24/02/2024
Latest:
საზოგადოება

ბერნარ კუშნერი: „ეს არის ამბიციური პროექტი, რომელიც საქართველოში ჯანდაცვის სისტემას შეცვლის“

ბერნარ კუშნერმა „გლობალური ალიანსისა“ და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლობის პირველ ფაზას წარმატებული უწოდა. როგორც მან აღნიშნა,  ეს არის საკმაოდ ამბიციური პროექტი, რომელმაც საქართველოში ჯანდაცვის სისტემა უნდა შეცვალოს.

„ჩვენი თანამშრომლობის პირველი ფაზა უკვე წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს. მომზადებულია დოკუმენტთა კრებული.  ეს არ არის მხოლოდ რეკომენდაციები და  ინიციატივები, რომელიც ქაღალდზეა გაწერილი. ეს არის პრაქტიკული და სრულყოფილი პროგრამა, რომელიც მოიცავს რეფორმების განხორციელების ყველა მიმართულებას. აღნიშნული დოკუმენტი  არის როგორც საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარების სტრატეგია, ასევე მისი კონკრეტული სამოქმედო გეგმა“, – აღნიშნა კუშნერმა შეხვედრაზე.

 ბერნარ კუშნერმა მნიშვნელოვანი უწოდა იმ რეკომენდაციებს, რომლებიც  დაფუძნებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე. სტრატეგიული დოკუმენტები მოიცავს ჯანდაცვის სფეროს ხარჯეფექტურად მართვის, პირველადი და ელექტრონული ჯანდაცვის ინოვაციური მოდელების ჩამოყალიბების, დაავადებების კონტროლისა და მონიტორინგის, სფეროს მუშაკების სამოტივაციო სისტემის შექმნის პროგრამებს. შემუშავებულია კანონპროექტები, წარმოდგენილია ის კონკრეტული  მექანიზმები, რომელიც ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას შეუწყობს ხელს: „პირველადი დოკუმენტი უკვე მზად არის, მზად არის შეთავაზებაც, რომელშიც არის გაწერილი ის პუნქტები, რომლის შესრულებაც უკვე ჯანდაცვის სამინისტროს გადასაწყვეტია. მთელი ამ პროცესის მთავარი მიზანია საქართველოს ყველა მოქალაქეს ჰქონდეს წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, პირველადი ჯადაცვის რგოლზე. ხარისხიანი სერვისების მიღება კი დამოკიდებულია სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციაზე, მათ შესაბამის ანაზღაურებაზე, ადმინისტრაციულ, სამედიცინო თუ ეკონომიკურ ფაქტორებზე. პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა და ახლა წინ იქნება მეორე ეტაპი – იმ 14 შეთავაზებული პუნქტის იმპლემენტაცია, რომლის დანერგვა და გათვალისწინება უკვე ჯანდაცვის სამინისტროს პრეროგატივაა“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და „გლობალური ალიანსის” წარმომადგენლების მონაწილეობით ჯანდაცვის სექტორის რეფორმირების საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომას „გლობალური ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს  თავმჯდომარე  ბერნარ კუშნერი, „გლობალური ალიანსის“ პრეზიდენტი ჟან-ელი მალკინი, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია და საბჭოს სხვა წევრები ესწრებოდნენ.