საზოგადოება

“ბევრ პარტიას ხელს აძლევს ვითარების დესტაბილიზაცია, პრემიერი კვირიკაშვილი რეაქციას აგვიანებს”

ექსპერტი ვაჟა ბერიძე საკრებულოს შუალედურ არჩევნებს და განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ექსპერტის შეფასებით, ბევრ პარტიას, რომელთაც არანაირი შანსი არ აქვთ არჩევნებზე ოქტომბერში, ხელს აძლევს ვითარების დესტაბილიზაცია.

“მიქარავს, ვინც ფიქრობს, რომ დღეს ,,ნაციონალებს” კუთვნილი მიაგეს.
მიქარავს, ვინც ფიქრობს, რომ მთავრობამ თავისი სახე აჩვენა და ეს მის წისქვილზე დაასხამს წყალს არჩევნებში.

მიქარავს, ვინც ფიქრობს, რომ ემოციური ქართველები და საქართველო ქაოსში დაინთქმება და ამაზე ხელს მოითბობს.

მიუხედავად ყველაფრისა, ჯერ ნუ ავჩქარდებით, უნდა გავიგოთ რა მოხდა. კამერა რომელმაც ფაქტები დააფიქსირა, ისევე სუბიექტურია, როგორც თითოეული ჩვენგანი. ფაქტია, რომ სამეგრელოში შუალედური არჩევნების დღეს ,,ნაციონალებმა” გადასხეს მრავალრიცხოვანი დესანტი, ხოლო ბურჭულაძე თავისი გუნდით ხურჩას მიადგა ჩვენი მოქალაქის მკვლელობის გასაპროტესტებლად. კონტექსტები აქ მეორე ხარისხოვანია – ეს უეჭველია. მსგავსი ექსცესები არის კატეგორიულად დასაგმობი, დაუშვებელი და მიუღებელი. საქართველოს, აქვს რეალური პერსპექტივა აქ სირია განმეორდეს და ეს არ არის იოტისოდენა გადაჭარბება. ძალიან ბევრ პარტიას, რომელთაც არანაირი შანსი არ აქვთ არჩევნებზე ოქტომბერში, ხელს აძლევს ვითარების დესტაბილიზაცია. ამის მოსურნეა, რა თქმა უნდა, ოკუპანტი რუსეთი, რომელიც ამერიკული ტანკების გამოჩენაზე საქართველოში და ერთობლივ წვრთნებზე უეჭველად გასცემს პასუხს და ეს არამარტო მეხუთე კოლონის მეშვეობით მოხდება, არამედ ეგრეთწოდებული პროდასავლური პარტიების მეშვეობითაც. მთავრობის უმოქმედობა დაუშვებელია. პრემიერი კვირიკაშვილი რეაქციას აგვიანებს. ჩვენ მოქალაქეებს არ გვინდა არეულობები და მხოლოდ მშვიდ გარემოში არჩევნების ჩატარებას უნდა დავუჭიროთ მხარი, რამდენად მიუღებელიც არ უნდა იყოს მისი შედეგები ჩვენი საზოგადოების ამა თუ იმ ნაწილისთვის.

სამოქალაქო დაპირისპირებამდე კი არა, სირიამდე მივალთ მეთქი, ხაზი გავუსვი. საზოგადოების ერთ ნაწილს შევარდნაძის დროინდელი პრესინგი მოსწონდა ოპოზიციის მიმართ, ნაწილს მიშას დროინდელი კარალეთი და მაშინდელი ოპოზიციის ცემა–ტყეპა, ნაწილს შეიძლება შურისგების გრძნობა ამოძრავებდეს ნაცების მიმართ, მაგრამ ჩვენ, ჩვეულებრივ მოქალაქეებს, მშრომელებს და ჯაფით დატვირთულებს, არ გვაძლევს ხელს დესტაბილიზაცია. ეს ტურისტულ სეზონს დაასამარებს, ხალხს ორი ლარის გაკეთების პერსპექტივას მოუსპობს. ეს ხელს აძლევს უპერსპექტივო პოლიტიკურ ძალებს და რუსეთს.

სირია, სირია გახსოვდეთ ყველას!”, – წერს ექსპერტი, ვაჟა ბერიძე.