სხვა

“ჩვენ დღეს გვჭირდება მშვიდობა და მშვიდობის შენარჩუნება, გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები, გვჭირდება ჯანსაღი ურთიერთობა” – კახა კალაძე

ჩვენ დღეს გვჭირდება მშვიდობა და მშვიდობის შენარჩუნება, გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები, გვჭირდება ჯანსაღი ურთიერთობა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ასევე აღნიშნა, რომ  ჩვენ გამოვლილი გვაქვს ეს ყველაფერი და ვიცით, რამხელა უბედურება შეუძლია მოუტანოს ქვეყანას ომმა.

„საქართველო იყო პირველი ქვეყანა, როდესაც საბჭოთა კავშირი იშლებოდა, სადაც გამოვიდა ხალხი და გააკეთა თავისი გასაკეთებელი და სხვა ქვეყნებმაც გადადგან ნაბიჯი და გააკეთონ თავისი გასაკეთებელი. არაერთი ომი გამოგვივლია და საერთაშორისო მისიებში მიგვიღია მონაწილეობა, არაფერზე უკან არ დაგვიხევია, მაგრამ ის დამოკიდებულება, რასაც ვხედავთ ბოლო დღეებისა და თვეების განმავლობაში, ეს არ არის მეგობრობა, ეს არ არის ჯანსაღი ურთიერთობები და ქართველი ხალხი ამ ყველაფერს ხედავს.

რომ გამოდიოდით, თქვე დალოცვილებო და მოგვიწოდებდით სანქციებს მიუერთდითო, მეორე ფრონტი უნდა გაიხსნასო, ამ ყველაფერს გვირჩევნია ბომბები ცვიოდეს საქართველოშიო, ეს მოგონილი ხომ არ არის, თქვენ არ იყავით, რომ მოგვიწოდებდით ამ ყველაფერს? თქვენ არ იყავით სააკაშვილის გამოშვებას რომ ითხოვდით და გვეუბნებოდით, თუ სააკაშვილს არ გამოვუშვებდით, ესე იგი ევროპულ ღირებულებებს ვშორდებოდით თითქოს? ეს არის დემოკრატია, ეს არის ევროპულობა ? თქვენ ხართ პირველები, ვინც დისკრედიტაციას უწევთ ევროპას და ევროპულ მომავალს, თქვენი განცხადებებით.

რამდენიმე დღის წინ საგარეო საქმეთა მინისტრი ერთ-ერთ ქვეყნის, ანტისამთავრობო მიტინგზე რომ გამოვიდა, ეს არის ნორმალური? ეს არის ჩვენი თავმოყვარეობა? აბა ერთი ნორმალურ, განვითარებულ ქვეყანაში გაეკეთებინათ, რა ბედი ეწეოდა იმ საგარეო საქმეთა მინისტრს! თქვენს ქვეყანაში გამართეთ ომი და თქვენს ქვეყანაში მოაწყვეთ მეორე ფრონტი, საქართველოს შეეშვით და დაანებეთ თავი. ჩვენ დღეს გვჭირდება მშვიდობა და მშვიდობის შენარჩუნება, გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები, გვჭირდება ჯანსაღი ურთიერთობა. ამისთვის საქართველო მზად არის, მაგრამ ის დამოკიდებულება, რომ ახლა ჩვენი ქვეყანა გამოყენებული იყოს ვიღაცის ინტერესებისთვის და აქ იგივე ვითარება და მდგომარეობა იყოს, რაც უკრაინაში ხდება, არ გამოვა ეს, მეგობრებო!

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ გამოვლილი გვაქვს ეს ყველაფერი და ვიცით, რამხელა უბედურება შეუძლია მოუტანოს ქვეყანას ომმა. დღესაც ვერ მოგვიშუშებია ის ჭრილობები და დღესაც უამრავი პრობლემის წინაშე ვდგავართ 2008 წლის ომის შემდეგ. აღარ გვინდა არც თქვენი შეშფოთება და აღშფოთება, თქვენც გიფრთხილდებით. რა თქმა უნდა, დავიცავთ ჩვენს ქვეყანას და დავიცავთ ამ ქვეყნის ინტერესს, მაგრამ იცოდეთ ყველამ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რომ ჩვენ მზად ვართ, ვიმეგობროთ, მზად ვართ იმისთვის, რომ ჯანსაღი ურთიერთობები იყოს და პარტნიორობა იყოს. დაგვანახეთ, გადადგით კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით და ვიმეორებ, რომ, რა თქმა უნდა, ამ კანონის საჭიროებაც არ იქნება.“- განაცხადა კალაძემ.

კომენტარის დატოვება