17/05/2024
Latest:
ეკონომიკა

გაზი საქართველოს გარდა ყველგან იაფდება

საქართველოში გაზის გაძვირება დღის წესრიგიდან უნდა მოიხსნას და ამ საკითხით სპეკულაცია უნდა შეწყდეს. ნავთობის გაიაფების კვალდაკვალ გაზის საერთაშორისო ფასიც დიდი სისწრაფით თავქვე მიექანება. 2016 წლიდან რუსული გაზის ღირებულება 164 დოლარამდე ჩამოვა. სპეციალისტების აზრით, საქართველომ აზერბაიჯანთან დადებულ კონტრაქტს უნდა გადახედოს და მსოფლიო ფასების გაიაფების პროპორციულად ე.წ. “სოციალური გაზის” ღირებულებაც კი უნდა შემცირდეს.

გაზგამანაწილებელმა კომპანიებმა “ყაზტრანსგაზმა” და “სოკარმა” ლარის გაუფასურების მოტივით ბუნებრივი აირის გაძვირება რამდენჯერმე დააპირეს, თუმცა ენერგეტიკის მინისტრთან შეხვედრების შემდეგ ამ საკითხის გადადებასაც დაეთახმნენ. სპეციალისტების გათვლით, საერთაშორისო ბაზარზე ბუნებრივი აირი ისე იაფდება, რომ 35%-ით გაუფასურებული ლარის კომპენსირებასაც კი ახდენს. შესაბამისად, გაზის გაძვირების საფუძველი საქართველოშიც არ არსებობს.

“ბუნებრივია, გაზის ფასი ნავთობის ფასზეა მიბმული. მართალია, მისი ფასი ყოველდღიურად ბირჟებზე არ დგინდება, მაგრამ ნავთობის მნიშვნელოვნად გაიაფების ტენდენციის პარალელურად ბუნებრივი აირის ღირებულებაც იკლებს. აქედან გამომდინარე, აზერბაიჯანთან, ბუნებრივი აირის ფასის საკონტრაქტო გადაანგარიშებაც კი უნდა მოხდეს. მოგეხსენებათ, რომ ამ ქვეყნიდან შეღავათიან ფასში ვყიდულობდით გაზს, მაგრამ დღევანდელ რეალობას თუ გადავხედავთ, კონტრაქტში გაწერილი ფასი უკვე ნაკლებად შეღავათიანია. ამიტომაც, ამ ყველაფრის გადაანგარიშება ალბათ იმ დოზით მოხდება, რომ ლარის დევალვაციის კომპენსირება მოხერხდეს. შეიძლება ეს ტენდენციებია მიზეზი იმისა, რომ საქართველოში დღემდე გაზი არ გაძვირებულა”, – ამბობს ექსპერტი გია ხუხაშვილი.

არადა, მთავრობაში ამტკიცებენ, რომ ბუნებრივი აირის გაძვირების გამოისობით სახელმწიფო ლარის დევალვაციით გაზრდილი საფასურის სუბსიდირებას ახდენს.

გაზგამანაწილებელმა კომპანიებმა, ჯერ კიდევ თებერვლის ბოლოს შეატყობინეს მომხმარებელს, რომ 1-ლი მარტიდან გაზის ტარიფი 15 თეთრით გაიზრდებოდა, ანუ 1000 კბ/მ გაზი 750 ლარიდან 900 ლარამდე გაძვირდებოდა.

პარალელურად, იურიდიულმა პირებმა პროდუქტებზე ფასის ზრდა დააანონსეს, რასაც საზოგადოების მწვავე რეაქცია მოჰყვა. ამიტომ მთავრობა იძულებული გახდა, გაზგამანაწილებელი კომპანიებთან მოლაპარაკება გაემართა და ტარიფის უცვლელად დატოვებაზე დაეყოლიებინა. პირველ ეტაპზე, კომპანიებმა ტარიფის გაძვირების მოთხოვნა უკან წაიღეს.

გაზაფხულზე ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ 2015 წლის 1-ელ მაისამდე კომერციული ტარიფის შესანარჩუნებლად ბიუჯეტიდან 15 მილიონი ლარი გამოიყო.

“ეს ხდება სუბსიდირების ხარჯზე. მთავრობამ უნდა იმსჯელოს მომავალში, გაგრძელდება თუ არა ეს პროცესი. 15 მილიონი ლარით რომ არ მომხდაროყო სუბსიდირება, ყველა ლიცენზიანტი კომპანია გადიოდა ზარალზე. ჩვენ ხომ არ გვინდა ენერგეტიკის დანგრევა. წინ ვიხედებით და მომავალს ვუყურებთ”, – აღნიშნა მაშინ კალაძემ.

მოგვიანებით ისევ დადასტურდა, რომ სახელმწიფო გაზის გაზრდილი საფასურის სუბსიდირებას აგრძელებს. ეს ხდება მაშინ, როდესაც ევროპისთვისაც კი გაზის ფასი თითქმის 30%-ით შემცირდება.

მთავრობის 436-ე განკარგულებაში აღნიშნულია: “უცხოური ვალუტის მიმართ ლარის გაცვლითი კურსის ცვლილების შედეგად, საყოფაცხოვრებო მომხმარებელთათვის ბუნებრივი გაზის მიწოდების ფასის ზრდის თავიდან აცილების, კერძოდ, მისი ნაწილობრივ კომპენსირების მიზნით, სს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ” ბუნებრივი გაზის მიწოდების არსებული ხელშეკრულებების ფარგლებში, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის მიწოდების მიზნით, ბუნებრივი გაზის მიწოდება 2015 წლის პირველი მარტიდან 2016 წლის პირველ მარტამდე პერიოდში 121,2 აშშ დოლარის ნაცვლად, განახორციელოს 115,5 აშშ დოლარად, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, გადახდის დღეს არსებული გაცვლითი კურსის შესაბამისად”.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, რუსეთში 2016 წლიდან გაზის გაიაფებაზე განცხადებები უკვე გაკეთდა. რუსული “კომერსანტის” ცნობით, 2016-18 წლებში “გაზპრომის” ბუნებრივი აირის საექსპორტო ფასი 1000 კბ/მ-ზე 162-194 დოლარამდე შემცირდება. ეს “ურალსის” მარკის ნავთობის დაბალ ფასს უკავშირდება. ამ ტიპის ნავთობის ფასი მომდევნო 3 წლის განმავლობაში 1 ბარელზე, სავარაუდოდ, 60 დოლარს არ გასცდება.

რუსეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ძირითადი პარამეტრების შესახებ დოკუმენტის მიხედვით, 2016 წელს რუსული ბუნებრივი აირის ფასი რეკორდულად დაბალი იქნება და 1000 კბ/მ 164 აშშ დოლარი ეღირება, 2017 წელს – 184 აშშ დოლარი, ხოლო 2018 წელს – 194 აშშ დოლარი.

არადა, 2014 წელს ბუნებრივი აირის საექსპორტო ფასი 351 დოლარი იყო, 2015 წელს – 237 დოლარი. სამინისტროს პროგნოზით, ბუნებრივი აირის ექსპორტის მოცულობა 2018 წლისთვის, 170,2 მლრდ-დან 184 მლრდ კბ/მ-მდე გაიზრდება.

პარალელურად რუსეთისა და სომხეთის პრეზიდენტებს შორის შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც 2016 წლის 1-ლი იანვრიდან რუსეთი სომხეთს 1000 კბ/მ ბუნებრივ აირს 25 დოლარით ნაკლებად, 165 დოლარად მიაწვდის.

საქართველოში გაზის წლიური მოხმარება 1,8-2 მლრდ კუბურ მეტრ შეადგენს და ქვეყანაში იგი ოთხი სხვადასხვა წყაროდან შემოდის. მათ შორის ორი წყარო “შაჰ დენიზს” უკავშირდება და ის ლიმიტირებულია – დაახლოებით, 250 მლნ კბ/მ გაზი არის 55-დოლარიანი, 500 მლნ კბ/მ – 64-დოლარიანი. იმავდროულად ქვეყანა იღებს გაზს რუსეთ-სომხეთის ტრანზიტის 10%-ს – 150 მლნ კბ/მ გაზი (ფასი – 110 დოლარი).

დარჩენილ 900 მლნ კბ/მ შემოდის აზერბაიჯანიდან, ორი სხვადასხვა კონტრაქტით. პირველი არის ე.წ. სოციალური გაზი, რომლის მოცულობა დაახლოებით 500 მლნ კბ/მ და მისი ფასი 189 დოლარს შეადგენს, დარჩენილ 400 მლნ კბ/მ აირს კომერციული ფასი ადევს – 240 დოლარი.

წყარო: გაზეთი რეზონანსი