27/04/2024
Latest:
ეკონომიკა

ცეზარ ჩოჩელი 100 მილიონი დოლარის მასშტაბურ პროექტს იწყებს

ცეზარ ჩოჩელი ახალი ქარხნის მშენებლობას იწყებს. როგორც ბიზნესმენი განმარტავს, ეს იქნება მასშტაბური პროექტი, რომელშიც 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

ჩოჩელის თქმით, ქარხანა ქართული და უცხოური ინვესტიციით, სამეგრელოში აშენდება. იქიდან გამომდინარე, რომ საინვესტიციო წინადადებაზე ხელმოწერა 24 აპრილს იგეგმება, მანამდე ბიზნესმენი დეტალების დასახელებისაგან თავს იკავებს.

კითხვაზე, თუ რისი ქარხნის მშენებლობა იგეგმება სამეგრელოში და ხომ არ არის აქედან უკვე დაანონსებული პროექტების, როგორიცაა ცემენტის ან კერამიკის ქარხნის მშენებლობა, ჩოჩელი აცხადებს, რომ დასახელებული პროექტებიდან ერთ-ერთია. „დანარჩენ დეტალებს პრეზენტაციაზე, 24 აპრილს გაიგებთ”- აცხადებს ჩოჩელი.

მისი ინფორმაციით, ქარხნის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება და 1 წელიწადში დასრულდება. გამოშვებული პროდუქცია კი ძირითადად საექსპორტო იქნება.

შეგახსენებთ, ახალი პროექტების დაწყების შესახებ ცეზარ ჩოჩელი გასული წლის ზაფხულში საუბრობდა. მაშინ ჩოჩელი აცხადებდა, რომ მის ჯგუფს უკვე მზად ჰქონდა ოთხი ახალი პროექტი, მათ შორის ცემენტისა და კერამიკულ საწარმოებზე უკვე მოძიებული იყო ინვესტორები, რომლებიც  აღნიშნულ პროექტში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამენ.

მაშინ ჩოჩელი აცხადებდა, რომ აღნიშნულ პროექტებს „ზედაზენის” ყადაღის გამო ვერ იწყებდა. აღსანიშნავია, რომ „ზედაზენის” 80 მილიონიანი ქონების 100 პროცენტი დაყადაღებული იყო. 2014 წლის ბოლოდან მის კომპანიებს ყადაღა ეტაპობრივად მოეხსნა.

commersant.ge