02/05/2024
Latest:
მსოფლიო

Euro 2016: საფრანგეთი ფინანსური გამოწვევების წინაშე

ევროპის ჩემპიონატი, რომელიც სტარტს საფრანგეთში 10 ივნისიდან აიღებს, ყველა ევროპული თუ არაევროპული მედიის გამოცემების მთავარი სასაუბრო თემაა. კონტინენტის 24 უძლიერესი ნაკრები საუკეთესოს გამოვლენას მასპინძელი ქვეყნის 10 ქალაქში შეეცდება. მოლოდინები დიდია, ტურნირში მონაწილე ნაკრებების სახელები და კვალიფიკაცია კი იმედების გამართლების რეალურ შესაძლებლობას იძლევა.

მასპინძელი

საფრანგეთმა უდიდესი სამუშაო ჩაატარა, რათა წლის მთავარი საფეხბურთო სანახაობა სწორედ მათ ქვეყანაში ჩატარებულიყო. მას კონკურენციას უწევდნენ ისეთი დიდი საფეხბურთო ტრადიციების მქონე ქვეყნები, როგორებიცაა შოტლანდია, უელსი, ირლანდია. ასევე, ფინანსურად ძლიერი რუსეთი და თურქეთი. თუმცა ოფიციალურ კანდიდატებად საფრანგეთი, იტალია, თურქეთი და ნორვეგია/შვედეთი დასახელდნენ. საბოლოო რაუნდში საფრანგეთმა თურქეთს მხოლოდ 1 ხმით აჯობა და ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მესამედ მოიპოვა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

საფრანგეთს წილად ხვდა პატივი ისტორიაში პირველად ჩაატაროს ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც, წინა ტურნირისგან განსხვავებით 16-ის ნაცვლად,  24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რაც დამატებით ხარჯებთან ერთად, გაზრდილი ფინანსური სარგებლის გარანტიც არის.

ინფრასტრუქტურა

პარიზი, მარსელი, ლიონი, ლილი, ბორდო, ნიცა, ლენსი, ტულუზა, სენტ ეტიენი, სენტ დენისი. ეს ის 10 ქალაქია, სადაც სპეციალურად ევრო 2016-სთვის აშენდა და განახლდა 10 სხვადასხვა საფეხბურთო სტადიონი. საერთო ჯამში, სხვადასხვა წყაროებიდან განხორციელებული ინვესტიციების მოცულობამ 1.6 მილიარდი ევრო შეადგინა. “სტადიონების პროგრამის” ინვესტირების ძირითადი წყარო ხელისუფლებასთან ერთად ადგილობრივი საფეხბურთო კლუბების მმართველობა გახლავთ.

აღსანიშნავია სტადიონებზე განსაზღვრული ადგილების რაოდენობა. ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში ერთი სტადიონის საშუალო ტევადობა 48.8 ათასი ადგილია. ამ მხრივ, ყველაზე ტევადი სტაიონი “სტად დე ფრანსია”(80 ათასი), ხოლო ყველაზე ნაკლებად ტევადი “შტადიუმ თოულოუსე”(33 ათასი).

აღნიშნული 1.6 მილიარდიდან 40 მილიონი ევრო განათებებისა და სტადიონების შიდა ინფრასტრუქტურის განვითარება/განახლებას მოხმარდა.

საფრანგეთი ერთ-ერთ მთავარ ამოცანად გულშემატკივრებისგან გაზრდილი ფინანსური მოგების მიღებაა, თანაც არამხოლოდ ევრო 2016-ზე, არამედ შემდგომ გასამართ შიდა ჩემპიონატზეც.

“ჩვენ უნდა გავზარდოთ მაყურებელთა რაოდენობა სტადიონებზე. დღეის მდგომარეობით გაყიდული ბილეთებიდან მიღებული შემოსავალი კლუბების შემოსავლის მხოლოდ 10%-ს წარმოადგენს”, აცხადებს საფრანგეთი ფეხბურთი ფედერაციის წარმომადგენელი ალან ბელსორი.

გარდა სტადიონებისა, დაახლოებით 400 მილიონი ევრო დაიხარჯა საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.

ბილეთები

გამომდინარე ტურნირის მნიშვნელობისა და პოპულარობისა, წესით, გასამართმა შეხვედრებმა მაყურებლის ნაკლებობა არ უნდა განიცადოს. მოულოდნელი არც ყველა თამაშზე სრული ანშლაგი იქნება.

უხეშად რომ ვიანგარიშოთ, ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში გასამართ 51 შეხვედრას საშუალოდ 48 800 მაყურებელი დაესწრება, ანუ საერთო ჯამში 2.4 მილიონი ბილეთის გაყიდვა სრულია რეალურია.

რაც შეეხება ბილეთების ფასებს. ევრო 2016-ზე დასასწრები ბილეთების მინიმალური ფასი 25 ევროა, რომელიც ხელმისაწვდომი 51-დან 43 მატჩზე იქნება. ასევე, გარდა ფინალური დაპირისპირებისა, ყველა დაპირისპირებაზე ბილეთების შეძენა 100 ევროს ფარგლებში იქნება შესაძლებელი.

ფინალზე დასასწრები ბილეთის ღირებულება, მაქსიმუმ 895 ევროს გაუტოლდება.

ბილეთების ყიდვა გაყიდვა აკრძალული იქნება ტურნირის მიმდინარეობისას. მომხმარებელს შეძენილი არასასურველი ბილეთი გაყიდვა მხოლოდ ოფიციალურ პლატფორმაზე შეეძლება. თუმცა, რამდენად აღმოფხვრის ეს სისტემა “გადამყიდველობის კულტურას”, თავად განსაჯეთ.

“ამ გრანდიოზული დღესასწაულის წარმატებისთვის, ჩვენ შევიმუშავეთ ბილეთების გაყიდვის ისეთი პოლიტიკა, რომელიც სრულიად შეესაბამება ჩვენს ამბიციებს. ჩვენი სურვილია ბილეთების გაყიდვის პროცედურა იყოს მომხმარებლისთვის კომფორტული და გამჭვირვალე, რომელიც უზრუნვეყოფს თანასწორობას. მიუხედავად გულშემატკივრის საცხოვრებელი ადგილმდებარეობისა, ყველას უნდა ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა შეიძინოს ბილეთი”, – განაცხადა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსანმა, ჟაკ ლამბეტმა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ Smile for the Euro პროგრამის ფარგლებში 20 ათასი ბილეთი საჩუქრად გადაეცემა საფრანგეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს.

საპრიზო ფონდი

“უეფამ” ოფიციალურად გამოაცხადა, რომ წლევანდელ ჩემპიონატს ექნება საგრძნობლად გაზრდილი საპრიზო ფონდი, 301 მილიონი ევროს ოდენობით, რომელიც ტურნირში მონაწილე 24-ვე გუნდს გადაუნაწილდება. აღსანიშნავია, რომ 2012 წელს პოლონეთი/უკრაინაში გამართულ ევროპის ჩემოინატზე საპრიზო ფონდი 194 მილიონი ევრო გახლდათ, რაც 50%-ზე მეტით ჩამოუვარდება წლევანდელს.

24-ვე გუნდი მიიღებს მონაწილეობისთვის დაწესებულ 8 მილიონ ევროს. ბონუსების სისტემა ჯგუფურ ეტაპზევე იმოქმედებს. გუნდი გამარჯვების შემთხვევაში მიიღებს დამატებით 1 მილიონ ევროს, ხოლო ფრის შემთხვევაში 500 ათას ევროს. მერვედფინალში გასული 16 გუნდი 1.5 მილიონი ევროთი დასაჩუქრდება, მეოთხედფინალის მონაწილეები 2.5 მილიონით, ნახევარფინალისტები 4 მილიონით, ფინალში დამარცხებული 4 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო გამარჯვებული 8-ს.

შესაბამისად, ევრო 2016-ის გამარჯვებული, პოტენციურად, 27 მილიონის მფლობელიც ხდება. ფინალში დამარცხებული 24, ნახევარფინალისტი 19. ეს ყველაფერი ჯგუფურ ეტაპზე გამოსვლაზეა დამოკიდებული.

ეკონომიკური სარგებელი

წინასწარი მონაცემებითა და სხვადახვა პროგნოზებით 2016 წელს გასამართი ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი აქამდე გამართულ ტურნირებს შორის ფინანსურად ყველაზე მომგებიანი იქნება. გამომდინარე ტურნირში მონაწილე ნაკრებების რაოდენობის გაზრდისა, გასაყიდი ბილეთების რაოდენობა 2012 წელს ჩატარებულ ჩემპიონატთან შედარებით 80%-ით არის გაზრდილი.

“უეფაში” იმედოვნებენ, რომ სასპონსორო შემოსავლები 450-500 მილიონ ევროს მიაღწევს, რაც წინა ევროპის ჩემპიონატის მაჩვენებლებს 150%-ით აღემატება. სპონსორთა მთავარ ჯგუფში შემდეგი კომპანიები შედიან: “კოკა-კოლა”, “სოკარი”, “მაკდონალდსი”, “ჰიუნდაი”, “კონტინენტალი”, Turkish Airlines, ჩინური ტექნიკის გიგანტიც კომპანია – “ჰაისენსი”.

შთამბეჭდავია ტურნირის ტრანსლირებიდან მიღებული თანხაც. ტურნირის ტრანსლაცია 75-ზე მეტ ქვეყანაში განხორციელდება და წინასწარი ვარაუდით თითო თამაშს დაახლოებით 150 მილიონი ადამიანი მიადევნებს თვალს.

საფრანგეთის სპორტის მინისტრის, პატრიკ კენერის განცხადებით, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატი დასუსტებულ ფრანგულ ეკონომიკურ სექტორს 1.2 მილიარდი ევროთი დაეხმარება.

გასული კვირის ხუთშაბათ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, კენერმა ყურადღება გაამახვილა დასაქმების სფეროზეც. მისი განცხადებით სტადიონების მშენებლობა/განახლებამ და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებამ ქვეყანაში დამატებით 20 ათასი სამუშაო ადგილი შექმნა.

ასე რომ, წლის მთავარ საფეხბურთო მოვლენას, სხვადასხვა სფეროდან მიღებული შემოსავლების გათვალისწინებით, საფრანგეთის მთავრობა განიხილავს, როგორც “ეკონომიკური საქმიანობის მთავარ ბერკეტს”.

გიორგი კ. კაპანაძე