სხვა

„ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ 2030 წელს საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა” – მამუკა მდინარაძე

„ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ 2030 წელს საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მან  “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონთან დაკავშირებით  აღნიშნა, რომ  ის რაც მიიღო კანადამ და საფრანგეთმა და რაც ათწლეულებია მუშაობს აშშ-ში, ვერ იქნება საქართველოში რუსული.

„ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ 2030 წელს საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა. დღეს, ხვალ, ზეგ ვინ რა განცხადებას გააკეთებს, მათ შორის, საკმაოდ მნიშვნელოვანი პერსონები, არსებული ბიუროკრატიის წარმომადგენლები, ხელმძღვანელი რგოლების წარმომადგენლები, შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვინმეს როლი რომ არ დავაკნინოთ, თუმცა, ჩვენ გეგმაზომიერად, ღირსებით და ნამდვილად ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებების დაცვით ჩვენი კონსტიტუციის ჩვენს მიერვე ჩაწერილი ნორმის დაცვით უნდა გავაგრძელოთ სწორი სვლა ევროპისკენ.

რაც არ უნდა კრიტიკული იყოს დღეს ვინმე და თან იმის გამო, რომ საქართველომ გამჭვირვალობის კანონი მიიღო, ისევე, როგორც კანადამ, საფრანგეთმა, ამის გამო ვერავინ უნდა იფიქროს ჩვენი დასჯა. რომელიმე თქვენგანს გახსენდებათ კანადაში აქციები „არა რუსულ კანონს“ და „ვერ გახდება კანადა რუსეთის უკანა ეზოო?“ ან საფრანგეთის აქციები რატომ არ გააშუქეთ? იმიტომ, რომ არ ყოფილა, არავის მოსვლია აზრად, გაცილებით მკაცრი ანალოგიური სფეროს რეგულირების კანონი რუსულად მოენათლა. საქართველოში გახდა ეს მარტო „რუსული“ და საქართველოში სცადეს ამის რუსულად მონათვლა. რაც კი საქართველოს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს შეეხება ამ ბოლო დროს, ყველაფერს რუსულს ეძახიან. ამით უნდათ, რომ ჩახსნან საქართველოში საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები, რომ დააკომპლექსონ ხელისუფლება, მისი ამომრჩეველი და ამ კომპლექსით გავლენ ფონს. ის, რაც მიიღო კანადამ და საფრანგეთმა, ის, რაც ათწლეულებია მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვერ იქნება საქართველოში რუსული და გარედან დაფინანსებული საუკუნის აფიორა თავს ვერ დაიჭერს იმ ფორმით, რა ფორმითაც მათ უნდათ, ეს მოხდეს. ამის გამო კრიტიკას ვერავისგან არ და ვერ მივიღებთ“ , – განაცხადა მამუკა  მდინარაძემ.

კომენტარის დატოვება