“ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, როგორ უნდა განვავითაროთ რეგიონები”
ჩვენ გვაქვს დეტალური სურათი და გვაქვს გეგმა, გვაქვს კონკრეტული ხედვა, როგორ უნდა განვავითაროთ ესა თუ ის რეგიონი, რაიონი, – ამის შესახებ დღეს სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” გამართულ კონფერენციაზე “ადგილობრივი თვითმმართველობა – საუკეთესო პრაქტიკა 2015”, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
კონფერენციას მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რეგიონების გაძლიერებას ასევე ხელს უწყობს გასულ წელს დაწყებული პროგრამა “აწარმოე საქართველოში”, რომელიც ძალიან წარმატებული პროგრამაა.
ირაკლი ღარიბაშვილმა საუბრისას აღნიშნა, რომ ამ პროგრამის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში 130-მდე პროექტი დააფინანსეს.
“ამ პროგრამის დაწყების მთავარი მიზანი მოქალაქეების დასაქმება იყო, დახურული საწარმოების ამოქმედება და რეგიონებში ეკონომიკის გამოცოცხლება. 130-მდე საწარმო ჯამში 350 მლნ ლარის ინვესტიციით დაფინანსდა და დღეისთვის 6700 ადამიანია დასაქმებული. ასეთი პროგრამები რეგიონებში ეკონომიკის განვითარებას წაახალისებს”,
– განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერ- მინისტრის თქმით, მათთვის პრიორიტეტულია რეგიონებში მცხოვრებლების ადგილზე დამაგრება, მათი დასაქმება.
ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა კონფერენციის ერთ-ერთ ორგანიზატორს “საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების ეროვნულ ასოციაციას”, რომელიც რეგიონების განვითარების პრობლემებზე მათთან ერთად მუშაობს. პრემიერ-მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს იანოშ ჰერმანს, რომელიც შეხვედრას ესწრება.
ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ იანოშ ჰერმანის ხელმძღვანელობით ევროკავშირის დელეგაცია აქტიურად უჭერს მხარს და ეხმარება საქართველოს ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულებაში.