28/04/2024
Latest:
საზოგადოება

საქართველოს შრომის ბაზარი – რატომ არ ენდობიან ქართველები პროფკავშირებს?

„სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში, საქართველოში ადამიანი პროფკავშირების ნაცვლად ოჯახსა და მეგობრებს მიმართავს”, – ასე იწყება სტატია, რომელიც „opendemocracy”-ში გამოქვეყნდა.

„საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ, საქართველო ეკონომიკური შოკიდან დიდი ხნის განმავლობაში ვერ გამოვიდა. თავიდან, სანამ ქვეყანა სამოქალაქო ომისა და ეთნიკური დაპირისპირების შემდეგ გონს მოდიოდა, დაქირავებულ მუშათა უფლებებს ყურადღებას არავინ აქცევდა. მოგვიანებით კი, მუშათა უფლებების იგნორირება პრეზიდენტ სააკაშვილის აღებული სინგაპურული გეზის გამო ხდებოდა.

თბილისის ცენტრალურ ბაზარს „დეზერტირების” სახელით ჯერ კიდევ იმ დროიდან მოიხსენიებენ, რაც რუსეთში სამოქალაქო ომის პერიოდში, საქართველო რამდენიმე წლით დამოუკიდებელი გახდა. სწორედ ამ ბაზარზე, გაქცეული ჯარისკაცები თავის ნივთებს ყიდდნენ. დღეს რკინიგზის სადგურიდან ამ ბაზრამდე, ქუჩაში, ვაჭრები დგანან, დახლებს თოკებით დაბმული ტენტები „იცავს”.

ძირითადი გასაყიდი საქონელი ტყავის ქურთუკები, კოსმეტიკა, ქალის ტანსაცმელი და საბავშვო სათამაშოებია. ხშირად ეს ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოტანილი მეორადი ნივთებია და მათ შესაბამისი სუნიც აქვთ… გამყიდველებად უმეტესად 45 წელს გადაცილებული ქალები მუშაობენ. მათ შორის არიან აფხაზეთიდან დევნილებიც.

ბაზრის შესასვლელთან საშუალო ასაკის მამაკაცების ჯგუფი დგას. მათკენ დამქირავებლები ისე იშვერენ თითს, როგორც მონათმფლობელების შესახებ ამერიკულ ფილმებშია. „რაიონებში სამსახურები არ არის, მხოლოდ ყიდვა-გაყიდვა. ჰოდა ყველა თბილისში ჩამოდის. ხალხს ყანაში მუშაობას შრომის ბაზარზე დგომა ურჩევნია”, – ამბობს 35 წლის გიორგი, რომელიც დედაქალაქის საავადმყოფოებში გერმანულ ტექნიკას ამონტაჟებს.

ეს მამაკაცები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოვიდნენ. უკეთეს შემთხვევაში ისინი მტვირთავისა და დამლაგებლის სამუშაოს პოულობენ. თუ გაუმართლებთ, საბჭოთა დროის შენობების დემონტაჟისთვის წაიყვანენ. მათ იქიდან წამოღებული ფერადი ლითონის ჩაბარების საშუალებაც ექნებათ… თუ მანქანის ტარება იცის, ტაქსისტადაც მიდის, რომელთა შემოსავალი არ იბეგრება. ლიცენზიის გაუქმებამდე, საქართველოში ტაქსის 15 ათასი მძღოლი ირიცხებოდა.

უმუშევრობის ადგილობრივი ნიუანსები

„შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კრიტერიუმებით, საქართველოში უმუშევრობის დაბალი დონეა – მხოლოდ 12%. თუმცა, ამ კვლევაში ფარული უმუშევრების კრიტერიუმები და მომუშავეთა კვალიფიკაციის შეფასება გათვალისწინებული არ არის. ჩვენ სხვა ქვეყნებთან შედარება გვიყვარს – ამ კრიტერიუმებით დასაქმებულების მესამედი შეიძლება უმუშევრად ჩაითვალოს. მთავარი პრობლემა დასაქმების სტრუქტურაა, ჩვენთან 50% დამოუკიდებლად მუშაობს”, – ამბობს სტატისტიკის ექსპერტი ნოდარ კაპანაძე.

ექსპერტის აზრით, პრობლემა იმაშია, რომ დასაქმების სტრუქტურა 1996 წლიდან სერიოზულად არ შეცვლილა და ეკონომიკის რეალური სექტორი იმავე დონეზე დარჩა. ურბანიზაციის პროცესს ის განსაზღვრავს, რომ სოფლად საკვების შოვნის პრობლემა დგას. „ორი პოლიტიკური რევოლუციის მიუხედავად არაფერი შეცვლილა, არც ერთ მთავრობას განვითარების სტრატეგია არა აქვს”, – ამბობს კაპანაძე.

2011 წლიდან საქართველოში ბიზნესომბუდსმენის ბიურო მოქმედებს. მისი მიზანი გადასახადების გადამხდელების უფლებების დაცვა და ბიუროკრატებსა და ბიზნესს შორის პროფესიული ურთიერთობების მონიტორინგია.

ორთვიანი მცდელობის მიუხედავად, ბიუროს მაღალჩინოსნების კომენტარების მიღება შეუძლებელი აღმოჩნდა, თუმცა მიმოწერის შედეგად გაირკვა, რომ 2013 წლიდან შრომის კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა – ზეპირი ხელშეკრულება და გამოსაცდელი ვადის ექვს თვეზე მეტი ხნით დაწესება აიკრძალა.

„სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, დამსაქმებლებს შრომის უფლებებთან მიმართებაში კარტ-ბლანში მისცეს – პროფკავშირების როლი სარიტუალო მსვლელობების მოწყობითა და იშვიათი საგზურების განაწილებით შემოიფარგლებოდა, სამსახურიდან გათავისუფლება უფრო იოლი გახდა, სოციალური გადასახადი გაუქმდა – ეს მართლაც ნეოლიბერალური პოლიტიკა იყო”, – თქვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა იოსებ არჩვაძემ.

ურთიერთდახმარება

„აქ დიდი ხანია მიხვდნენ, რომ სახელმწიფოს იმედი არ უნდა ჰქონოდათ და ნათესავებისა და ნაცნობების ფართო ქსელზე დაფუძნებული საკუთარი სოციალური კაპიტალის განვითარებაზე უნდა ეზრუნა… ქვეყანაში უპირატესობა საოჯახო ურთიერთობებს ენიჭება. ამიტომ პენსიონერთა უმეტესობა თავის ოჯახებთან ერთად ცხოვრობს. მათი პენსია თვეში საშუალოდ 100 ლარს შეადგენს. გამოკითხვის თანახმად, პენსიონერები ოჯახის ბიუჯეტში შეტანილ ფულზე ორჯერ მეტს ხარჯავენ”, – ამბობს არჩვაძე.

ქართველები ამბობენ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს დიდი სოციალური ხარჯების გაღება არ შეუძლია. ქვეყანაში ძალიან დაბალი საგადასახადო ტვირთია, რომელიც ყატარსა და ჰონგ-კონგს შეიძლება შევადაროთ. სწორედ ამიტომ, ადამიანები თავისი ახლობლების კეთილდღეობაზე ზრუნვას თავად ცდილობენ.

ნოდარ კაპანაძე თვლის, რომ პროფესიული კავშირები ქართველებისთვის მთავარი არ არის. პრიორიტეტია ოჯახი და მეგობრები. ის ამბობს, რომ ამ იერარქიამ 1990-იან წლებში ადამიანები შიმშილით სიკვდილისგან იხსნა, თუმცა შეცვლილ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში, ეს ჩვევები სახელმწიფოს წინასვლას ხელს უშლის”.

„ბიზნესის განვითარების შემთხვევაში, ადამიანები პირველ რიგში ოჯახის წევრებისა და მეგობრების დასაქმებას გეგმავენ. უცხოებს ისინი ეჭვის თვალით უყურებენ. ისინი კვალიფიციური სპეციალისტების ნაკლებობაზე წუწუნებენ, ამ წრის მიღმა გახედვა კი არ სურთ. აღსანიშნავია, რომ კვალიფიციური კადრების დეფიციტი მართლაც არსებობს, განსაკუთრებით მათი, ვინც კვალიფიკაცია 90-იან წლებში დაკარგა. საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ, პროფესიონალებმა სამსახურები დატოვეს და ბაზარში ბოსტნეულის გაყიდვა დაიწყეს. 20 წლის განმავლობაში მათ უნარ-ჩვევებიც დაკარგეს”, – ამბობს კაპანაძე.

ტვინების გადინება

რუსთაველის გამზირზე ვიტრინების უმეტესობა დამტვერილია. მათზე სხვადასხვა განცხადებებთან ერთად, უძრავი ქონების გაყიდვის შესახებაც დაინახავთ მიკრულ ფურცელ. იქვე ქუჩის მოვაჭრეები ეკლესიის სანთლებს, მზესუმზირასა და სხვადასხვა წვრილმანს ყიდან. ყოველ 50 მეტრში მათხოვარი დგას.

„ოფიციალური მონაცემებით, უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 30% – ახალგაზრდებს შორისაა. ახალგაზრდებს კვალიფიკაცია არა აქვთ და გამოცდილების უქონლობის პირობებშიც კი, ისინი დაბალანაზღაურებად და არაპრესტიჟულ სამუშაოზე არ თანხმდებიან… უფროს თაობაში უმუშევრობა უფრო დაბალია. მათ სამსახური უკვე იშოვეს და ახლა შეცვლას არ გეგმავენ. ეს პენსიაზე გასვლის წინ, მათი ბოლო გაჩერებაა”, – ამტკიცებს კაპანაძე.

საბჭოთა ეკონომიკურ სისტემაში საქართველო ეგზოტიკური ხილის მთავარი მიმწოდებელი იყო. „1991 წელს მოთხოვნისა და მიწოდების ერთიანი ბაზრის ტექტონიკური ძვრები დაიწყო: ჩვენ რუსული ბაზრის გარეშე დავრჩით, რომელზეც ქართველები მთელი ამ წლების განმავლობაში ვიყავით ორიენტირებულები. [ეგზოტიკური ხილის] ბაზარზე თურქეთი და საბერძნეთი დაფუძნდენ, ქართული პროდუქტების საჭიროება მინიმუმამდე არის დაყვანილი. მაგალითად, 1980-იან წლებში საქართველო წელიწადში 125-130 ტ. ჩაის აწარმეობდა, ახლა წარმოება 10-12 ათასამდე შემცირდა. შესაბამისად, თითქმის ყველა, ვინც ამ ბიზნესში მუშაობდა, სამსახურის გარეშე დარჩა”, – ყვება პროფესორი არჩვაძე.

ნოდარ კაპანაძე ამბობს, რომ ამ ფაქტორებმა ტვინებისა და სამუშაო ხელების გადინება გამოიწვია. რუსეთში 800 ათასიდან 1 მილიონამდე ქართველია. ბევრია წასული გერმანიაში, საბერძნეთსა და აშშ-შიც. ამ ქვეყნებიდან ფულადი გადმორიცხვები წელიწადში 1,5 მლრდ. დოლარს შეადგენს.

სეზონური სამუშაოები

ბათუმი საკურორტო ქალაქი მას შემდეგ გახდა, რაც თბილისმა აფხაზეთზე კონტროლი დაკარგა. სააკაშვილის მმართველობის პერიოდში აქ ახალი ბულვარი, ცათამბჯენები და სასტუმროები გახსნეს. ზამთარში ქალაქი პრაქტიკულად კვდება.

„სეზონური დასაქმების პრაქტიკა ქვეყნის ყველა ტურისტულ რეგიონში არსებობს, იქნება ეს ბათუმი, თუშეთი, ბორჯომი თუ ბაკურიანი. ესაა როგორც ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა, ისე მისი მომსახურეობა – ოფიციანტები, დამლაგებლები, გამყიდველები… ეს შრომის სტაბილური ბაზარი არ არის. ბევრი რამე ტურისტების რაოდენობასა და ამინდზეა დამოკიდებული. დასაქმება მხოლოდ რამდენიმე თვეს გრძელდება – სეზონი უკვე სექტემბერში მთავრდება. სეზონის განმავლობაში 5 000 ლარის გამომუშავება შეიძლება, რომელიც მომავალი წლის მაისამდე არც გეყოფა”, – ამბობს ნოდარ კაპანაძე.

ცვლილებების წინააღმდეგობები

რატომ არ გაჩნდა საქართველოში ძლიერი პროფკავშირები და რატომ არ ითხოვენ დასაქმებულები ცვლილებებს. „სააკაშვილის დროს სოციალური მოთხოვნები და ნებისმიერი სოციალური პროტესტი მემარცხენეობად აღიქმებოდა და საბჭოთა კავშირთან ასოცირდებოდა. მაშინ კი ქვეყნის დესოვეტიზაციის პროცესი სწრაფად მიმდინარეობდა,” – აცხადებსს კაპანაძე.

ექსპერტის მტკიცებით, არსებული პროფკავშირები არაფერს აკეთებენ, მასწავლებელთა პროფკავშირების საქმიანობა კი მათ სამუშაო პირობებზე არ აისახება. კვალიფიციური მუშები, რომლებიც საკუთარ თავს ერთიან კლასად აღიქვამენ, მხოლოდ ზესტაფონსა და რუსთავში არიან. ზესტაფონში 2012 წელს მუშები უფლებების დაცვას შეეცადნენ. შედეგად ისინი უკრაინელებით ჩაანაცვლეს.

პროფკავშირების საერთაშორისო ფედერაციის მონაცემებით, საქართველოში წელიწადში სამუშაო მოვალეობების შესრულებისას 40 ადამიანი იღუპება, 70 კი საწარმოო ტრავმებს იღებს. მათი 30% ქიმიური და მეტალურგიული წარმოების სფეროებში მუშაობს.

„სოციალური პროტესტი არ იქნება – აქ მენტალური ფაქტორი მუშაობს. ქართველებს ამაზე ლაპარაკი რცხვენიათ… ერევნის „ელექტრომაიდნის” გამეორება შეუძლებელია. აქ სხვაგვარად ფიქრობენ – ელექტროენერგიის გაძვირების შემთხვევაში პირველ რიგში ხალხი ფულის შოვნას გადაწყვეტს… ხალხისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ერთმანეთის დახმარებაა, სახელმწიფო კი, ჩვეულებრივი ადამიანებისგან ძალიან შორსაა. აქ საკმაოდ პოლულარულია თომას ჯეფერსონის ერთი ფრაზა – „ის სახელმწიფოა უკეთესი, რომელიც ყველაზე ნაკლებად მართავს”, – ამბობს პროფესორი არჩვაძე.

სტატია „opendemocracy”-ს ვებგვერდზე დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა დიმიტრი ოკრესტმა გამოქვეყნა.

politcommersant.ge