EBRD მიმდინარე წელს საქართველოში 3,4%-იან, მომავალ წელს კი 3,9%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება
EBRD მიმდინარე წელს საქართველოში 3,4%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება. როგორც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აღნიშნავს, მონეტარული პოლიტიკისა და ლარის მიმართ ნდობა იზრდება, რაც ქვეყანაში დოლარიზაციის შემცირებას შეუწყობს ხელს, რომელიც ამ დროისთვის დეპოზიტების კუთხით 67%-ს შეადგენს, ხოლო სესხებში კი 64%-ს.
საფინანსო ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება და ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლაზე არსებული მოლაპარაკებები ინვესტორთა ნდობას ზრდის. EBRD მიიჩნევს, რომ 2017 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 3,9%-ზე მეტი იქნება, რასაც უმეტესად ხელს შეუწყობს DCFTA-ის იმლემენტაცია და ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორების მხრიდან გაძლიერებული ინვესტირება ინფრასტრუქტურასა და სხვა სექტორებში. ბანკი აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად იმოქმედა რუსეთსა და რეგიონის სხვა ქვეყნებში არსებულმა რეცესიამ, რომელმაც ექსპორტისა და ფულადი გზავნილების მოცულობა შეამცირა, თუმცა მიმდინარე წელს ტურისტების გაზრდილმა რაოდენობამ და მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ ბიზნესისთვის ხელშემწყობი პოლიტიკის გატარებამ, ინვესტორების ნდობა გაზარდა.
რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს EBRD მომავალ წელს სომხეთში 2%-იან ზრდას ელოდება, აზერბაიჯანსა და ბელარუსში 1%-იანს, ხოლო თურქეთში კი 3%-იანს. 1,2%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს ბანკი რუსეთში, უკრაინაში კი 2%-იანს. მოლდოვაში 2,5%-იანი ეკონომიკური ზრდაა პროგნოზირებული.
წყარო: businesscontract