წყარო გახდებოდა.

ეკონომიკური კრიზისი ახალი დაწყებული იყო საქართველოში, როცა, თითქოსდა უნდა დაეწყოთ ახალი გაზეთის prime time-ის გამოცემა, ყოველდღიური 52 გვერდიანი ფერადი გაზეთის გამოცემა, რომლის ფასიც მხოლოდ 35 თეთრი იქნებოდა. მე მაინტერესებს, საიდან დაფინანსდებოდა ეს გაზეთი?! ხომ ყველასთვის ნათელია, რომ 35 თეთრად ვერავინ შეძლებს გაზეთის რჩენას! ამას სჭირდება საბიუჯეტო თანხა… მე ვთვლი, ამ თვალსაზრისითაც ბეჭდვით მედიას დიდი პრობლემა აქვს. პრობლემაა ბეჭდვითი მედიას დისტრიბუციის საკითხიც. ხშირად, დღის მეორე ნახევარში უკვე აღარ იშოვნება გაზეთების უმრავლესობა. გაზეთებმა უნდა განსაზღვრონ, რა არის მათთვის მნიშვნელოვანი – ინფორმაციის გავრცელება და მათი ჩატანა რაიონებში, თუ 15-20 გაზეთით მეტის გაყიდვა. რეგიონებში თბილისთან შედარებით შექმნილია ინფორმაციული ვაკუუმი. მართალია, არსებობს ინტერნეტ გამოცემებიც, მაგრამ ეს, სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნვოთ ამ პრობლემის მოგვარებაზე.

პრესის პრობლემებთან ერთად მე არც სატელევიზიო მედიის პრობლემებს დავტოვებდი ყურადღების მირმა. კერძოდ, მიმაჩნია, რომ ბიუჯეტები უნდა იყოს აბსოლუტურად გამჭირვალე და ყველასთვის გასაგები. უნდა ვიცოდეთ, თუ რას რამდენი ხმარდება, იგივე ელექტრონულ მედიაში. მაინტერესებს, რამდენი იხარჯება ამა თუ იმ გადაცემაზე. საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა გვთავაზობდეს არა `კაბარეს~, რომელიც საკმაოდ ძვირი პროექტია, არამედ მეტს გვესაუბრებოდეს იმ თემებზე, რაც საზოგადოებისთვის არის საინტერესო. მაინტერესებს, ვინ რომელი არხის მეპატრონეა. საინტერესოა, ასევე ჩვენი გადასახადებისგან რა თანხა ხმარდება ტელეარხ “საქართველოს”, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ტელევიზიაა და ტელეკომპანია “ალანიას”, რომელიც დღეს რისთვის მაუწყებლობს, კაცმა არ იცის. ყველა ამ კითხვაზე საჭიროა ბოლოსდაბოლოს პასუხი გაგვცენ! დღეს ბიზნესად მედიას ვერ განიხილავ, იმიტომ, რომ დამოუკიდებელ მედიაში რეკლამის განთავსებას ხელისუფლება ბლოკავს. სასწრაფოდ უნდა მოხდეს ამ პრობლემების მოგვარება. ელექტრონულმა მედიამ შეიძლება კიდევაც გაუძლოს ამ კრიზისს, ეთერი შეავსოს ფილმებით, მაგრამ პრესაში, სადაც გაცილებით მეტი დამოუკიდებლობაა, უფრო მძიმე შედეგებია მოსალოდნელი”, – განაცხადა თამარ ჩიქოვანმა.

თათია ჩაფიჩაძე