ირაკლი გვილავა – სოციალურად დაუცველი სტუდენტები სწავლის 100%-იან დაფინანსებას მიიღებენ
სპორტისა და ახლგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა 2015 წლის ანგარიში წარადგინა
ანგარიშის მიხედით, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, „თბილისი 2015“- ის ფარგლებში აშენდა 5 სპორტული ობიექტი, 2 სპორტულ ობიექტს კი სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ასევე, გასულ წელს თბილისმა უეფა-ს სუპერთასს უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში მოხდა ,,დინამო არენას’’ სრული რეაბილიტაცია. ასევე, დაგეგმილია კომენტირების ახალი სისტემის დანერგვა, რომლის მეშვეობითაც უსინათლო და მცირემხედველ გულშემატკივრებს მატჩის სრულად აღქმის შესაძლებლობა მიეცემათ.
გარდა ამისა, 2015 წელს გაიხსნა თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრი, რომელსაც ამიერკავკასიაში ანალოგი არ აქვს. სპორტული კომპლექსი შშმ პირებისათვის მთლიანად ადაპტირებულია.
განათლების, სპორტისა და ახლგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის, ირაკლი გვილავას განცხადებით, 2015 წელს მიღებული ახალი წესის შესაბამისად, სოციალურად დაუცველი სტუდენტები სწავლის 100%-იან დაფინანსებას მიიღებენ. ასევე, დაინერგა წარმატებული სტუდენტების წახალისების პროგრამა – მაგისტარტურის მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები მერიის მუნიციპალური სტიპენდიას მიიღებენ. ამასთან, ,,ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის’’ პროგრამის ფარგლებში სამსახურმა შეიძინა ადაპტირებული ტრანსპორტი, რომელიც განსაკუთრებული საჭიროების მოსწავლეებს მოემსახურება.
“მომავალ წელს დაგეგმილია ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა. აშენდება სამი სარაგბო სტადიონი, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა. ასევე, 2016 წელს დაიწყება ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა, რომელიც 2017 წელს დასრულდება,” – განაცხადა გვილავამ.