27/04/2024
Latest:
საზოგადოება

“წელს უკანონოდ დარიცხული ნახევარ მილიონამდე დავალიანება ჩამოვწერეთ”

კომუნალურ მომსახურებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში კვლავ მწვავედ დგას დარიცხული გადასახადების ჩამოწერის საკითხი. როგორც ადრე მოგახსენეთ, აბონენტთა ნაწილს დავალიანება სრულად ჩამოეწერა, თუმცა კითხვები და დაინტერესება ამ საკითხის მიმართ დღესაც აქტუალურია, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა  არც იცის  დავალიანების ჩამოწერის შესაძლებლობის შესახებ. სწორედ ამიტომ „ფოსტალიონი“ ენერგოომბუდსმენს სალომე ვარდიაშვილს დაუკავშირდა.
მოდით კიდევ ერთხელ ავხსნათ რასთან დაკავშირებით ხდება თანხის ჩამოწერა და როგორ უნდა გაიგონ აბონენტებმა, რომ დავალიანება ჩამოწერილია? ჩვენ ვიცით, რომ თქვენი დახმარებით საკმაოდ ბევრ აბონენტს ჩამოეწერა დავალიანება და არიან თუ არა ეს ადამიანები საქმის კურსში?
-მიმდინარე წელს უკვე ნახევარ მილიონამდე თანხა ჩამოვწერეთ, რაც რეკორდული მაჩვენებელია, ეს წელი ძალიან აქტიურად დავიწყეთ. ძველი დავალიანებები და უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები, რომელიც ჩვენს მომხმარებლებს აწუხებდათ, გავიტანეთ „სემეკის“ სხდომაზე და ჩვენი რეკომენდაციის შესაბამისად ჩამოწერილი იქნა ნახევარ მილიონამდე თანხა და ეს მაშინ, როცა პირველი კვარტალიც კი არ არის დასრულებული. აქვე უნდა შევახსენო მოსახლეობას, რომ მათ აქვთ უფლება არ დაეთანხმონ კომპანიას და მაშინვე არ გააფორმონ ხელშეკრულებები, რომლებითაც დავალიანების დაფარვას აიძულებენ, გაიარონ კონსულტაციები ენერგოომბუდსმენის აპარატში. საკონსულტაციო ცენტრი მუდმივ რეჟიმში მუშაობს, იურისტი ყოველთვის დახვდება მათ იქ. მომხმარებელს შეუძლია გაასაჩივროს ნებისმიერი სახის დარიცხვა, რომელსაც კომპანია განახორციელებს, მათ ბარათზე აღრიცხავს, რასაც მომხმარებელი არ ეთანხმება. ასე რომ ბევრი საფუძველი არსებობს მომხმარებელმა კომპანიის ქმედება გაასაჩივროს. თქვენ ნამდვილად სწორად მიაქციეთ ყურადრება, რომ უკვე დიდი თანხები ჩავწერეთ მიმდინარე წელს, ვაგრძელებთ მუშაობას და მზად ვართ მოქალაქეებს გვერდით დავუდგეთ.
-როგორ იგებს აბონენტი, რომ დავალიანება ჩამოწერილია?
-დავალიანების ჩამოწერის შემთხვევაში მათ ჩვენგან მისდით შეტყობინება, რომ თანხა ბარათიდან მოხსნილია. ამ ადამიანებმა ხომ ადრე ჩვენ მოგვმართეს განცხადებით და გვაქვს კონტაქტი. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს განცხადებით მომართვა. გარდა ამისა, მის ქვითარშიც აღარ აისახება, კიდევ ერთხელ ვაკონკრეტებ, იმისათვის, რომ ჩვენ მოსახლეობას გვერდით დავუდგეთ, აუცილებლად უნდა მოვიდნენ ჩვენამდე და მოგვმართონ განცხადებით.
-რა ხდება სართიჭალაში? როგორც ვიცით მოსახლეობას გაზის გარეშე დარჩენა ემუქრება.
-სართიჭალის არეალში მოქმედებს პატარა კომპანია „სართიჭალა-გაზი“, რომელიც ძირითად პროდუქციას იღებს „სოკარ ჯორჯია გაზისგან“. ყიდულობს ამ გაზს და მერე ანაწილებს სართიჭალის არეალში. როგორც აღმოჩნდა, “სართიჭალა გაზს” დაუგროვდა დავალიანება და თავის მხრივ ის ემუქრება მოსახლეობას, რომ დარჩებიან გაზის გარეშე. ეს ძალიან შემაშფოთებელია, რადგან ეს ეხება არა ერთ და ორ მომხმარებელს, არამედ რეგიონის მთელ მოსახლეობას. ჩვენ დაუშვებლად მიგვაჩნია ასეთი ქმედება, ამიტომ დაუყოვნებლივ მივმართეთ რეკომენდაციით „სართიჭალა-გაზის“ დირექტორს, მოვთხოვეთ შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, გამოასწოროს სიტუაცია და გაატაროს ყველა ღონისძიება, რათა მომხმარებელი არ დარჩეს გაზის გარეშე, ეს პრობლემა 14 მარტამდე უნდა მოგვარდეს. ჩვენ აქტიურად ვადევნებთ თვალს და ყველა ღონეს ვიხმართ, რათა მოსახლეობა არ დარჩეს ბუნებრივი აირის გარეშე. ეს იმ მდგომარეობას ჰგავს, როცა, „ყაზტრანსგაზი“ „ვარკეთილაირს“ უთიშავდა გაზს და ამის გამო მთელი ვარკეთილი შეიძლებოდა დარჩენილიყო გაზის გარეშე, მაშინაც ჩვენი ძალისხმევით, მიღწეული იქნა შეთანხმება და მოსახლეობა არ დაზარალდა.
-არის შემთხვევები და არც თუ იშვიათი, როცა უცბად მოვარდნილი ძაბვის გამო საოჯახო ტექნიკა მწყობრიდან გამოდის. საზოგადოება თვლის, რომ ამ დროს ზარალი კომპანიამ უნდა აანაზღაუროს. აქვს თუ არა მოქალაქეს ასეთი მოთხოვნის გაკეთების საშუალება?
– არ არის გამორიცხული რეალურად კომპანიის ბრალეულობაც იყო, თუ რა თქმა უნდა შიდა ქსელის დაზიანებასთან არ გვაქვს საქმე და მომხმარებელს რაიმე თვითნებურად არ აქვს გაკეთებული. თუ კომპანიის ბრალეულობაა, ეს სამოქალაქო ქონებრივი დავაა და ჩვენი განსჯადობა არ არის, მაგრამ მე ყველა შემთხვევაში მივმართავ კომპანიას, რომ იგრძნოს პასუხისმგებლობა, აიღოს თავის თავზე და ნუ მიიყვანს საქმეს სასამართლომდე, რადგან ეს მომხმარებლისთვის დამატებითი ხარჯებია, მაგრამ თუ მაინც მივიდა საქმე სასამართლომდე, ჩვენ გავუწევთ უფასო სამართლებრივ დახმარებას.
[wpolling id=”12″ width=”” height=””]