22/05/2024
Latest:
საზოგადოება

,,ჭვავის პურის 60-70 პროცენტი შეღებილი ფქვილისგანაა დამზადებული”

რამდენად ხარისხიანი პური იყიდება ქართულ ბაზარზე? პრობლემაზე ბაზრის ახალი მოთამაშე საუბრობს. საკონდიტრო საწარმო „გურმეს” დირექტორის ნინო მამულაშვილის თქმით, რომელიც უახლოეს პერიოდში რუხი პურის წარმოების დაწყებას გეგმავს,  დღეს ბაზარზე ხარისხიანი პურის ნაკლებობაა,

მისი განცხადებით, ჭვავის პურის ბაზარზე პროდუქციის 60-70 პროცენტი შეღებილი ფქვილისგანაა დამზადებული.

მამულაშვილის თქმით, პრობლემაა არა ფქვილის შემოტანა, არამედ ის, რომ წარმოებისას პურის შეღებვა ადგილზე ხდება. ანუ კომპანიები თეთრ ფქვილს ღებავენ, დანამატებით კი შავი ფქვილი გამოსდით.

მისივე განმარტებით, ამის მიზეზია ის, რომ ხარისხიანი ჭვავის ფქვილი ძვირია, ამიტომ კომპანიებს არ უღირთ ასეთი ძვირადღირებული ფქვილით პურის წარმოება. „მაგალითად თუ 1 კგ ხარისხიანი ფქვილი ჩვენ 4 ლარი გვიჯდება, იაფფასიანი ფქვილის შემოტანა 1-1.50 ჯდება”-აცხადებს მამულაშვილი.

რეალურად დგას თუ არა ჭვავის პურის ხარისხიანობის პრობლემა ბაზარზე?

ჭვავის ფქვილის ხარისხზე კომენტარს აკეთებს ჭვავის ფქვილის იმპორტიორი კომპანია „ჯეოკინგის” დამფუძნებელი გიორგი ადამია. მისი განცხადებით, ის იმპორტიორია და პასუხს არ აგებს მცხობელების საქმიანობაზე და პურის ხარისხზე. მისი თქმით, „ჯეოკინგი” საქართველოში ხარისხიანი ჭვავის პურის იმპორტს მრავალი წელია ახორციელებს.

„ჩვენ დღეს ჭვავის ფქვილი ბელორუსიიდან შემოგვაქვს იმიტომ, რომ ეს ქვეყანა ძალიან ხარისხიან ფქვილს ამზადებს. მე შემიძლია ხარისხის სერთიფიკატებიც კი წარმოვადგინო”-აცხადებს ადამია.

მისივე თქმით, საკითხის ისე დასმა, რომ ჭვავის ფქვილი საქართველოს ბაზარზე დეფიციტურია, არასწორია. ეს ფქვილი არის საქართველოს ბაზარზე, თუმცა, შესაძლოა პური მართლაც იყოს ფალსიფიცირებული. რაც შეეხება ფასს, ადამიას განცხადებით, თუ რომელიმე კონკრეტულ კომპანიას ჭვავის ფქვილის შემოტანა ძვირი უჯდება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ჭვავის ფქვილი ძვირია. „ყველაფერს ცოდნა უნდა. თუ ის 1 ტონა ფქვილს წამოიღებს, რა თქმა ძვირი დაუჯდება. ვაგონით თუ წამოიღებს ბევრად იაფი დაუჯდება. ამას ცოდნა უნდა”-აცხადებს ადამია.

commersant.ge