17/05/2024
Latest:
მსოფლიო

ფიქალის გაზი მსოფლიო პოლიტიკას შეცვლის

ამერიკაში სულ უფრო აქტიურად მიდის საუბრები ფიქალის გაზის წარმოების შესახებ. ამერიკის ენერგეტიკის დეპარტამენტის, მონაცემებით, მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკაში 1 ტრილიონი კუბური მეტრი ფიქალის გაზის მოპოვებაა შესაძლებელი. ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელი მოხმარების შენარჩუნების პირობებში კი ეს მარაგი ამ ქვეყანას 45 წელიწადი ეყოფა.

ფიქალის გაზის წარმოებაში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი მისი თვითღირებულებაა. თუ ტრადიციულად მოპოვებული ბუნებრივი აირის წარმოების თვითღირებულება 1000 კუბურ მეტრზე 20 დოლარს შეადგენს, ფიქალის გაზის წარმოების შემთხვევაში ეს თანხა დაახლოებით 100 დოლარია, თუმცა ამ სფეროს სპეციალისტების აზრით, ახალი ტექნოლოგიების ათვისებით ადვილად შესაძლებელია თვითღირებულების შემცირება. აქვე აღსანიშნავია, რომ გადასამუშავებელი ტექნოლოგიების ასათვისებლად მეცნიერები აქტიურ რეჟიმში მუშაობენ.

ექსპერტებისა და პოლიტიკოსების მოსაზრებით იმ შემთხვევაში, თუ ფიქალისგან წარმოებული ბუნებრივი აირის თვითღირებულება შემცირდა და რეალურ ფასს მიუახლოვდა, ეს გახდება მსოფლიოში გეოპოლიტიკური ვითარების შეცვლის ერთ-ერთი საფუძველი, თუმცა ფიქალის რესურსის ათვისების პროცესი მნიშვნელოვნად შეამცირებს განახლებად ენერგორესურსებზე გადასვლის პროცესს.

ამჟამად მოხმარებული ბუნებრივი აირის მსოფლიო მარაგის უმნიშვნელოვანესი ნაწილი რუსეთსა და ირანში მოიპოვება. ფიქალის გაზზე გადასვლა კი ამ სახელმწიფოების ეკონომიკურ და პოლიტიკურ ამბიციებს დააცხრობს და მონოპოლიზმის საფრთხესაც შეამცირებს.

ამ ტენდენციის განვითარების შემთხვევაში, ბევრად უფრო გაადვილდება ევროპის გაზით უზრუნველყოფის პროცესის სხვადასხვა სცენარებით განვითარება, გამომდინარე იქიდან, რომ ექსპერტების შეფასებით, ევროპაში ფიქალის გაზის მარაგი 200 ტრილიონ კუბურ მეტრს აღწევს და ის გერმანიაში, პოლონეთში, რუმინეთში, შვედეთში, ავსტრიასა და უკრაინაში არსებობს.

ანალიტიკოსები და ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ფიქალის გაზის ინდუსტრიის და მისი ინფრასტრუქტურის გაძლიერების შემთხვევაში, სერიოზული დარტყმა მიადგება რუსეთს, რომლის ყველაზე დიდი უპირატესობა ენერგომატარებლების რესურსების სიდიდეა. ექსპერტების აზრით ევროპული სახელმწიფოებისთვის გაზის ახალ რესურსზე ხელმისაწვდომობა, ასევე, მნიშვნელოვნად შეამცირებს რუსეთის პოლიტიკურ გავლენას, როგორც ევროპაზე ისე მთელ დანარჩენ მსოფლიოზე.

”თუ ადრე გაზპრომი ფიქლის აირთან დაკავშირებით სიტუაციას შესაფერისად არ აფასებდა, ახლა ამ ყველაფერს ძალიან სერიოზულად უდგება,” – აღნიშნავენ ენერგო ექსპერტები

ანალიტიკოსებმა უკვე არაერთხელ აღნიშნეს, რომ ”გაზპრომი” ამერიკის, ჩინეთისა და ევროპის მიერ ფიქალის აირის  მოპოვების გაზრდასთან ერთად, გაზის ბაზარზე პოზიციებს კარგავს. ამ ტიპის გაზის მეშვეობით, 2009 წელს ამერიკამ პირველად გაუსწრო რუსეთს ბუნებრივი აირის მოპოვებაში და ექსპორტზეც კი დაიწყო მუშაობა. რუსმა მაღალჩინოსნებმა ასევე აღიარეს, რომ ”ფიქალის აირის რევოლუცია” რუსეთისათვის მნიშვნელოვან დანაკარგს ნიშნავს. ამის შესახებ პირველად 2010 წელს იური ტრუტნევმა განაცხადა, რომელსაც მაშინ ბუნებრივი რესურსების მინისტრის თანამდებობა ეკავა.

energynews.ge

[wpolling id=”4″ width=”” height=””]