13/05/2024
Latest:
საზოგადოება

ცეზარ ჩოჩელი – ჟურნალისტებთან ურთიერთობა არ მიყვარდა, რაც ძალიან ძვირი დამიჯდა

ბიზნესმენი, კომპანიების „ზედაზენი“ და „ბარამბოს“ დამფუძნებელი ცეზარ ჩოჩელი Caucasus Business Week–თან საკუთარი ცხოვრების პრინციპებზე,  ყველაზე საინტერესო გამოცდილებაზე და სამომავლო გეგმებზე საუბრობს

განათლებით ეკონომისტი-საქონელთმცოდნე ვარ.

-პირველად მუშაობა რომ დავიწყე, 15 წლისაც არ ვიყავი. ახალგორის რაიონის კოლმეურნეობაში მთიბავად ვმუშაობდი. მაშინ, სხვათაშორის, თივის შეგროვების  რეკორდი მოვხსენით.

– პირველი ხელფასი 850 მანეთი იყო.  ეს  მაშინ ძალიან დიდი ფული იყო. ანაზღაურება გამომუშავებით მქონდა და გათიბული თივის რაოდენობით  განისაზღვრებოდა.

-ყველაზე კარგად ვმუშაობ მაშინ, როდესაც ჩანაფიქრი წარმატებულად ხორციელდება. როცა ადამიანი დასახულ მიზანს აღწევ, მაშინ გრძნობ თავს ყველაზე კარგად. საქმეში შედეგი ძალიან მნიშვნელოვანია.

 სამსახურში ყოველ დღე მივდივარ, დაახლოებით 9-10 საათზე.

სამსახურში მისვლისას პირველად წარმოების შემოვლას ვახდენ. დილით აუცილებელია ვნახო როგორ არის საღამოს დატოვებული ქარხანა, რამე პრობლემა ხომ არ არის და ასე შემდეგ.

– თუ არის ისეთი სფერო, სადაც ვერასდროს ვერ ვიმუშავებდი – ამაზე რომ ვფიქრდები ხოლმე,  ვხვდები, რომ წარმოების გარდა ვერსად ვერ ვიმუშავებდი.  წარმოება ჩემთვის ყველაფერია.

-„ზედაზენის“ ლუდის მომხმარებელი ვარ, რადგან  ზოგადად, ჩეხური ლუდის მიმდევარი ვარ და აქედან გამომდინარე, „ზედაზენი“   ჩეხურ ლუდთან ყველაზე ახლოსაა.

-„ბარამბოს“ შოკოლადი  ძალიან მიყვარს. უცხოური ბრენდის შოკოლადსაც კი მირჩევნია.  საქართველოში სავაჭრო ქსელებში რაც იყიდება „ბარამბო“, მისი ყველაზე დიდი მომხმარებელი მე ვარ.

  – ყველაზე მთავარი  ცხოვრებაში  ბევრი რამეა.  მათ შორის მთავარი და განმსაზღვრელია – პატიოსნება, შრომისმოყვარეობა და ერთგულება.

– ყველაზე მეტად რისი მეშინია, არ ვიცი. წესით ადამიანს არაფრის არ უნდა ეშინოდეს იმიტომ, რომ ცხოვრებაში დაუძლეველი რამე არ არსებობს. თუმცა, ვთვლი, რომ ზოგადად, ადამიანი მარტო ღვთის მოშიში უნდა იყოს.

– ძალიან დიდი გეგმები მქონდა და ეს გეგმები ბოლომდეა მისაყვანი.  ვგულისხმობ წარმოების  კიდევ უფრო გაფართოება-განვითარებას. ჯერჯერობით  ამ გეგმის ძალიან მცირე ნაწილი მაქვს შესრულებული და გასაკეთებელი ამ სექტორში ძალიან ბევრი რამე მაქვს.

-კარიერისთვის ყველაფერზე  არ უნდა წახვიდე ადამიანი. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ბიზნესში გაცილებით ადვილია კარიერის გაეკეთება, ვიდრე სხვა სფეროებში. იმიტომ, რომ ბიზნესი ყოველთვის  საუკეთესოებს არჩევს.

-მოგზაურობა  მიყვარს, მაგრამ  დრო არ მრჩება. სიმართლე რომ გითხრათ მოგზაურობისთვის და დასვენებისთვის 20 წელია არ მომიცლია. ვმოგზაურობ ძალიან ბევრს, თუმცა, ეს მხოლოდ საქმიანი ვიზიტებია.

-რომელი ქვეყანაა, სადაც სიამოვნებით ვიცხოვრებდი – ამაზე არ მიფიქრია.   როცა ყველა ქარხანას ავაშენებ, მერე ვიფიქრებ სხვაგან წასვლაზე.

-ჟურნალისტებთან ურთიერთობა  არ მიყვარდა და ახლა შემიყვარდა. იყო დრო, როცა არ მიყვარდა მედიასთან ურთიერთობა, ეს კი  ძალიან ძვირი  დამიჯდა. სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო, გვიან მივხვდი ამას. იმის მიუხედავად, სახელმწიფო სამსახურში ვიყავი თუ კერძო ბიზნესში, საერთოდ,  ჩემი ცხოვრების სტილი არ იყო ჩემი საქმიანობის აფიშირება. აქედან გამომდინარე, მეტნაკლებად ვერიდებოდი პრესაში და ტელევიზიაში ზედმეტად გამოჩენას და გაპრანჭვას. თურმე ვცდებოდი. ახლა შევცვალე სტრატეგია და დამოკიდებულებაც.

-საყვარელი კერძი არ მაქვს, რადგან ვთვლი, რომ  ქართული სამზარეულო იმდენად მრავალფეროვანია, რომ ძნელია ასე რომელიმე  გამოყო.  ზოგადად, ყველა კერძი ხელოვნების ნიმუშია. დაწყებული ძალიან მარტივით, მაგალითად მწვადით და დასრულებული რთული  კერძით. მე ყველა ქართული კერძი ყველაფერი მიყვარს.

-ხშირად ვსვამ და მიყვარს   ჩემი ქვეყნის დღეგრძელობის სადღეგრძელოს დალევა.

სპორტის საყვარელი სახეობა ძიუდოა.

– სიყვარულით ძალიან ბევრი სპორტსმენი მიყვარს. მათ შორის ისინი, ვისაც საქართველოსთვის  წარმატება მოუტანია. ჩვენ ძალიან სახელოვანი სპორტსმენები გვყავს.  ძალიან რთულია ამ ბიჭების ერთმანეთისგან გამორჩევა.  თუმცა, მეამაყება ფრანგი მოჭიდავე რიმერი.

 –ფეხბურთიც მიყვარს. ადრე „თბილისის დინამოს“  ვგულშემატკივდობდი. ახლა კი „ბარსელონას“.