საზოგადოება

“არ აგისრულებთ რასაც გპირდებით, ისე მომეცით ხმები”

“ნაციონალურმა მოძრაობამ” 2016 წლის არჩევნებისთვის ის დაპირებები გააჟღერა, რაც წლების წინ უკვე იყო გაცემული, თუმცა არ შესრულდა

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტ ფაზაში შედის. ზოგიერთი პოლიტიკური პარტია იმდენად სასოწარკვეთილია, რომ ნებისმიერ დაპირებას გასცემენ ოღონდ მომდევნო პარლამენტში მოხვდნენ. მათ შორის ერთ-ერთი გამოსარჩევია ” ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, რომელმაც წინასაარჩევნო დაპირებებით უხვად აავსო მოსახლეობა. საყურადღებოა, რომ პარტია, რომელიც 9 წელი ერთპიროვნულად მართავდა ქვეყანა, იმ დაპირებებით გამოვიდა, რომელთა უმეტესობაც სხვადასხვა დროს უკვე ჰქონდა გაჟღერებული და მაშინ არ ან ვერ შეასრულა ისინი. ახლა კი ახალი ენერგიით კვლავ ჰპირდება მოსახლეობას თავისივე გაფუჭებული საქმეების გამოსწორებას. გაზეთი “ბანკები და ფინანსები” გთავაზობთ პარტიის წინასაარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი ძირითად მიმართულებებს და მათ ანალიზს.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” 2016 – 2020 წლების სამოქმედო გეგმის ძირითადი ასპექტები:

დასაქმება

  • 2017 წელსვე 45 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, ხოლო მომდევნო წლებში ყოველწლიურად 30,000-მდე დამატებითი სამუშაო ადგილი შეიქმნება;

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პროგრამის თანახმად, მათი საგადასახადო ინიციატივების შედეგად, 2017 წელსვე 45 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, რაც ამდენივე ოჯახის, ანუ მინიმუმ 150 ათასამდე ადამიანის კეთილდღეობას გააუმჯობესებს. მომდევნო წლებში კი, ბიზნესისთვის და მოქალაქეებისთვის აღნიშნული დამატებითი სახსრების დატოვების შედეგად, ყოველწლიურად 30,000-მდე დამატებითი სამუშაო ადგილი შეიქმნება. დაპირება ნებისმიერი მოქალაქისთვის მისასალმებელია, თუმცა რამდენად რეალურია და შეძლებს თუ არა ენმ-ს ეკონომიკური გუნდი ამის განხორციელებას, ეს უკვე სხვა საკითხია. ინფორმაციისთვის, 2015 წლისთვის საქართველოში 241 ათასი უმუშევარი გვყავს. ენმ-ს პროგრამით 2017 წელს 45, ხოლო მომდევნო 3 წელიწადში კიდევ 90 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება, რაც უხეში გათვლებით უმუშევართა რაოდენობის 241-დან 106 ათასამდე შემცირებას ნიშნავს. ანუ, უმუშევრობა მომდევნო 4 წელიწადში 56%-ით შემცირდება და თუ 2015 წელს ის იყო 12%, ენმ-ს გათვლებით, 2020 წელს 5%-მდე შემცირდება, რაც ბევრი განვითარებული ქვეყნებისთვისაც კი, საოცნებო მაჩვენებელია.

გარდა ამისა, დასაქმებულთა რიცხვის ზრდის მოდელი, რომელიც პირველ წელს 45,000, ხოლო შემდგომ წლებში 30,000 სამუშაო ადგილის შექმნას გულისხმობს, აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელია. რამდენადაც, წესით, სამუშაო ადგილების რაოდენობის და, შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის პირობებში დასაქმების ტემპმა არათუ უნდა დაიკლოს არამედ უნდა გაიზარდოს.

გადასახადების შემცირება

  • 2017 წელს საშემოსავლო გადასახადი 15%-მდე შემცირდება, ხოლო მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში 10%-მდე დაიწევს;
  • მოგების გადასახადი 10%-მდე შემცირდება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში;
  • 90 000 ლარამდე ბრუნვის ბიზნესი მიკრობიზნესად ჩაითვლება და არ დაიბეგრება (ნაცვლად დღეს არსებული 30 000 ლარისა);
  • 200 000 ლარამდე ბრუნვის ბიზნესი მცირე ბიზნესად იქნება განხილული და დაიბეგრება 3-5%-ით (ნაცვლად დღეს არსებული 100 000 ლარისა);

რაც შეეხება გადასახადების კლებას, აღსანიშნავია, რომ საშემოსავლო გადასახადის შემცირება 20-დან 15%-მდე, საბიუჯეტო შემოსავლების 500 მილიონი ლარით შემცირებას გამოიწვევს. გარდა ამისა, ამას თუ დავუმატებთ, 25%-ით აქციზის გადასახადის შემცირებას ნავთობპროდუქტებზე, ალკოჰოლურ სასმელებზე, ასევე გადასახადის გაუქმებას საპროცენტო შემოსავალზე და უძრავი ქონების გასხვისებაზე, ბიუჯეტის შემოსავლები კიდევ დაახლოებით, 1 მილიარდი ლარით შემცირდება.

გადასახადების შემცირება, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, ისიც, რომ სახელმწიფო აპარატის ხარჯების შეკვეცის პირობას დებენ, თუმცა, ამის პარალელურად, დიდი მოცულობის სოციალური დაპირებების გაცემა, რბილად რომ ვთქვათ, არარეალურია. ანუ, ორივე ერთად, გადასახადების შემცირება, ბიუჯეტის შემოსავლების შემცირება და სოციალური ხარჯების გაზრდა წარმოუდგენელია. თუნდაც მხოლოდ პენსიის გაზრდა 50 ლარით დაახლოებით, 450 მილიონი ლარის დამატებითი ხარჯია, ამასთან, სოციალურად დაუცველთათვის დახმარებების ზრდა კიდევ მეტ ხარჯს ნიშნავს. შესაბამისად, რამდენად რეალურია “ნაციონალური მოძრაობის” დაპირებები, ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს.

იაფფასიანი პოპულიზმი

  • საფოსტო გზავნილების მეშვეობით დაუბეგრავად საქონლის შემოტანის ზედა ზღვარი ნაცვლად 300 ლარისა, გახდება 1500 ლარი.

პროგრამაში, ასევე ერთ-ერთ მთავარ მესიჯად გამოტანილია საფოსტო გზავნილებზე დაუბეგრავი მინიმუმის აწევა 300 ლარიდან 1,500 ლარამდე. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ზღვარი 1,500 ლარი იყო და სწორედ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს შემცირდა 300 ლარამდე. გარდა ამისა, ასეთი უმნიშვნელო საკითხის მთავარ “მესიჯებში” ჩასმა, ერთმნიშვნელოვნად პოპულისტური დაპირების შთაბეჭდილებას ტოვებს.

დამატებითი ღირებულების გადასახადის რეფორმა

  • ნაცვლად დღეს არსებული 100 000 ლარისა, დღგ-ს მხოლოდ 200 000 ლარზე მეტი წლიური ბრუნვის მქონე სუბიექტები გადაიხდიან.

დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ) ზედა ზღვრის აწევა 100-დან 200 ათასამდე მეტ თანხას კი არ ტოვებს ეკონომიკაში, არამედ პირიქით ეკონომიკიდან ბიუჯეტში მეტი თანხების შედინებას იწვევს (ეს ყველა აუდიტორმა იცის.).

აქვე აღსანიშნავია, რომ დღგ-ს ზღვრის აწევას “ნაციონალური მოძრაობა” 2010 წელს ახალი საგადასახადო კოდექსის მიღებისას უკვე აპირებდა. ეს ცვლილება კოდექსის პირვანდელ ვარიანტში იყო კიდეც ჩადებული, თუმცა მაშინ აუდიტორებმა და ეკონომისტებმა მთავრობა გადაარწმუნეს, რომ ამ ცვლილებით ბიზნესის მდგომარეობა უფრო დამძიმდებოდა. შედეგად 6 წლის წინ უარი ითქვა მსგავს ინიციატივაზე, თუმცა როგორც ვხედავთ დრო ყველაფრის მკურნალია და კვლავ დაბრუნდა დღგ-ს ზღვრის აწევა ერთ-ერთ დაპირებად.

ეკონომიკური ამნისტია

  • ბიზნესმა რომ თავი დაცულად იგრძნოს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მოახდენს სრულ საგადასახადო ამნისტიას.

ენმ-ის პროგრამაში მითითებულია, რომ უნდა მოხდეს ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია და საგადასახადო ამნისტიის შემოღება. რა თქმა უნდა, ერთი შეხედვით, ასეთი პირობა საკმაოდ მიმზიდველად და ერთმნიშვნელოვნად, მისაღებად ჟღერს. თუმცა, რამდენად აქვს “ნაციონალურ მოძრაობას” ასეთი დაპირების გაცემის მორალური უფლება ეს სხვა საკითხია. ამას ემატება ისიც, რომ იქვე აღნიშნულია ფინანსური პოლიციის გაუქმების დაპირება. მსუბუქად რომ ვთქვათ, ასეთი დაპირებები ძალიან ურცხვი და მიუღებელია იმ პარტიის მხრიდან, რომელიც საზოგადოების გარკვეულ წრეებში, ბიზნესის ტერორის სიმბოლოდ არის ქცეული. გარდა ამისა, კარგად გვახსოვს კონკრეტული ფაქტები თუ როგორ ხდებოდა ჩინოვნიკების პირადი თუ პოლიტიკური სურვილების ახდენა, სწორედ ფინანსური პოლიციის გამოყენებით.

ასევე აღსანიშნავია, რომ თუ მართლაც მოხდა საგადასახადო ამნისტია ამით პირველ რიგში სწორედ ის მეწარმეები ისარგებლებენ ვინც “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ოპერირებდნენ. მაშინ კი მსხვილი ბიზნესის არსებობაც კი წარმოუდგენელი იყო ხელისუფლებასთან თუ არ იყო დაახლოებული. ხოლო თუ ვინმე გადასახადს არ იხდიდა, კარგად გვახსოვს რა მკაცრი იყო შემოსავლების სამსახური მათ მიმართ. ერთი პერიოდი სუიციდის შემთხვევებიც კი გაიზარდა მცირე მეწარმეებში საგადასახადოს სიმკაცრის შედეგად. ასე რომ, ეს საგადასახადო ამნისტია უფრო საკუთარ თავის ამნისტიას ჰგავს. ან კიდევ ტელევიზიების იმ ფინანსურ ამნისტიას, როცა რუსთავი 2-ს და იმედს მილიონობით ლარი ეპატია რეგიონული მედია საშუალებების ხელშეწყობის საფარქვეშ.

პენსიების ზრდა

  • 2016 წლის ნოემბრიდან სახელმწიფო პენსია გაიზრდება 50 ლარით და განახლდება სახელმწიფო პენსიების მუდმივი ზრდა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ.

საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ 2008 წელს წინასაარჩევნოდ პირდებოდა “ნაციონალური მოძრაობა” ასაკოვან მოსახლეობას 100 დოლარიან პენსიას. თუმცა, ფაქტია, რომ პენსია მათი დაპირებიდან 8 წლის შემდეგაც კი არ არის 100 აშშ დოლარის ექვივალენტი. ხოლო თუ სასწაული მოხდა და ნაცებმა გაიმარჯვეს და კიდევ ერთი სასწაული მოხდა და პენსიონერებს 50 ლარით გაზრდილი პენსია დაუნიშნეს, ამასთან კიდევ ერთი სასწაული მოხდა და ეროვნული ვალუტის კურსი დღევანდელ ნიშნულზე შენარჩუნდა, სწორედ მაშინ მოხდება სახელმწიფო პენსიის 100 დოლართან გათანაბრება. შესაშური ოპერატიულობა იქნება პენსიის ზრდა დაპირებიდან 9 წლის შემდეგ. თუმცა ამ ეტაპზე პენსიის 50 ლარით ზრდა, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა ბიუჯეტისთვის დამატებით 450 მილიონის ხარჯი იქნება, რაც გადასახადების შემცირების პარალელურად წარმოუდგენელი და მიუღწევადია.

დასკვნის სახით

როგორც სხვა პარტიების უმრავლესობას “ნაციონალ მოძრაობასაც” ეკონომიკური პროგრამა წარმოდგენილი აქვს განცხადებების, “მესიჯების” დონეზე და თან არ ერთვის მაკროეკონომიკური გათვლები. ესა თუ ის რეფორმა რა ცვლილებებს გამოიწვევს ბიუჯეტში თუ ზოგადად ეკონომიკაში ამაზე საუბარიც არ არის. შესაბამისად დათვლები გაკეთებულია ზედაპირულად და რეალობაში ნაკლებად განხორციელებადია. თუმცა, როგორც შესავალში იქნა აღნიშნული პარტიები იმდენად არიან სასოწარკვეთილებას მიცემული, რომ ნებისმიერი სახის დაპირებებს გასცემენ განუხრელად იმისა, რამდენად შესრულებადია თუ არა ისინი პრაქტიკაში. საბოლოოდ კი ამომრჩევლის გადასწყვეტია, რამდენად რეალურია ამა თუ იმ პარტიის ეკონომიკური პროგრამა და რამდენად ენდობა მას მოსახლეობა. ამ კითხვაზე პასუხი კი 8 ოქტომბრის არჩევნებზე გამოჩნდება.

მერაბ ჯანიაშვილი