განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გახდება
განათლების მინისტრის თანამდებობაზე თამარ სანიკიძეს ალექსანდრე ჯეჯელავა შეცვლის, – მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრი საქართველოს მთავრობის მეთაურმა დღეს წარადგინა.
გიორგი კვირიკაშვილმა თამარ სანიკიძეს მინისტრობის პერიოდში შესრულებული მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გადაიდგა უამრავი რეფორმატორული ნაბიჯი, მათ შორის განათლების სისტემის ხელმისაწვდომობის, ხარისხის გაუმჯობესების კუთხით, რომელთა შედეგები დღეს სახეზეა.
პრემიერის განცხადებით, თამარ სანიკიძე გუნდში რჩება და უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი მისი ახალი მანდატის შესახებ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია.
ძალიან გამოცდილი ადამიანი, 20 წელზე მეტი გამოცდილებით მართვის სფეროში, რომელსაც აქვს ძალიან კარგი ხედვები, განათლების სფეროს მომავალი განვითარების შესახებ – ასე წარადგინა პრემიერ-მინისტრმა განათლების ახალი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა.
„იგი არის კომაროვის სკოლის ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული კურსდამთავრებული. შემდეგ მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შემდეგ კი უკვე ESM-ის ბიზნესსკოლა, რომელიც დღეს „თავისუფალი უნივერსიტეტის“ სახელით არის ცნობილი. მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, როგორც საინფორმაციო ტექნოლოგიების, ასევე ინოვაციის სფეროსა და, რაც მთავარია, განათლების სფეროში, კონკრეტულად იმ მიმართულებით, რომელიც მთლიანად ეხმიანება ჩვენი ოთხპუნქტიანი პროგრამის მიმართულებებს. კერძოდ, მხედველობაში მაქვს პროფესიული განათლების, კადრების გადამზადების სფერო და ა.შ. იგი დღეს გახლავთ მართვის აკადემიის საბჭოს თავმჯდომარე. ბოლო პერიოდის განმავლობაში მე მასთან მქონდა არაერთი დისკუსია და მსჯელობა და საჭიროდ ჩავთვალე, მისი კანდიდატურა წარმედგინა განათლების მინისტრის პოსტზე. ვფიქრობ, დღეს ჩვენ ნამდვილად გვჭირდება უკვე განათლებული ხედვები, ჩვენი განათლების სფეროს მომავალი განვითარებისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ განათლების სფეროში დევს მომავალი განვითარების გასაღები და ის არის სტრატეგიული სფერო, რომლის წარმატებულ განხორციელებაზე, სხვა რეფორმებთან ერთად, დამოკიდებულია ქვეყნის მომავალი განვითარება და დინამიკა, რომელიც შეიქმნება.
„მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ვიმედოვნებ და მჯერა, რომ ერთიან გუნდად განვაგრძობთ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან რეფორმას“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა წარმატება უსურვა თამარ სანიკიძეს, რომელიც საქმიანობას ამ მიმართულებით, თუმცა სხვა მანდატით განაგრძობს; ასევე, – ახალ მინისტრს, ალექსანდრე ჯეჯელავას, რომელიც, პრემიერის შეფასებით, სამთავრობო გუნდისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული შენაძენია.